კვირას, 17 იანვარს, ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე „ვარდების სკვერში“ [ქალაქის მერიასთან] დაგეგმილია მორიგი აქცია – „არა ბულვარის დამახინჯებას“. აქციის შესახებ ინფორმაცია „ფეისბუქზე” ვრცელდება. აქციის ორგანიზატორთა ძირითადი მოთხოვნებია:
- „ბათუმის ძველ ბულვარში არსებული ხეივნებისა და ბილიკების შენარჩუნება; მათი სათანადოდ მოვლა, არსებული მწვანე საფარის და ნარგავების შენარჩუნება.
- კანონმდებლობით მკაცრად განისაზღვროს იმ ობიექტების ჩამონათვალი, რისი აგებაც შესაძლებელია ბათუმის ძველ ბულვარში. დაუშვებლად მიგვაჩნია ძველ ბულვარში კაპიტალური შენობება-ნაგებობების აგება;
- გადაიხედოს იმ შენობა-ნაგებობის საკითხი, რომლებიც ბოლო წლებში აიგო და შეცვალა ბათუმის ბულვარის იერსახე.
- ყველა გადაწყვეტილება იყოს საჯარო, კვლევებისა და გამოკითხვების საფუძველზე დაგეგმილი და დარგის სპეციალისტების მონაწილეობით, რომლებიც დოკუმენტურად დაასაბუთებენ გადაწყვეტილების აუცილებლობას.
- სასწრაფოდ შეჩერდეს ყველა იმ პროექტისა და სამუშაოების განხორციელება, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს ბათუმის ძველ ბულვარში და არ ემსახურება ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვასა და შენარჩუნებას“.
ბათუმის ძველ ბულვარში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს აწარმოებს პროექტით, რომელსაც მხარი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ დაუჭირა და რომლითაც ძველ ბულვარში სამი სავალი ბილიკიდან [ალეადან] ერთი უქმდება. მის ნაცვლად ბალახის კორდის მოწყობაა გათვალისწინებული, რასაც ბათუმის საზოგადოება აპროტესტებს.
![გაუქმებული ბილიკი [დამკვეთი - ბულვარის ადმინისტრაცია, ნებართვის გამცემი - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო]](https://batumelebi.netgazeti.ge/wp-content/uploads/2016/01/IMG13767-e1452942872829.jpg)
გაუქმებული ბილიკი [დამკვეთი – ბულვარის ადმინისტრაცია, ნებართვის გამცემი – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო]

ძველი ბულვარის შუა ალეა/ფეხით მოსიარულეთა ბილიკის ნაწილი, რომელიც ჯერ ხელშეუხებელია და რომელიც პროექტის მიხედვით უნდა გაუქმდეს