სიახლეები

ბაზარი და მომხმარებელი

07.04.2013
ბაზარი და მომხმარებელი

მომხმარებელი იძულებულია იყიდოს მათი მოყვანილი საქონელი, რადგანაც ბაზრის მე-2 სართულის სავაჭრო დახლები  თავისუფალია და იციან, რომ იქ ვერ იყიდიან მათთვის სასურველ საქონელს. რატომ არ შედიან გამყიდველები ბაზრის შენობაში და რატომ ურჩევნიათ მათ ღია ცის ქვეშ ვაჭრობა? ამ კითხვაზე პასუხი უნდა გასცეს ბაზრის დირექციამ.

 

მთელი ბაზარი უჭირავთ გადამყიდველებს, მათ ადრე სპეკულანტებს ეძახდნენ, ახლა გადამყიდველები ჰქვიათ. გადამყიდველები დილით ადრე ხვდებიან სოფლიდან ჩამოსულ საქონლის გამყიდველებს და ყიდულობენ მათ მიერ ჩამოტანილ საქონელს დაბალ ფასებში. ისე, რომ საქონლის გამყიდველმა  არც კი იცის, რა  ღირს გასაყიდად ჩამოტანილი მისი საქონელი.

 

ბაზარში ცუდად დგას ხორცის რეალიზაციის საკითხი. საქონელს კლავენ სოფლად, არაჰიგიენურ პირობებში, ჩამოაქვთ ღია მანქანით ან ავტობუსის საბარგულით. გზაში ხორცს ეყრება მტვერი, ესევა მწერები, კარგავს იგი პირვანდელ სახეს და იცვლის ფერს. ასეთ ხორცს გადამყიდველები ყიდულობენ და ყიდიან გაცილებით ძვირად.

 

ანალოგიურად ცუდად დგას ბაზარში თაფლის რეალიზაციის საკითხიც. ბაზარში სარეალიზაციოდ გამოტანილი თაფლის 70-80 პროცენტი არის ფალსიფიცირებული, რომელსაც ნამდვილი თაფლისგან ვიზუალურად ვერაფრით გაარჩევ. ამიტომ თაფლი ბაზარში უნდა გაიყიდოს  ლაბორატორიაში შემოწმების შემდეგ. რატომ არ აქცევს დირექცია ამ საკითხს ყურადღებას და რატომ ატყუებს მომხმარებელს?

 

ასეთივე დარღვევებია სხვა პროდუქციის გაყიდვასთან დაკავშირებით. ეს მაშინ, როდესაც მომხმარებლის მოტყუებისათვის კანონით გათვალისწინებულია სათანადო სასჯელი.

 

იმისათვის, რომ ბაზარმა იმუშაოს ნორმალურად და დამყარდეს წესრიგი, საჭიროა ბაზრის დირექციამ გამოიყენოს განვითარებული ქვეყნების ბაზრის მუშაობის გამოცდილება. კერძოდ, ბაზრის დირექციამ გადამყიდველების ნაცვლად უნდა დაასაქმოს გამყიდველები, სათანადო სპეციალისტები, გაუფორმოს მათ ხელშეკრულება და დაუნიშნოს ხელფასი. ასევე უნდა აიყვანონ სამუშაოზე საქონლის შემსყიდველები, დამამზადებლები. შეიძინონ სპეციალური ავტომანქანები, ბაზარში გახსნან საქონლის  შემსყიდველი პუნქტი, სადაც სოფლიდან ჩამოტანილ პროდუქტს ჩააბარებენ გლეხები ბაზრის დირექციის მიერ დაწესებულ ფასებში.

 

რაც შეეხება ხორცის შესყიდვას, შემსყიდველები უნდა მივიდნენ სოფლებში, შეისყიდონ საქონელი, გადაიყვანონ სასაკლაოზე, რომელიც იქნება თანამედროვედ აღჭურვილი და ყველა ჰიგიენური პირობების დაცვით აწარმოონ ხორცის შეტანა ბაზარში.

 

ასევე უნდა ხდებოდეს რძის პროდუქტების, ქათმის ხორცის, კვერცხის, ბოსტნეულის და სხვა პროდუქტის შესყიდვა სოფლებში.  ბაზრის ასეთი მუშაობით ბაზარში დამყარდება წესრიგი, გაიზრდება ბაზრის შემოსავალი, მომხმარებელი კი შეიძენს საღ, ახალ პროდუქტს მისთვის ხელმისაწვდომ, დირექციის მიერ დამტკიცებული ფასის მიხედვით,  რომელიც გამოკრული იქნება თვალსაჩინო ადგილზე. ასე გადამყიდველი ვეღარ მოატყუებს მომხმარებელს. ხოლო თუ ვინმე მოისურვებს თავად გაყიდოს თავისი პროდუქცია, ბაზრის დირექცია ამას არ აუკრძალავს, მას ექნება ამის უფლება, თუმცა ბაზარში არსებული ფასების შესაბამისად, დირექციის მიერ დამტკიცებული საქონლის ფასის ფარგლებში.

 

იმედია, ბაზრის დირექცია გულთან მიიტანს მოსახლეობის მოთხოვნას, გარდაქმნის მუშაობას თანამედროვე მოთხოვნის შესაბამისად და უზრუნველყოფს მოსახლეობის მომსახურების გაუმჯობესებას. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: