სიახლეები

ბათუმში ჰაერი მტვრითაა დაბინძურებული

02.11.2015
ბათუმში ჰაერი მტვრითაა დაბინძურებული
ჰაერის ძირითადი დამაბინძურებლები მტვერი, აზოტის დიოქსიდი, გოგირდის დიოქსიდი და ნახშირჟანგია. ბათუმში ჰაერის ხარისხი ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებული საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰაერის ხარისხის სადამკვირვებლო პუნქტში იზომება. „ბათუმში ხუთ ელემენტს ვსაზღვრავთ მტვერს, აზოტის დიოქსიდს, გოგირდის დიოქსიდს, ნახშირჟანგსა და რკინას“, – ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამარ მაღლაკელიძე. მისი თქმით, სააგენტო ჰაერის ხარისხს ხუთ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზესტაფონსა და რუსთავში ამოწმებს.

„ბათუმში მხოლოდ ერთი საგუშაგოა, სადაც დღეში სამჯერ აკვირდებიან ჰაერის ხარისხს. ყველა ქალაქში ყველაზე პრობლემატური მტვერია, რომელიც მაგალითად ბათუმში, აგვისტოს თვის მონაცემით [სექტემბრის მონაცემები ამჟამად მუშავდება] 1,6-ჯერ აღემატება ნორმას. ზოგიერთ დღეებში კი აღინიშნება ნახშირჟანგის მომატება. მაგალითად, აგვისტოში ნახშირჟანგი 1,2-ჯერ აღემატებოდა ნორმას. ამავე პერიოდში ზღვარს არ ასცდენია გოგირდის დიოქსიდი და ტყვია, თითქმის არ დარღვეულა აზოტის დიოქსიდის ნორმაც.

დღეის მდგომარეობით ქალაქის დამაბინძურებელი მაინც ძირითადად მტვერია, და ასეა საქართველოს ყველა ქალაქში“, – ამბობს მაღლაკელიძე.

რა ხდება ჰაერში მტვრის შემცველობის გაზრდის მიზეზი და როგორ შეიძლება ამ მდგომარეობის გამოსწორება? „მშენებლობებზე არ იყენებენ მტვრისაგან დამცავ ბადეებს, არ ირწყვება ქალაქი“  ასახელებს მიზეზებს თამარ მაღლაკელიძე და დასძენს: „დიდი მნიშვნელობა აქვს ავტოტრანსპორტს, რომლითაც გამოიყოფა ნახშირჟანგი. გამართული ავტოტრანსპორტი და დაცული მშენებლობები – ეს მაინც იქნება უპირობოდ ხარისხის გაუმჯობესების ფაქტორი“.

ჯიხურს სპეციალური მრგვალი ფანჯარა აქვს, რომელსაც იყენებენ ჰაერში მტვერის ხარისხის გასაზომად. დალუქულ ფანჯარას ხსნიან ამ მილის საშუალებით სპეციალურ მოწყობილობაში შედის ჰაერი, რითაც ჰაერში მტვერის შემცველობას ზომავენ

ბათუმში ჰაერის ხარისხზე მონიტორინგს აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს გარემოს ინტეგრირებული მართვის განყოფილება ახორციელებს. ამ განყოფილების უფროსი ნუგზარ პაპუნიძე ამბობს, რომ ჰაერი არ არის დაბინძურებული. „ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კერები მინიმალურად შემცირებულია, რადგან საწარმოები ბუნებრივი აირის მოხმარებაზე გადავიდნენ“. ჰაერის ხარისხზე მას „ბათუმელები“ ივლისშიც ესაუბრა. მაშინ განყოფილებას არ ჰქონდა ახალი მონაცემები. ამჯერად კი ბოლო ჩატარებულ მონიტორინგზე გვესაუბრა:

განსაკუთრებულ კონტროლზე გვყავს აყვანილი ბარცხანა, თამარის დასახლება და ხელვაჩაურის სამრეწველო ზონა, სადაც თავმოყრილია ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი ზონა.

ივლისში 18 ადგილას 18 სინჯი გავაკეთეთ. აღმოჩნდა სამი გადაცდომა. დაფიქსირდა გოგირდწყალბადის მცირე მომატება. ერთადერთი პრობლემა ჩვენთან არის ტრანსპორტის გამონაბოლქვი, მაგრამ ეს მთლიანად ქვეყნის პრობლემაა“, – აღნიშნავს ის და გამოსავალს ასე ხედავს: „ჰაერის ხარისხის დასაცავად სახელმწიფომ უნდა იზრუნოს საწვავის ხარისხზე. გარდა ამისა ქალაქში არ უნდა მოძრაობდეს დიზელზე მომუშავე ამდენი მძიმეწონიანი ავტომანქანა. კარგი ღონისძიება იქნება ჰაერის ხარისხის კონტროლისთვის ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების შემოღება, რომელიც წელს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ 2017 წლისთვის გადაიდო“.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე არ არის განთავსებული 2014-2015 წლის მონაცემები. 2013 წლის მონაცემით კი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ყველაზე დიდი წილი – 34% იმერეთზე მოდის, მას მოჰყვება, ქვემო ქართლი – 28%, შიდა ქართლი – 11% და დანარჩენი რეგიონები – 6%. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაში აჭარას, ქვეყნის მასშტაბით, 5% აქვს, ამავე სტატისტიკით ჰაერში აღმოჩენილი მავნე ნივთიერებების წილი ასე ნაწილდება: ნახშირჟანგი  52%, აზოტის ჟანგი 16%, ნახშირწყალბადი 13%, გოგირდოვანი ანჰიდრიდი – 5% ხოლო დანარჩენი  14%.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: