რეფინანსირების განაკვეთი ეროვნულმა ბანკმა უცვლელი დატოვა


საქართველოს ეროვნული ბანკის [სები] მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დარჩა და ის 7%-ია.

რეფინანსირების განაკვეთი პირდაპირ კავშირშია კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთთან. შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა ავტომატურად იწვევს იმ სესხების საპროცენტო განაკვეთის გაზრდასაც, რომლებიც ლარშია გაცემული და მიბმულია რეფინანსირებაზე.

ზოგადად, კომერციული ბანკები სების მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს ამატებენ მინიმუმ 2%-ს და ისე გასცემენ სესხებს ლარში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა დღეს, 26 ივლისს, ბათუმში გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, პრესკონფერენცია გამართა.

„2017 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირებული ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა შესაბამისობაშია არსებულ პროგნოზებთან, რომელთა მიხედვითაც მიწოდების მხრიდან მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების გავლენით, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება… ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა დროებითია. პროგნოზის მიხედვით მოსალოდნელია, რომ ინფლაციის მაჩვენებელი მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან შემცირებას დაიწყებს და მომავალი წლის დასაწყისში მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება…

სები მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხეთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“ – აღნიშნულია ბანკის განცხადებაში.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დღეს ბათუმში ბიზნესწრეების წარმომადგენლებს სასტუმრო „შერატონში“ შეხვდება. შეხვედრა დახურული იქნება. რაც შეეხება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგ სხდომას, ის 2017 წლის 6 სექტემბერს გაიმართება.

რეფინანსირება მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე ორჯერ გაიზარდა. იმ მოქალაქეების სესხები ლარში, რომლებმაც გალარების პროგრამით ისარგებლეს, მიბმულია რეფინანსირებაზე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, გალარების პროგრამა ნებაყოფლობითი იყო და მიუხედავად პროცენტული მაჩვენებლისა [სესხი, პროგრამის ბენეფიციართა მხოლოდ 20%-მა გაალარა – ავტ.] პროგრამა შედგა. „ამ პროგრამას მხოლოდ პროცენტული მაჩვენებლით ვერ შევაფასებთ,“ – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ამ თემაზე:

ვინ იხეირა გალარების პროგრამით

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პრესკომფერენცია ბათუმში / 26.07.2017

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პრესკონფერენცია ბათუმში / 26.07.2017

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com