მთავარი,სიახლეები

ვინ განახორციელებს მონიტორინგს ქედა-ბათუმის გაზსადენის მშენებლობაზე

18.09.2017
ვინ განახორციელებს მონიტორინგს ქედა-ბათუმის გაზსადენის მშენებლობაზე

ბათუმი-ქედის მონაკვეთზე (ხიჭაურის დასახლებამდე) გაზსადენის მშენებლობაზე ტექნიკურ ზედამხედველობას კომპანია „ტრიჯიტი“ განახორციელებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტექნიკური ზედამხედველი ელექტრონული ტენდერით შეარჩია.

ზედამხედველის შესარჩევად ტენდერი სამინისტრომ 8 აგვისტოს  126 700 ლარზე გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა კომპანიამ: შპს  „ტრიჯიტმა“ სამინისტროს ზედამხედველობის გაწევას 124 700 ლარად შესთავაზა, ხოლო შპს „ოიკო ჯგუფმა“  – 126 700 ლარად.

ხელშეკრულება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შპს „ტრიჯიტთან“ 5 სექტემბერს გააფორმა. სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სახელშეკრულებო ვადა 2019 წლის 31 ივლისს იწურება. შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ გაზსადენის მშენებლობაზე მონიტორინგი უნდა განახორციელოს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტექნიკურ ზედამხედველს გაზსადენის მშენებლობის ყოველდღიური კონტროლი ევალება. მან უნდა შეამოწმოს და გააკონტროლოს გამოსაყენებელი მასალებისა და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ხარისხი, კონსტრუქციებისა და  მოწყობილობა-დანადგარების შესაბამისობა პროექტით მოთხოვნილ პარამეტრებთან.

ტექნიკურ ზედამხედველს ასევე მოეთხოვება განახორციელოს შესრულებული სამუშაოების შესაბამისობა საპროექტო დოკუმენტაციასთან,  უსაფრთხოების ნორმების მოთხოვნების მონიტორინგი და უზრუნველყოს სამუშაოების მიმდინარეობისას გარემოს დაცვა, მონიტორინგის ანგარიში კი  ყოველთვიურად სამინისტროს წარუდგინოს.

„ბათუმიდან ხიჭაურამდე გაზსადენის მშენებლობა ორ კვირაში დაიწყება. შემდეგი ეტაპი იქნება ხიჭაური – გოდერძის მიმართულებით. რა თქმა უნდა,  სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტებიც განხორციელდება. საუბარია ხულო-ზარზმის მიმართულებით გზის მშენებლობაზე,  რომელიც ერთ თვეში დაიწყება და მშენებლობაზე 100 მილიონამდე ლარი დაიხარჯება,“ – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ქედაში 14 სექტემბერს, მერობის კანდიდატის წარდგენისას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.