მთავარი,სიახლეები

ყოფილი პატიმარი – ნასამართლობა არ არის დამღა

06.10.2017 • 4138
ყოფილი პატიმარი – ნასამართლობა არ არის დამღა

ნანა ფარჩუკაშვილი 2016 წლის ივნისში გაათავისუფლეს საპატიმო დაწესებულებიდან. შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ ამნისტია შეეხო – ოთხი წელი და რვა თვე იხდიდა სასჯელს რუსთავის ქალთა მეხუთე დაწესებულებაში. ნანა 40 წლისაა, მეუღლე და სამი შვილი ჰყავს, როცა დააკავეს უფროსი ვაჟი 10 წლის, შუათანა წლის და რვა თვის, უმცროსი კი 27 დღის იყო.

ჟურნალისტისა და იურისტის განათლება აქვს, გაზეთ ,,სამართლის’’ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი იყო 2003 წლამდე, მერე გამოცემა დაიხურა და ჟურნალისტიკიდან იურისპოდენციაში გადაინაცვლა. თავიდან არბიტრ-მოსამართლედ მუშაობდა, ახლა კი საადვოკატო მომსახურებას ეწევა.

,,პატიმრობის წლებში ჩემს შვილებს დედობა ჩემმა დამ გაუწია. ძალიან გვეხმარებოდნენ სოციალური სამსახურის თანამშრომლები, მათი წყალობით ჩემი პატარები უზრუნველყოფილები იყვნენ ელემენტარული საჭიროებებით. ბავშვების ჯანმრთელობა, კვება, ოჯახის ეკონომიური მდგომარეობა – მათი კონტროლის ქვეშ იყო,  უამრავი პროგრამით ისარგებლეს ჩემმა შვილებმა და არაერთი შემწეობა მიიღეს, ამის დავიწყება არ შეიძლება. ყოველთვის მადლიერების გრძნობა მექნება სოციალური სამსახურის მიმართ“, – გვეუბნება ნანა.

საკუთარ თავსა და საპატიმროს რთულ წლებზე მრავალშვილიანი დედის ან  დაღდასმული ყოფილი პატიმრის პოზიციიდან არ საუბრობს. ინტერვიუს დასაწყისშივე იგრძნობა, რომ ძლიერი ქალია.

საპატიმროში გატარებული წლები, ცხოვრებისეული სირთულეები, მისთვის გამოცდილება იყო, რომელიც დეპრესიის გარეშე მიიღო და სიფხიზლე წუთითაც არ დაუკარგავს, არ მოდუნებულა:

,,პატიმრობის წლებს რაც ეხება, ადამიანურად ეს იყო ძალიან რთული პერიოდი, მაგრამ მეორეს მხრივ თუ უსამართლოდ მოხვდი საპატიმროში, იღვიძებს ინსტინქტი, რომ ებრძოლო უსამართლობას და ამ ბრძოლაში დეპრესიის დრო ნამდვილად არ გრჩება“.

რუსთავის ქალთა დაწესებულების ამბებს იხსენებს, სადაც პატიმრებს ჰიგიენური საშუალებები: საპონი, შამპუნი, კბილის ჯაგრისი და ტუალეტის ქაღალდიც კი არ ჰქონდათ.

„წარმოიდგინეთ, 1500 ქალი პატიმრიდან მხოლოდ ორასს რომ უგზავნიდეს ოჯახი ჰიგიენურ საშუალებებს. დანარჩენები სხვა მსჯავრდებულების მოწყალებაზე იყვნენ დამოკიდებულები. ძალიან რთული იყო ყურება, როგორ იდგნენ რიგში პატიმრები და საშხაპიდან გამოსულებს ელოდნენ, ცოტა შამპუნის სათხოვნელად“.

ასეთმა ამბებმა  აიძულა გამოეკვლია რისი უფლებები ჰქონდათ მსჯავრდებულებს და რა ვალდებულებები ჰქონდა მათ მიმართ პენიტენციურ სისტემას. პატიმრობაშივე წერილობით დაიწყო მოთხოვნა, რომ აღსრულებულიყო კანონი პატიმრების შესახებ და ასევე მინისტრის დადგენილება, რომლის მიხედვითაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტს მსჯავრდებულთა ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფა ევალებოდა.

მოითხოვდა, რომ პატიმრებისთვის მეტი ინფორმაცია მიეწოდებინათ მათი უფლებების შესახებ, რადგან კედლებზე გამოკრული იყო მხოლოდ მსჯავრდებულთა ვალდებულებები და არსად ახსენებდნენ უფლებებს.

აქტიური მოთხოვნების გამო ნანა დიდ წინააღმდეგობას წააწყდა, მის მიმართ აგრესიას გამოხატავდნენ, ემუქრებოდნენ, აფრთხილებდნენ, რომ გაჩუმებულიყო, თორემ ვერ ეღირსებოდა შეწყალებას. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის დიდი მხარდაჭერითა და ძალისხმევით, მიაღწია იმას, რომ 2014 წლიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტი იძულებული გახდა ქალთა დაწესებულებაში თითოეული მსჯავრდებულისთვის ყოველთვიურად გადაეცათ ჰიგიენური საშუალებები, რომელთა გარეშეც შეიძლება საფრთხეც კი დაემუქროს ადამიანის ჯანმრთელობას.

ნანამ პატიმრობაშივე შეიტანა სარჩელი სასამართლოში და მოითხოვა აენაზღაურებინათ ზარალი, რომელიც სამი წლის განმავლობაში ჰიგიენური საშუალებების შეძენით მიადგა.

„მიზღუდავდნენ ჰიგიენური საშუალებებით უფასოდ სარგებლობის უფლებას და სასამართლომ დააკმაყოფილა ჩემი მოთხოვნა. სიმბოლური თანხა გადმომცეს, სამი წლის ზარალი სრულად არ აუნაზღაურებიათ, მაგრამ მთავარია, რომ პენიტენციურ სისტემას შევახსენეთ, შეესრულებინა ვალდებულებები, რომელიც ჰქონდა და აქვს მსჯავრდებულთა მიმართ“, – ამბობს ნანა.

ყოფილი პატიმრის სტატუსის გამო გარშემომყოფებისგან უხერხულობა არასდროს უგრძვნია. მეგობრები, ახლობლები, კოლეგები და ყოფილი კლიენტები ყოველთვის ამხნევებდნენ, უდედოდ დარჩენილ ბავშვებს ხშირად ნახულობდნენ და გვერდით ედგნენ, მხარდაჭერა ნანას არწმუნებდა, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ მის მიმართ ნდობას არ დაკარგავდნენ. მსგავსმა დამოკიდებულებამ საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ ცხოვრების ჩვეულებრივად გაგრძელების ძალა და ხალისი დაუბრუნა.

როგორც თვითონ ამბობს, გონებრივი განვითარება ციხეშიც არ შეუწყვეტია. იქ მყოფი ადამიანების დიდი ნაწილის საქმეები ისევ სასამართლო ეტაპზე იყო, მთავრდებოდა პირველი ინსტანცია და მერე დაკავებულები ნახევრად ღია დაწესებულებებში გადაჰყავდათ, სადაც სხვა პატიმრებთან ურთიერთობა შეეძლოთ, შემდეგ აპელაციის და კასაციის დრო დგებოდა. ზემოთ ჩამოთვლილ ყოველ ეტაპზე ნანა შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა მეგობრებს: წერდა საჩივრებსა და შესაგებლებს, არ წყვეტდა კავშირს პროფესიასთან და ალბათ ამიტომაც არ გაუჭირდა გათავისუფლებიდან პირველივე დღეებში  ბრალდებულის ინტერესები დაეცვა სასამართლო დარბაზში, როგორც ადვოკატს:

„2016 წლის 3 ივნისს გამათავისუფლეს. ექვსში, ორშაბათს კი უკვე ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტს ვიცავდი სასამართლო დარბაზში. უცნაურია, რომ ამ პროცესზეც მოსამართლე ტარიელ ტაბატაძე იყო, მოსამართლე, რომლის განჩინებითაც დამაკავეს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ჟურნალისტის სადავო პროცესი მაშინ ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდა“.

ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციისა და დასაქმების პრობლემებზე როცა ეკითხები, ნანა პასუხობს, რომ ნასამართლობა დამღა არ არის და ამ შემთხვევაში საზოგადოებას ვერ დავადანაშაულებთ. მიაჩნია, რომ უმუშევრობა, ზოგადად, მთელი ქვეყნის პრობლემაა და არა მხოლოდ ყოფილი პატიმრების.

„ხშირად პრობლემაა ნებელობაც: თუ ადამიანს სურს რამე აკეთოს, ზუსტად იცის რა უნდა და ამისთვის შრომობს კიდეც, ალბათ, ყველაფერი გამოუვა. თვითონ უნდა შეძლო წარსულის გადაფასება, გააზრება, გაცნობიერება, რა გსურს და რა შეგიძლია. მხოლოდ ასე შეიძლება ახალი ნაბიჯების გადადგმა“.

ნანა ამბობს, რომ გარდა ყოფილი პატიმრების შინაგანი და ფიზიკური მზაობისა, უმნიშვნელოვანესია სახელწიფოს აქტიური და ქმედითი პროგრამებიც რესოციალიზაციის პროცესში:

„სახელმწიფო აუცილებლად უნდა ზრუნავდეს პატიმრების სოციალიზაციაზე. შეიძლება, მაგალითად, მოლაპარაკება სამშენებლო კომპანიებთან, რომლებიც ყოფილი პატიმრების დასაქმების სანაცვლოდ, დავუშვათ, გადაიხდიან სამი ან ოთხი პროცენტით ნაკლებ გადასახადს. უამრავი ყოფილი პატიმარი, რომელსაც ჯანმრთელობა ხელს უწყობს, სიხარულით დაიწყებდა მუშაობას“.

ნანა ფარჩუკაშვილი ღია რესპონდენტია, რომელიც არ მალავს სახელსა და გვარს, არ ეშინია წარსულსა და მომავალზე საუბრის. იცის, რომ თუ საკუთარ ისტორიას მოყვება, ამით ყოფილ პატიმრებსაც გაუადვილებს წარსულის გადაფასებისა და ახალი ცხოვრების დაწყების პროცესს.

ჯანსაღ გარემოს ალბათ ასეთი ადამიანები ქმნიან, – ვისაც შეუძლია თავისუფლად ყვებოდეს საკუთარი ცხოვრების როგორც სასიამოვნო, ასევე უსიამოვნო მომენტებზე. ვინც იცის, რომ პრობლემებმა დაღი არ უნდა დაგასვას და პირიქით:  ყოველი სირთულე, რომელსაც ცხოვრება გზად გახვედრებს, ახალ ცოდნად და გამოცდილებად უნდა მიიღო.


მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

20624645_1400550476702465_358404521_n

გადაბეჭდვის წესი


ასევე: