მთავარი,სიახლეები

დარღვევები აჭარაში, რასაც საია ასაჩივრებს

22.10.2017
დარღვევები აჭარაში, რასაც საია ასაჩივრებს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ბათუმის საოლქო კომისიას 6, ხოლო ქობულეთის კომისიას 4 საჩივრით მიმართა. შედეგების ბათილად ცნობას ეს ორგანიზაცია მხოლოდ ბათუმის 102-ე უბანზე ითხოვს.

„გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრებს,  102-ე უბანში, გადაეცათ  3 სახის 15 ცალი ბიულეტენი. მას შემდეგ, რაც დასრულდა გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემა და ყუთი დაბრუნდა უბნის ტერიტორიაზე, დადგინდა, რომ არსებობდა სხვაობა კომისიის წევრებისთვის გადაცემულ და უკან დაბრუნებულ ბიულეტენებს შორის. კერძოდ, შვიდ-შვიდი ცალი  დაბრუნდა პროპორციული და მაჟორიტარული წესით  ასარჩევი  სუბიექტებისთვის განკუთვნილი  ბიულეტენები, ხოლო,  6 ცალი აღმოჩნდა იმ ტიპის ბიულეტენი რომელიც  განკუთვნილი იყო თვითმმართველი ქალაქის ან თვითმმართველი თემის მერის ასარჩევად. ამავე უბანზე არ არის ბალანსი ამომრჩეველთა ხელმოწერის ოდენობებსა და საარჩევნო ყუთში არსებულ ბიულეტენებს შორის. კერძოდ, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა  წარმოადგენდა 289-ს, ხოლო ბიულეტენების ოდენობა – 290-ს,“ – ამბობს საიას იურისტი, პაატა დიასამიძე.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ კიდევ ერთი საჩივარი  49-ე საარჩევნო უბანში ხმების დათვლის პროცედურებს ეხება. ორგანიზაციის მონაცემებით, გამოუყენებელ და გაფუჭებულ ბიულეტენებს გვერდი ჩამოაჭრა არა კომისიის წევრებმა, არამედ „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელმა და „თავისუფალი ზონის“ დამკვირვებელმა.

საიას საჩივრების მიხედვით, ბათუმის 22-ე უბანზე კენჭისყრის შედეგების შეჯამებისას დადგინდა, რომ არსებობდა სხვაობა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერებსა და ბიულეტენებს შორის. 29-ე საუბნო საარჩევნო კომისიაში კი ადგილი ჰქონდა შემდეგი ტიპის დარღვევას: რეგისტრატორის მიერ დაინომრა ბიულეტენები, რაც საიას დამკვირვებელმა გაასაჩივრა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, საჩივარს რეგირება არ მოჰყოლია. შემდგომში, კომისიამ ეს ბიულეტენები არ მიიჩნია ბათილ ბიულეტენად რაც, თავის მხრივ, ასევე, წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას. ამ უბანზე საჩივარი აქვს დაწერილი „სამართლიან არჩევნებსაც“.

ქობულეთის საოლქო კომისიას საიამ 4 საჩივრით მიმართა. ორგანიზაციის მონაცემებით, ქობულეთის მე-16 უბანზე საიას დამკვირვებელს არ უშვებდნენ უბნის ტერიტორიაზე. ამავე უბანზე საკონტროლო ფურცელი ყუთში ჩავარდა მას შემდეგ, რაც  პირველმა ამომრჩეველმა მისცა ხმა. ორივე დარღვევა საწყის ეტაპზე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან გაასაჩივრა საიას დამკვირვებელმა. 59-ე უბანზე ადგილი ჰქონდა აგიტაცია-პროპაგანდის ფაქტს, 36-ე უბანზე კი, კომისიის წევრებმა შეცდომა დაუშვეს საკონტროლო ფურცლის შევსებისას, კერძოდ, საკონტროლო ფურცელზე არ იყო მითითებული მისი ყუთში მოთავსების დრო.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აჭარის მუნიციპალიტეტებიდან არჩევნებს აკვირდებოდა ხელვაჩაურშიც, თუმცა აქ ორგანიზაციას საჩივარი არ დაუწერია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: