მთავარი,სიახლეები

ავტორიზაციის საბჭოს წევრი შაჰინის სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმებაზე

06.02.2017 • 4680
ავტორიზაციის საბჭოს წევრი შაჰინის სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმებაზე

ბათუმში შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაციას უჩერებენ, თუმცა ოფიციალური დოკუმენტი სკოლის ადმინისტრაციას ჯერ არ მიუღია. შაჰინის სკოლის ადმინისტრაცია ავტორიზაციის საბჭოს დასკვნას არ ეთანხმება და გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს.„ბათუმელები“ აკრედიტაციის საბჭოს ერთ-ერთ წევრს, რეზო აფხაზავას ესაუბრა იმ მიზეზებზე, რის საფუძველზეც საბჭომ სკოლის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

ბატონო რეზო, რა გახდა მიზეზი, რომ შუა სასწავლო წელს სკოლის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეთ?

2015 წელს, როცა სკოლას მივეცით ავტორიზაცია, მაშინაც მივუთითეთ დარღვევებზე. მაშინ ითქვა, რომ  დარღვევების გამოსასწორებლად  გარკვეულ დროს მივცემდით, თუმცა  მონიტორინგის საბჭო  ისევ შეამოწმებდა მათ.  იყო საუბარი იმაზე, რომ იმ ფართობზე, რომელზედაც ავტორიზაციას იღებდნენ, არაავტორიზებული პროგრამებს ვერ განახორციელებდნენ, მათ კი ჰქონდათ ასეთი მიმართულება.

თურქულ სექტორს გულისხმობთ? დირექტორი ამბობდა რომ იქ მხოლოდ 6 ბავშვი ჰყავდათ.

დიახ, მაგრამ აქ საუბარია არა 6 ბავშვზე, არამედ 85 მოსწავლეზე, რომელიც არასწორად  ჰყავდათ ჩარიცხული.

დირექტორი ამბობს, რომ თურქული სექტორი 2016 წლის სექტემბრისთვის უკვე გაუქმებული ჰქონდათ. მერე რა შეიცვალა?

ჩარიცხვები ჰქონდა არასწორად გაკეთებული. ბავშვები არაფორმალურ განათლებას იღებდნენ და მათი განათლების უფლება ირღვეოდა. შემდეგ აიღეს და თურქული სექტორის მოსწავლეები  მექანიკურად  ჩარიცხეს  ქართულ სექტორზე. ჩვენ ჩავუწერეთ, რომ მომდევნო მონიტორინგამდე ეს შენიშვნები უნდა გამოესწორებინათ, ამ პირობით მივეცით თავიდან აკრედიტაცია, ანგარიში გავუწიეთ.

სკოლის ხელმძღვანელი საუბრობს იმაზე, რომ უცხოენოვანი ბავშვების ქართულ სექტორზე გადასაყვანად გარკვეული ეტაპები იყო საჭირო, რადგან ქართული ენა უნდა ესწავლათ. ეს ეტაპები გავლილი  იყო?

მანდ იყო კანონის დარღვევა. ბავშვს რომ რიცხავ სკოლაში, ის რაღაცის საფუძველზე ხომ უნდა ჩარიცხო. მაგალითად, მესამე კლასში რომ რიცხავ ბავშვს, მას დამადასტურებელი საბუთი ხომ უნდა ჰქონდეს, რომ პირველი ორი კლასი გაიარა.  ამ ბავშვებს კი პირველი ორი კლასის გავლა ჰქონდათ არაფორმალურ განათლებაში. ისინი  ვერ ადასტურებდნენ  ოფიციალურად რა ფორმით ჩარიცხეს ეს მოსწავლეები, – ექსტერნით, აღიარებით…  ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე პირველ ჯერზე, წელიწად-ნახევარი მივეცით და კიდევ გვაცალეთო ამბობდნენ. ან არ იციან როგორ უნდა მართონ სკოლა, ან განზრახ აკეთებდნენ ამას, არ ვიცი.  ახლა უნდათ, რომ სასამართლოთი შექმნან აჟიოტაჟი. თუ რამე ისეთი იყო, გასცემს სასამართლო პასუხს.

 შუა სასწავლო წელია, რამდენად  კანონიერია  ასეთ დროს სასწავლო პროცესის შეჩერება, მოსწავლეების უფლებები არ ირღვევა?

მათი უფლებები არ ირღვევა, რადგან ის ბავშვები მობილობით გადავლენ სხვა სკოლებში. სასამართლოში ისედაც გასაჩივრებული აქვთ და სასამართლო იმსჯელებს უნდა შეაჩეროს სკოლამ ფუნქციონირება თუ არა. ჯერ არ მისვლიათ აკრედიტაციის საბჭოს დასკვნა. ათი დღის განმავლობაში მიუვათ. თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ საქმის წარმოების დასრულებამდე შეჩერდეს აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება, მაშინ გააგრძელებენ სასწავლო პროცესს.

დადებითი დასკვანაც ხომ დადო საბჭომ, ეს რას ეხებოდა?

ეს დადებითი დასკვნა არის ქართული სექტორის პროგრამებთან დაკავშირებით, მაგრამ საქმე იმაშია, რომ   სექტორები მანდ არ არის სამართლებრივად დაყოფილი. მანდ არის ერთი იურიდიული პირი, რომელსაც ერთი ავტორიზაცია უნდოდა და იმ ერთ იურიდიულ პირს ჰქონდა დარღვევები. თურქული სექტორი, როგორც ასეთი, ოფიციალურად არ არსებობდა, ჰაერში იყვნენ ეს ბავშვები.  იმ თურქულ სექტორზე საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სწავლობდნენ, სხვა სკოლაში გადასვლა რომ სდომებოდათ, ვერანაირ დამადასტურებელ ოფიციალურ საბუთს ვერ მიიტანდნენ.

შაჰინის სკოლაში ხომ ირიცხებოდნენ ოფიციალურად და ამ საბუთს ვერ მიიტანდნენ?

ვერა, იმიტომ, რომ ეგ არ იყო ავტორიზებული. ეროვნულ სასწავლო გეგმას ისინი არ მიყვებოდნენ. თურქული ჯგუფი საერთოდ არ ჯდებოდა ქართულ იურისპრუდენციაში და ვერც კანონმდებლობას აკმაყოფილებდა. მე ზუსტად მახსოვს, რომ ავტორიზაციის წინა საბჭოზე  ვუთხარი, ამჯერად გიწევთ ანგარიშს და გაძლევთ ავტორიზაციას, თუმცა დაგინიშნავთ მონიტორინგს და როცა მოვა, ყველაფერი უნდა იყოს გასწორებული-მეთქი.  საბჭოს ჩანაწერიც არსებობს, სადაც ამბობდნენ – „რა მოხდა მერე, 85 ბავშვი კი არ იყო, ათი ბავშვია“.

ყოფილა მსგავსი პრეცედენტი, რომ  აკრედიტაციის საბჭოს  მიეღოს სკოლის ფუნქციონირების შეჩერების გადაწყვეტილება, თუ ეს პირველი შემთხვევაა?

ყოფილა ასეთი შემთხვევები, როგორ არა. სკოლების სახელები ზუსტად არ მახსოვს, „ლამპარი“ იყო ერთ-ერთი სკოლა თბილისში, კიდევ იყო ერთი  სკოლა, მგონი ქობულეთში. სკოლას რომ შემოაქვს ავტორიზაციაზე განაცხადი, ეს ნიშნავს სახელმწიფოს მხრიდან აღიარებას და ვაუჩერს. თუ სკოლას უნდა აღიარება, მაშინ სახელმწიფოს კანონები უნდა დაიცვას.

ამ სკოლასთან დაკავშირებით იყო პოლიტიკური განცხადებები თურქეთის კონსულის მხრიდან,  თქვენ გამორიცხავთ პოლიტიკურ მოტივს?

პოლიტიკური მოტივები არის თუ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ საბჭომ ასეთი გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო,  რომ  სკოლაში დარღვევები იყო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: