სიახლეები

ახალი კორპუსები გამწვანების გარეშე

25.10.2014 • 3486
ახალი კორპუსები გამწვანების გარეშე

„ეს არ არის მწვანე შენობა, სამწუხაროდ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ სამშენებლო კომპანია  „თუზჯუოღლუ &ქესქინ“ -ის მენეჯერმა ჰალით თუზჯუოღლუმ. მისი კომპანია ბათუმში, კობალაძის, ტბელ აბუსერიძისა და აღმაშენებლის ქუჩის კვეთაში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს აშენებს. ჰალით თუზჯუოღლუს ვკითხეთ რამდენი პროცენტს შეადგენდა მშენებარე ბინის  გამწვანება საერთო ფართობში.

„ჩვენ საკმარისი ადგილი არ გვაქვს რომ გამწვანება გავაკეთოთ. თუმცა შევეცდებით და მაინც მოვახერხებთ მცირე გამწვანების გაკეთებას. ყველა მხრიდან შენობა აკრავს. ჩვენი ფართობი  4000 კვადრატული მეტრია და ჩვენ ვაშენებთ ზუსტად 4000 კვადრატულ მეტრს.  მთლიანად ვითვისებთ ამ ფართობს.

მთავარი პრობლემა ბათუმსა და თბილისში არის  ის, რომ როდესაც პიროვნება მოდის, ყიდულობს მიწას და უნდა იქ რამე გააკეთოს, თითქმის 50 % უნდა რომ იყოს შენობა. არ არის გამოყოფილი ადგილი, ნახევარი მაინც გამწვანებისთვის.  დიახ, გამწვანებას უნდა დაეთმოს ადგილი, მაგრამ თვითონ მერიამ, ბათუმის მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს ეს.

მაგალითისთვის თურქეთში ასე არ არის. იქ რომ გქონდეს 4000 კვმ ფართობი, მხოლოდ 1000 კვმ-ს თუ გამოიყენებ მშენებლობისთვის. დანარჩენი უნდა დაუთმო  გამწვანებას.

აქ რა ხდება? თქვენ არ უფრთხილდებით თქვენს ქალაქს, აშენებთ ძალიან მაღალ შენობებს, 22 სართულიან შენობებს. არ გაქვთ გამოყოფილი ადგილი პარკინგისთვის.  კანალიზაციის სისტემა არ არის გამართული ასეთი დიდი შენობებისთვის და მომავალში თქვენ გექნებათ ძალიან დიდი პრობლემა,“ – ამბობს  „ბათუმელებთან“ საუბარში „თუზჯუოღლუ &ქესქინ“ -ის მენეჯერი ჰალით თუზჯუოღლუ.

იანსარიძის ქუჩაზე აშენებს 18-სართულიან საცხოვრებელ სახლს სამშენებლო კომპანია „ახალი ბათუმი ჯგუფი“. როგორც კომპანიის დირექტორი რეზო ჭაღალიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, იმ სახლებს შორის, რომელიც კომპანიას აუშენებია, ინასარიძის ქუჩაზე მშენებარე სახლი ყველაზე „მწვანეა“.

„მიწა ჯამში არის 2100 კვადრატი, შენობას ვაშენებთ 850 მეტრზე. დანარჩენი იქნება ეზო. ამის გარდა ქვემოთ იქნება ავტოსადგომები 26 ავტომანქანისთვის. შენობა არის 18-სართულიანი – 200 ბინაა. ბათუმში ჩვენს მიერ აშენებულ სახლებში, ეგ კორპუსია რომელსაც ყველაზე დიდი ფართობის ეზო აქვს დატოვებული,“ – ამბობს რეზო ჭაღალიძე.

მისივე თქმით არ არის დადგენილი სტანდარტი თუ რა შეფარდებით უნდა იყოს გამწვანება.

„რეგულაციები მაგის შესახებ არ არსებობს, 30 % უნდა დაეტოვებინათ ადრე ეზო. ახლა მშენებელს არ ავალდებულებს კანონი რა ფართობი დატოვოს. მერიამ უნდა გადაწყვიტოს რა ფართობზე იქნება მშენებლობა და რა დაეთმობა გამწვანებას,“ – ამბობს „ახალი ბათუმი ჯგუფის“ ხელმძღვანელი რეზო ჭაღალიძე.

ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის ხელმძღვანელი თქმით, მოქმედი კანონმდებლობით მშენებელი ვალდებულია საერთო ფართობის 10 % დაუთმოს გამწვანებას. გამწვანებაში ითვლება მცირე კორდიც.

„ბათუმი დაყოფილია კონკრეტულ უფლებრივ ზონებად, რომელსაც თავისი განაშენიანობის ინტენსივობის და გამწვანების კოეფიციენტები არეგულირებს. თუ გამწვანების კოეფიციენტი არის საცხოვრებელ, საზოგადოებრივ ზონებში ამ შემთხვევაში გამწვანების  კოეფიციენტი არის 10 %. მარტივად რომ ვთქვათ თუ მიწა არის 100 კვადრატი, ასეთ ტერიტორიაზე მინიმუმ 10 % უნდა იყოს გამწვანების კოეფიციენტი. გამწვანებაში იგულისხმება არა ამარტო ხის ნარგავები, ეს ვალდებულება არ არის დამკვეთის,   აუცილებელია იყოს 10 % წყალგამტარი შრე,“ – ამბობს ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი ახალაძე.

ახლადაშენებულ კორპუსებში გამწვანების ოდენობა არ მოსწონს ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ხელმძღვანელს ეთერ მაჭუტაძეს.

„ხიმშიაშვილზე ამდენი სახლებია აშენებული და ჯერჯერობით ვერაფერს ვხედავ გამწვანების ზოლი რომ იყოს დარჩენილი. საერთოდ კომპანია რომ იღებს ტერიტორიას, იმან უნდა ჩადოს გამწვანებაც. მე მაქსიმალურად სადაც დამთავრებულია ვცდილობ უკვე შევიდე და მწვანე ნარგავები დავრგო. სადაც მშენებლობა მიდის იქ ვერაფერს ვერ დარგავ. მე როგორც მოქალაქე  ისეთ სახლში არ შევალ და არ ვიცხოვრებ სადაც გამწვანება არ იქნება. ბოლოსდაბოლოს ჟანგბადი ხომ უნდა ისუნთქო,“ – ამბობს ეთერ მაჭუტაძე.

გარდა იმისა რომ ახლადაშენებული კორპუსები პრაქტიკულად გამწვანების გარეშეა, კიდევ ერთი პრობლემა იჩენს თავს. თუ თქვენ იყიდით ბინას „ზღვის ხედით“, შესაძლოა რამდენიმე თვეში საცხოვრებლის წინ კორპუსი ამოაშენონ და თქვენ ბინა ზღვის ხედით, აღარ გექნებათ.

ირაკლი ახალაძე: „ახალი რეგულაციით განსაზღვრულია  საზოგადოებრივ სივრცესთან მიმართებაში შენობის განთავსება, ასევე  ეზოს და გვერდით მდგომ შენობებთან დამოკიდებულება. თავის საკადასტრო ტერიტორიაზე შეუძლია ადამიანს ააშენოს ისე რომ გვერდით, სხვა საკადასტრო ტერიტორიაზე მეზობელს არ ჰკითხოს. მიუხედავად იმისა რომ იმას შეიძლება ფანჯარა ჰქონდეს შენს მხარეს და შეიძლება რაღაც ისეთი განათება შედიოდეს. ეს არის მისი უფლება. კანონი ასე ანიჭებს უფლებას. როგორც იმას შეუძლია ამის დაუკითხავად აკეთოს რაღაცა მშენებლობა, აწარმოოს. ასევე ამას შეუძლია იმის გარეშე.  კედელი შეუძლია პირდაპირ საზღვარზე დასვას. მთავარია ზიანი არ მიაყენოს მეზობელი ნაკვეთის არსებულ ინფრასტრუქტურას. პასუხისმგებლობა ზიანის შემთხვევაში ეკისრება მთლიანად ახალი მშენებლობის დამკვეთს“.

არღვევენ თუ არა სამშენებლო კომპანიები კანონს, როდესაც მშენებლობისათვის გამოყოფილ ფართობს სრულად ითვისებენ, შედეგად კი ეზოსთვის და გამწვანებისთვის ადგილი არ რჩება. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს რომ თუკი მშენებელ კომპანიას მშენებლობის ნებართვა 2009 წლამდე აქვს მიღებული, მაშინ კანონი არ ირღვევა. რადგან 2009 წლამდე არ არსებობდა რეგულაციები.

„იყო შემთხვევები როცა ეზოები თითქმის შევსებული იყო. ახლა თუ არის 50- 70 % ზონების მიხედვით ცარიელი ტერიტორიის დატოვების ვარიანტი, მაშინ იყო თითქმის 100 %-იანი ათვისება ტერიტორიის. არ იყო შეზღუდვა. ზოგი მაინც ტოვებდა, თავის სურვილით. ასეთ მშენებლობებს ვერ შევეხებით,“ – ამბობს ირაკლი ახალაძე.

მისივე თქმით ამჟამად ისეთ სახლზე, რომელსაც ეზო არ ექნება ნებართვა არ გაიცემა.

ირაკლი ახალაძე: „განაშენიანების კოეფიციენტი შენობა-ნაგებობების რაოდენობას განსაზღვრავს კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე. მაგალითად თუ მშენებლობა არის ჭავჭავაძის ქუჩაზე, იქ შესაძლებელია მაქსიმუმ 60 % -ის ათვისება. დანარჩენი 40 % უნდა დარჩეს თავისუფალი. ამ 40 დან 10 % გამწვანებული უნდა იყოს“.

გადაბეჭდვის წესი