მთავარი,სიახლეები

პატიმარი ბათუმის ციხიდან: ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზნით, სიგარეტის მოწევა ამიკრძალეს

25.05.2017
პატიმარი ბათუმის ციხიდან: ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზნით, სიგარეტის მოწევა ამიკრძალეს

ბათუმის ციხიდან მსჯავრდებული ლეონიდე მ. „დეესკალაციის ოთახში“ უმიზეზოდ გადაყვანას აპროტესტებს. პატიმრის თქმით, მას ასევე დაუსაბუთებლად აუკრძალეს სიგარეტის მოწევა. ის მიიჩნევს, რომ აკრძალვა ციხის ადმინისტრაციამ ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზნით თვითნებურად დააწესა.

ლეონიდე მ. სამართლებრივ დასაბუთებას ითხოვს, რის გამო აუკრძალეს მას მოწევა. ციხიდან გამოგზავნილ წერილში პატიმარი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციისგან უკვე მიიღო წერილობითი პასუხი, მაგრამ იგი მისთვის დამაჯერებელი არ არის.

„წერილით მიპასუხეს, რომ დეესკალაციის ოთახში განთავსებულ მსჯავრდებულს, მისივე სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ასევე უსაფრთხოების ზომებდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არაა გადაეცეს სიგარეტი და ასანთი… დეესკალაციის ოთახში მე უკანონოდ მომათავსეს 4-ჯერ. ჯამში 19 დღე. მე იქ ვეწეოდი სიგარეტს და არასდროს არც სიცოცხლისთვის, არც ჯანმრთელობისთვის და არც სხვა მხრივ არაფერი ზიანი არ მიმიყენებია. მაინცადამაინც მეხუთედ რომ მომათავსეს დეესკალაციის ოთახში, მაშინ ვაყენებდი ზიანს ჩემს სიცოცხლეს,“ – წერს პატიმარი.

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ მიზანშეწონილი არაა დეესკალაციის ოთახში მოთავსებულ პირს სიგარეტი და ასანთი გადაეცეს, თუმცა შესაძლებელია დაიშვას გამონაკლისიც:

„დეესკალაციის ოთახში მოთავსებული პირის მიმართ განხორციელებული მეთვალყურეობისა და დაკვირვების შედეგად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლებელია დაიშვას გამონაკლისი და ბრალდებულს/მსჯავრდებულს ცალკეულ შემთხვევაში მიეცეს თამბაქოს მოხმარების საშუალება. ვინაიდან დეესკალაციის ოთახში მსჯავრდებული თავსდება იმისათვის, რომ დაცული იყოს მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, დეესკალაციის ოთახში მიყვანამდე დაწესებულება უზრუნველყოფს იმ ნივთების ჩამორთმევას, რომელმაც, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მსჯავრდებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას,“ – მოგვწერეს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროდან.

დეესკალაციის ოთახში პატიმარს იმ შემთხვევაში ათავსებენ, თუ იგი საფრთხეს უქმნის, ან შეიძლება საფრთხე შეუქმნას საკუთარ, ან სხვის სოცოხლეს და ჯანმრთელობას. ამ დროს პატიმარი 24 საათის განმავლობაში ვიზუალური მეთვალყურეობის პირობებში იმყოფება. დეესკალაციის ოთახში მსჯავრდებულის, ან ბრალდებულის მოთავსების მაქსიმალური ვადა 72 საათია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: