მთავარი,სიახლეები • • •

„ბიზნესმენმა, რომელიც პატიმრებს მატლიანი და ობიანი საკვებით ამარაგებდა, 3 მლნ-იანი ტენდერი მოიგო“

10.11.2026
„ბიზნესმენმა, რომელიც პატიმრებს მატლიანი და ობიანი საკვებით ამარაგებდა, 3 მლნ-იანი ტენდერი მოიგო“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ შემწირველ იაშა ჩაჩუას კომპანია „ლუკა 2005“-მა 26 ოქტომბერს რუსთავის სოციალურად დაუცველი მოქალაქეების კვების 2.98 მილიონი ლარის ღირებულების უკონკურენტო ტენდერი მოიგო.

შვიდი თვით ადრე სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ჩაჩუას მეორე კომპანიას, „ილი ჯგუფს“, სისტემატური დარღვევების გამო პატიმრების კვების ხელშეკრულება შეუწყვიტა. ახლა იმავე ბიზნესმენის კომპანიამ რუსთავის ყველაზე მოწყვლადი მოქალაქეები უნდა გამოკვებოს.

შვიდი ტენდერი, ხუთი უკონკურენტო

როგორც „გამჭვირვალობა“ წერს, 2021 წლის აგვისტოდან რუსთავის სოციალურად დაუცველი მოქალაქეების კვებით უზრუნველყოფის შვიდივე ტენდერი ჩაჩუას კომპანიებმა მოიგეს. „ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 15.5 მილიონი ლარია. პირველ ოთხ ტენდერში შპს „ილი ჯგუფმა“ გაიმარჯვა (2021-2023 წლებში), ბოლო სამში კი – შპს „ლუკა 2005“-მა (2024-2026 წლებში).

შეიცვალა კომპანია, თუმცა მფლობელი იგივე დარჩა: იაშა ჩაჩუა „ლუკა 2005“-ის 100%-ს და „ილი ჯგუფის“ 71%-ს ფლობს.

მანამდე, სულ მცირე 2017 წლიდან, რუსთავის სასადილოებს შპს „ალიონი“ ემსახურებოდა. „ილი ჯგუფმა“ ეს ადგილი 2021 წლის აგვისტოში დაიკავა, როდესაც „ალიონზე“ დაბალი ფასი შესთავაზა შემსყიდველს.

მომდევნო ტენდერში, 2022 წლის იანვარში, „ალიონის“ შეთავაზება „ილი ჯგუფის“ შეთავაზებაზე 155 000 ლარით ნაკლები იყო, თუმცა სატენდერო კომისიამ „ალიონი“ ტენდერიდან მოხსნა.

დისკვალიფიკაციის საბოლოო საფუძველი იყო ის, რომ ფასების დაზუსტებულ ცხრილში თანხები სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ორი ათწილადის ნაცვლად ოთხი ათწილადით იყო მითითებული.

წესები განმეორებით დაზუსტებას არ ითვალისწინებს. შედეგად კონტრაქტი „ილი ჯგუფს“ ერგო, რუსთავის მერიას კი მომსახურება 155 000 ლარით უფრო ძვირი დაუჯდა.

მას შემდეგ ტენდერში მონაწილეობა სხვა არც ერთ კომპანიას აღარ მიუღია. ბოლო ხუთ ტენდერში, 2022 წლის ოქტომბრიდან 2026 წლის ოქტომბრამდე, ჩაჩუას კომპანია ერთადერთი პრეტენდენტი იყო და შესაბამისად საბიუჯეტო თანხები ფაქტობრივად არ დაზოგილა. შედარებისთვის, კონკურენციის პირობებში ჩატარებულ ორ ტენდერში ფასი სავარაუდო ღირებულებაზე 28%-ით და 10%-ით ნაკლები იყო.

მანამდე, 2018-2020 წლებში, იაშა ჩაჩუამ, შპს „ილი ჯგუფის“ მეწილე ლაშა უღრელიძემ და შპს „ლუკა 2005“-ის დღევანდელმა დირექტორმა იუზა ჯოგლიძემ „ქართულ ოცნებას“ და პარტიის მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიას ჯამში 245 000 ლარი შესწირეს:

ჩაჩუამ 60 000 ლარი, უღრელიძემ 110 000 ლარი, ჯოგლიძემ – 75 000 ლარი. სულ კი 2019 წლიდან დღემდე „ლუკა 2005“-ს 44.3 მილიონი ლარის ღირებულების 51 სახელმწიფო ტენდერი აქვს მოგებული“-წერს „გამჭვირვალობა“.

ციხის კვების სკანდალი

„2019 და 2023 წლებში „ილი ჯგუფმა“ პატიმრების კვების უზრუნველყოფის ორი ტენდერი მოიგო ჯამში 186.8 მილიონი ლარის ღირებულებით. პრობლემები თავიდანვე გამოჩნდა. „რადიო თავისუფლების“ გამოძიების თანახმად, ინსპექტორებმა ხაჭაპურში ხოჭო, პაშტეტში მატლები და სოსისზე ობი აღმოაჩინეს.

მხოლოდ 2019-2021 წლებში პენიტენციურმა სამსახურმა კომპანია 3.3 მილიონი ლარით დააჯარიმა. ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვალში „რადიო თავისუფლება“ წერდა, რომ კომპანიამ ხელშეკრულება 29-ჯერ დაარღვია, თუმცა კონტრაქტი არ შეუწყვეტიათ და კომპანიაც „შავ სიაში“ არ შეუყვანიათ. 2023 წლის იანვარში კი კომპანიამ პატიმრების კვების ახალი, 103.5 მილიონი ლარის ხელშეკრულებაც გააფორმა.

დარღვევები კვლავ გაგრძელდა.

2026 წლის მარტში, „რადიო თავისუფლების“ ახალი ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, პრობლემა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმაც აღიარა. შესყიდვების სააგენტოს განკარგულებაში აღწერილი ინსპექტირების შედეგების თანახმად, პატიმრები, მათ შორის დიაბეტითა და ტუბერკულოზით დაავადებულები, მათთვის განკუთვნილ საკვებს ვერ იღებდნენ. რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში კი პატიმრის ულუფაში ტარაკანი იპოვეს. 10 მარტის მდგომარეობით 375 დარღვევა იყო გამოვლენილი და 34.9 მილიონი ლარის პირგასამტეხლო დაკისრებული. 12 მარტიდან პენიტენციურმა სამსახურმა ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა.

საკვების ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზიები რუსთავის სასადილოებშიც ისმოდა. 2021 წლის დეკემბერში „რადიო თავისუფლება“ წერდა, რომ „ილი ჯგუფის“ მართვაში არსებული ოთხი უფასო სასადილოს ბენეფიციარები ლობიოში ქვებსა და მატლებზე, ასევე დაობებულ პურზე ჩიოდნენ, სოსისში კი საქონლის ხორცი საერთოდ არ იყო. ამ სასადილოებს პურით „ლუკა 2005“ ამარაგებდა. რუსთავის მერიას ეს გარემოებები სხვა მიმწოდებლის მოძიების საფუძვლად არ მიუჩნევია“.

ცნობები სუს-ის მფარველობის შესახებ

„გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, ჯერ კიდევ  2021 წლის დეკემბრის სტატიაში „რადიო თავისუფლება“ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ კომპანიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი უფროსის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი მფარველობდა.

„2020 წლის ივნისში, „ფორმულა“ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით „ილი ჯგუფს“ სუს-ის მაშინდელ ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილს უკავშირებდა.

ლილუაშვილმა უწყება 2025 წელს დატოვა, ხოლო იმავე წლის დეკემბერში ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. სამ თვეში „ილი ჯგუფმა“ ციხის კონტრაქტი დაკარგა“- წერს გამჭვირვალობა-საქართველო.

გაფრთხილება „შავი სიის“ ნაცვლად

გამჭვირვალობის შეფასებით, ეს შემთხვევა იმასაც აჩვენებს, თუ რა მარტივია სატენდერო ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში არაკეთილსინდისიერი მიმწოდებლისთვის ნებისმიერი ნეგატიური შედეგის თავიდან არიდება.

„ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ „ლუკა 2005“ საკვების მიწოდების ხელშეკრულებების არაჯეროვანი შესრულების გამო შესყიდვების „შავ სიაში“ შეიყვანა. „შავ სიაში“ შეყვანილ კომპანიას ერთი წლის განმავლობაში ტენდერებში მონაწილეობა ეკრძალება, თუმცა ეს შეზღუდვა მის მფლობელებზე არ ვრცელდება. 2021 წლის აგვისტოში, როდესაც შპს „ლუკა 2005“ ჯერ კიდევ „შავ სიაში“ იმყოფებოდა, რუსთავის ტენდერი ჩაჩუას მეორე კომპანიამ, „ილი ჯგუფმა“ მოიგო.

2026 წელს, მიუხედავად უმძიმესი დარღვევებისა, სააგენტოს „შავ სიაში“ შპს „ილი ჯგუფი“ არ შეუყვანია. უწყებამ დაადასტურა, რომ ამის საფუძველი არსებობდა, თუმცა 7 მაისს კომპანიას მხოლოდ გაფრთხილება მისცა, რაც მას ტენდერებში მონაწილეობას არ უკრძალავს.

კანონი გაფრთხილებას საერთოდ არ ითვალისწინებს, ეს წესი სააგენტომ თავად დააწესა და მისი ხარვეზიც სააგენტოს პასუხისმგებლობაა.

გარდა ამისა, სადავოა, რომ „ილი ჯგუფს“ ხელშეკრულება ნახევრად მაინც ჰქონდა შესრულებული: 97% გადახდილ თანხას ასახავს, ხელშეკრულება კი სწორედ არაჯეროვანი შესრულების გამო შეწყდა. საკვების ფორმალური მიწოდება შესრულებად არ უნდა ჩაითვალოს“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა –-საქართველო“ ჯერ კიდევ 2018 წელს მოუწოდებდა ხელისუფლებას, რომ კორუფციასა თუ თაღლითობაში მხილებულ პირებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა აკრძალვოდათ და ეს შეზღუდვა ასეთი კომპანიების მფლობელებზეც გავრცელებულიყო, რადგან ამ შეზღუდვის გარეშე მფლობელს შეუძლია იგივე საქმიანობა უბრალოდ სხვა იურიდიული პირის მეშვეობით განაგრძოს.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში 2026 წლის მაისის ცვლილება ამას ნაწილობრივ ასახავს: 2026 წლის 1 დეკემბრიდან აკრძალვა გავრცელდება იმ კომპანიებზეც, რომლებიც „შავ სიაში“ შეყვანილ კომპანიასთან მფლობელობით ან მართვით არიან დაკავშირებული. თუმცა მანამ, სანამ სააგენტო საკუთარ წესს ინარჩუნებს, „ილი ჯგუფის“ მსგავსი მიმწოდებელი კვლავ მხოლოდ გაფრთხილებას მიიღებს და შეზღუდვა მფლობელის სხვა კომპანიებს ვერ შეეხება“-წერს გამჭვირვალობა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: