ცხოვრებაში მესამეჯერ მაქვს შანსი ჩემი რჩეული საპრეზიდენტო კანდიდატის სასარგებლოდ შევასრულო დემოკრატიის ყველაზე მნიშვნელოვანი „რიტუალი“. წინა ორ შემთხვევაში მხოლოდ ოპოზიური კანდიდატების სასარგებლოდ ვაკეთებდი არჩევანს და მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებაზე უსაზღვროდ შეყვარებული დრომოჭმული მესიები ჩამოცილებულიყვნენ თბილ სკამს. თუმცა ამჯერად, გამომდინარე იმ ძირითადი სამი კანდიდატიდან, რომელთაგან ერთ-ერთი მალე ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი გახდება, იმაზე უფრო ხშირად ვფიქრობ, რატომ უნდა მივცე ხმა კონკრეტულ კანდიდატს კი არა, ვინ იქნება გამარჯვებული.
რეიტინგით მესამე ქვეყანაში საკონსტიტუციო კრიზისს, ხელახლა გაჩერებულ ეკონომიკას, თუნდაც ქვეყანა დაიქცეს სამართლიანობის აღდგენას (თუ უნდა დავიქცეთ, ვიღასთვის აღადგენენ, ეგ ჯერჯერობით ვერ გავიგე) და მომავალ წელს ერთად ორ არჩევნებს გვპირდება.
დაგვრჩა ორი „მარგალიტი“: ყველა გამოკითხვით მეორე კანდიდატი უკვე კარგად ნაცნობი და ხალხში სიმპათია შემორჩენილი ე.წ. განახლებული ეროვნული მოძრაობის (თუ რაც დაირქვეს ზუსტად არ მახსოვს) ლიბერალური ფრთის ლიდერი და მეორე – გამოკითხვების ერთპიროვნული ლიდერი, უცნობი როგორც პოლიტიკოსი, მაგრამ პრემიერის „კაცი“.
ამიტომ ვცდილობ პრემიერს დავუჯერო, რომელმაც ხუთშაბათს პრესკონფერენციაზე გვითხრა, მართალია ჯერ არ შეგიძლიათ, მაგრამ ეცადეთ ანალიზის გაკეთება ისწავლოთ და არჩევანი ისე გააკეთეთო. ეს პირდაპირ თუ არა ირიბად მაინც ნიშნავს, მისივე აზრით, რომ თავისი კანდიდატი 60-ზე მეტი პროცენტით გაიმარჯვებს. ვთქვათ და ამდენი ვერ აიღო, მაგრად „გამიტყდება“ და ენთუზიაზმი შემიმცირდება ჩვენი ქვეყნისთვის რამე რომ გავაკეთოო. ვაითუ ღმერთი გაგიწყრათ და მეორე ტური დაგვემუქრა, ჩათვალეთ, ჩემი „ნასტალგია“ გექნებათ ძალიან მალე და ჩემს კანდიდატსაც ვთხოვ, რომ მონაწილეობა აღარ მიიღოსო, ანუ ის ჩათვლის, რომ არ გვეყო ტანჯვა, კიდევ გვაქვს ჭკუა სასწავლი, მეორე-მესამეს დაუთმობს ასპარეზს და გააგრძელებს შორიდან ტკბობას.
ამ დროს კი ყველაზე საინტერესო რაღაც შეიძლება გადათამაშდეს: დიდი ალბათობით და იმის გათვალისწინებით, რაც დათესა რეიტინგით მეორე ნომრის პარტიამ ახლო წარსულში, გაიმარჯვებს მესამე – ჩემი აზრით, ყველაზე ცუდი ვარიანტი და შეიძლება სავალალოც ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.
გავაგრძელებთ ისევ პრემიერის საყვარელ ანალიტიკას – რატომ შეიძლება ითვლებოდეს, მეორე ტურში გამარჯვება სირცხვილად? მან ხომ „ევროპული ტიპის პრეზიდენტობის კანდიდატი შემოგვთავაზა და მესიების ერას ამთავრებს?“ ევროპაში რამდენი პროცენტით იმარჯვებენ არ იცის, თუ ეს იმ დევიზის მსგავსია: „ჩოხებით და ყანწებით ევროპაში!“
იდეალური რომ არაფერი არ არსებობს და ისეთი მთავრობა გვყავს, როგორსაც ვიმსახურებთ, ვიცი. ახალდარგული ხე რომ მეორე წელს ტონობით ნაყოფს არ იძლევა, ისიც, ანალიზის უნარი და განათლება რომ გვაკლია, ესეც, მაგრამ მე ამ ერთი წლის განმავლობაში ვერ დავინახე იმის ცდა, რომ ვინმე ცდილობდა ამის გამოსწორებას, განსაკუთრებით რეგიონებში. ისევ ფეოდალებივით მაჟორიტარები გვყავს – ნათესავები მინისტრის მოადგილეებად თუ არა, სამსახურებისა და აპარატების უფროსებად, ისევ არსებობენ გაბღენძილი ვიპ-პერსონები, ისევ ცხადდება უაზროდ გაბერილი ტენდერები სოფლებში, რომლებსაც ადგილობრივი ხელისუფლებიდან „კრიშავენ“ და ისე აფორმებენ მიღება-ჩაბარების აქტს. გადამმოწმებელი – თუ როგორ აშენდა ან გაარემონტა, არავინაა. ისევ ზუსტად იმ დროს აკეთებენ გზის პატარა მონაკვეთს, თვითონ რომ მოდიან წინასაარჩევნო შეხვედრაზე, შეწუხებული სახით ინიშნავენ ბლოკნოტებში პრობლემებს და მიდიან იმ დრომდე, ვიდრე საფრთხე არ დაემუქრება მათ კეთილდღეობას, ისევ იყენებენ არჩევნების მოსაგებად „გონებადაბნელებულ“ ხალხს, რელიგიას, ადმისტრაციულ რესურს, გადაბერილ სიებს და ა.შ. მაგალითებს რა დალევს ჩვენს ქვეყანაში.
აი, როგორადაც შემეძლო, ისე შევუსრულე პრემიერს თხოვნა, ვცადე ანალიზი, მაგრამ ამის შემდეგ, რატომ უნდა წავიდეთ არჩევნებზე, იქნებ გვიპასუხოს რომელიმე მისმა დანიშნულმა ადგილობრივმა ვიპ-მა!
თუმცა, ამჯერად ყველა წინა არჩევნებისგან განსხვავებით, მაინც გვაქვს ერთი განსხვავება: ადრე, როგორც წესი, ვაკეთებდით არჩევანს ორ ვარიანტს – ცუდსა და უარესს შორის. ამ შემთხვევაში კი სამია: ცუდი, უარესი და საშიში. მართალია ის კაცი, რას ვერჩი! გავაანალიზოთ და ისე წავიდეთ არჩევნებზე!
გისურვებთ მშვიდობას და ქვეყნისთვის მორიგ „დემოკრატიის ტესტში“ წარმატებას!