მთავარი,სიახლეები

ავტორიზაციის საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა საბჭო დატოვა

13.02.2017 • 4110
ავტორიზაციის საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა საბჭო დატოვა

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის ცენტრის ხელმძღვანელმა, განათლების სპეციალისტმა, შალვა ტაბატაძემ, რომელიც ავტორიზაციის საბჭოს წევრიცაა, საბჭო დატოვა, ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში, საკუთარი ფეისბუკის გვერდზე წერს.  შალვა ტაბატაძე საბჭოს დატოვების მიზეზად შაჰინის სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერებას ასახელებს.

„შაჰინის სკოლა-ლიცეუმში დღეს სწავლის პროცესი შეჩერდა. შაჰინის სკოლის ავტორიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით დუმილს ვინარჩუნებდი, მიუხედავად ჟურნალისტების თუ სხვათა თხოვნისა კომენტარი გამეკეთებინა. ჩემი დუმილი გამოწვეული იყო იმ ფაქტით, რომ საბჭოს წევრი გახლდით და მიმაჩნდა, რომ სწორედ საბჭო იყო ის ადგილი, სადაც გადაწყვეტილების მიღება ხდებოდა და იქ იყო მნიშვნელოვანი პოზიციების დაფიქსირება. საბჭოში მიმდინარე განხილვაზე საჯარო საუბარი ჩემი მხრიდან არაკორექტულად მიმაჩნია და ამიტომ დღესაც არაფერს ვამბობ იქ არსებულ ვითარებაზე. რამდენიმე საკითხი მინდა მხოლოდ მოკლედ ვთქვა და აქ დავამთავრებ. მე, როგორც ავტორიზაციის საბჭოს წევრს, შაჰინის სკოლის საკითხთან დაკავშირებით პირადად 3 მიზანი მქონდა:

(1) მაქსიმუმი გამეკეთებინა სკოლისთვის ავტორიზაციის შესანარჩუნებლად; (2) შემენარჩუნებინა ავტორიზაციის საბჭოს, როგორც ინსტიტუტის ავტორიტეტი; (3) თუ პოლიტიკური საფუძველი გააჩნდა შაჰინის სკოლის საკითხს და საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით შეიქმნებოდა რაიმე ტიპის უთანხმოება, ოპტიმალური ვარიანტი იყო საქმის სასამართლოში ხანგრძლივად გადატანა. სამივე ეს ურთიერთდამოკიდებული მიზანი მარტივად მისაღწევი იყო, მიუხედავად ამისა, საბჭომ იმ დღესვე მიიღო ის გადაწყვეტილება რაც მიიღო.

რა თქმა უნდა, მეორე დღესვე მე საბჭო ოფიციალურად დავტოვე და შევიწყვიტე საბჭოს წევრის უფლებამოსილება. ერთსაც ვიტყვი, შაჰინის სკოლას ვერ ედავებოდნენ და ვერც შეედავებოდნენ საგანმანათლებლო სტანდარტებთან შეუსაბამობას. ედავებოდნენ ჩარიცხვის წესის დარღვევას, რაც სამართლებრივად ძალიან საკამათო იყო და საბჭოს არც გააჩნდა კომპეტენცია სამართლებრივად სწორად შეეფასებინა იყო თუ არა დარღვევა და მეორე მხრივ, თუ დარღვევა იყო, სკოლაზე დიდი წილი ამ დარღვევაში იმავე საბჭოს მიუძღოდა, რომელმაც ავტორიზაცია შეუჩერა სკოლას, აღარაფერს ვამბობ, რამდენად არის ის დარღვევები არსებითი ავტორიზაციის შესაჩერებლად. დანარჩენი თქვენ განსაჯეთ,“- წერს სოციალურ ქსელში შალვა ტაბატაძე.

შალვა ტაბატაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ ავტორიზაციის საბჭო, რომელიც დღევანდელი ფორმით არსებობს, მიუკერძოებელი ვერ იქნება. „ადამიანები, რომლებიც რაიმე ფორმით არიან დაკავშირებულნი განათლების სამინისტროსთან ან არიან კერძო სკოლების დირექტორები, ვერ იქნებიან ბოლომდე დამოუკიდებლები თავიანთ გადაწყვეტილებებში. მე რომ ვიყო, მაგალითად, რომელიმე სკოლის დირექტორი, ჩემი პოზიცია მყარი ვერ იქნება. ამიტომ, საბჭო უნდა იყოს დაკომპლექტებული დამოუკიდებელი ადამიანებით, ვინც  მიუკერძოებლად შეძლებს გადაწყვეტილებების გამოტანას,“-გვეუბნება ის.

ავტორიზაციის საბჭოში ცხრა წევრია, მათგან მხოლოდ ორი – შალვა ტაბატაძე და გიორგი გახელაძე – იყო ავტორიზაციის შეჩერების წინააღმდეგი. ავტორიზაციის საბჭომ შაჰინის სკოლას ავტორიზაცია 3 თებერვალს შეუჩერა.

ამავე თემაზე:

ბათუმში შაჰინის სკოლა-ლიცეუმმა სასწავლო პროცერსი შეაჩერა;

ავტორიზაციის საბჭოს წევრი შაჰინის კოლისთვის ავტორიზაციის გაუქმებაზე;

შაჰინის სკოლის დირექტორი: „ეჭვი გვაქვს, სკოლის დახურვა პოლიტიკური საკითხია“.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: