მთავარი,სიახლეები

„არჩევანი ოფიციალურადაც წაგვართვეს“- ნინო ხარატიშვილი

18.11.2025
„არჩევანი ოფიციალურადაც წაგვართვეს“- ნინო ხარატიშვილი

მწერალი ნინო ხარატიშვილი ფეისბუქზე ეხმიანება „ოცნების“ გადაწყვეტილებას, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალოს უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს.

„არჩევანი ისედაც დიდი ხანია აღარ გვაქვს, მაგრამ აწ უკვე მე და ჩემნაირებს, ე.წ. ქვეყნის საზღვრებს გარეთ მყოფ მოქალაქეებს, ის ოფიციალურადაც წაგვართვეს… ფაშისტ დუგინსაც აკურთხებინეს ეს გადაწყვეტილება, ლამის ქვეყნის ღალატი დაგვაბრალეს და „უცხო ქვეყნის იურისდიქცია,“ რომ გავლენას ახდენს ჩვენზე, ისიც მოიყვანეს არგუმენტად.

ე. ი. მე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მაშინებს და მაშანტაჟებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ხმა არ მივცე და მეც: შეშინებული, დამფრთხალი, რომ გერმანიამ არ დამჩაგროს და არ გამომაძევოს, ვერ ვიღებ ობიექტურ გადაწყვეტილებას, თორემ სხვაგვარად, რა თქმა უნდა, „ქართული კოშმარის“ ამომრჩეველი ვიქნებოდი!

და ამ „ლოგიკით“ არ ისმის კითხვა, თუ რატომ არ უნდა უნდოდეს მმართველ პარტიას ამ აყვავებული ეკონომიკის პერიოდში ჩემი, – ამ შემთხვევაში მე და ჩემი „კრებით ემიგრანტს“ გულისხმობს –  მამულში დაბრუნება? რატომ არ სურს, რომ მე „ამეხილოს თვალი“ და „დიფ სთეითმა“ გამომაძევოს, რომ მე ნამდვილ სამოთხეში დავბრუნდე: თავისი ბაობაბებით, ზებრებით და პინგვინებით და ვიცხოვრო „ძირძველი“ ტრადიციებით? აღარ მომიწიოს „პერვერსი“ დასავლეთის კლანჭებში დარჩენა?

თუ მანდ დასაბრუნებელი და მერე ჩემი დასასაქმებელი ფულისთვის უცხო ქვეყანაში მოხუცებს რომ ვუვლი ან პლანტაციებზე ვმუშაობ ვირივით 24/7-ზე – არ სწვდება ჩვენი მძლავრი ეკონომიკის მკლავები? თუ სამოთხე მხოლოდ ოლიგარქისაა?  ქვეყანაც?

იქნებ „მძლავრი ეკონომიკის“ პარტიამ დიდი ხანია უკვე კონსტიტუციასთან ერთად სახარებაც გადააკეთა და აწ მხოლოდ ამ ფილოსოფიით აპირებს ქვეყანა „სასუფეველში“ ადგილის დამკვიდრებას:

„ვინაიდან აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი კი არა და „ღატაკი“ შევა ღმრთის სასუფეველში?“

ან ალბათ „უცხო იურისდიქციით“ გზააბნეულ ამომრჩევლებს  „ზეციური საქართველოს“ იმედზე დარჩენისკენ მოგვიწოდებენ, სანამ მიწიერს –  ოლიგარქი ბოლომდე არ შთანთქავს?“ -წერს ნინო ხარატიშვილი ფეისბუქზე.

_________________

ამ თემაზე:

„შიშით არის გამოწვეული, რადგან „ოცნება“ არჩევნებისთვის ემზადება“ – ემიგრანტების ხმა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: