27 სექტემბერს ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი – BIAFF-ი გაიხსნა.
კინოფესტივალი, რომელიც უკვე 19 წელია იმართება ბათუმში, 3 ოქტომბრამდე გასტანს. ამ პერიოდში ნაჩვენები იქნება 30 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 25-ზე მეტი ქვეყნიდან.
„ბათუმელები“, რომელიც წლებია „ბიაფის“ მხარდამჭერია, ტრადიციულად გთავაზობთ იმ ფილმების ჩამონათვალს, რომელთაც უკვე მიიქციეს სხვადასხვა კინოფესტივალზე ყურადღება და კარგი შეფასებაც დაიმსახურეს.
BIAFF-ზე კინოჩვენებები წელს კინოთეატრ CAVEA GRAND MALL-სა და ევროპის მოედანზე, ღია ცის ქვეშ გაიმართება. CAVEA GRAND MALL-ში კინოსეანსებზე დასასწრებად ბილეთები იყიდება, ევროპის მოედანზე კი კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.
- „ლურჯი მოცვი“ – რეჟისორი ელენე მიქაბერიძე
ქართველი რეჟისორის დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს ოჯახის ამბავს, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ახლოს ცხოვრობს. ოჯახი სურს მოაშენოს მოცვის პლანტაცია იქ, სადაც კონფლიქტი ჯერ კიდევ მძვინვარებს. ფილმი ისეთ თემებს ეხება, როგორიცაა იდენტობა, გამძლეობა და კონფლიქტის გავლენა.
რეჟისორის თქმით, ფილმის გადაღება აფხაზმა ბიძაშვილებმა და ბავშვობამ შთააგონეს.
ფილმის მსოფლიო პრემიერა 2024 წლის 19 მარტს, კოპენჰაგენის საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე გაიმართა.
- „რედაქცია“ – რეჟისორი რომან ბონდარჩუკი
უკრაინელი რეჟისორის, რომან ბონდარჩუკის ფილმი ახალგაზრდა კაცზეა, რომელიც ხანძრის განზრახ გაჩენის მოწმე გახდება და მოულოდნელად იწყებს მუშაობას სენსაციურ ადგილობრივ საინფორმაციო გამოცემაში ჟურნალისტად.
ფილმის პრემიერა წელს შედგა ბერლინის საერთაშორისო ფესტივალზე.
- „სიყვარულით ჰილდესგან“ – რეჟისორი ანდრეას დრეზენი
ეს ისტორიული, გერმანული ფილმი ახალგაზრდა ქალზეა. 1942 წელს, ბერლინში, ჰილდე უერთდება ანტინაცისტურ ჯგუფს და უყვარდება ჯგუფის მისი ერთ-ერთი წევრი. ისინი დაუვიწყარ ზაფხულს ატარებენ, სანამ გესტაპოს არ დაიჭერთ და ქალი, რომელიც რვა თვის ორსულია, ციხეში ხვდება.
ფილმი წელს ბერლინალეს კინოფესტივალის „ოქროს დათვზე“ იყო ნომინირებული.
- „საყვარელი“ – რეჟისორი ლილია ინგოლფსდოტირი
ნორვეგიელი რეჟისორის ფილმი არა სიყვარულის ძიებაზე, არამედ განშორებაზეა, ოთხი შვილის დედაზე, რომელიც ცდილობს იპოვოს ბალანსი ოჯახსა და კარიერას შორის, თუმცა ქალი განქორწინების წინაშე დგება და მისთვის ახალი ეტაპი იწყება.
ფილმი წელს რამდენიმე კინოფესტივალზე იყო ნომინირებული სხვადასხვა ჯილდოზე.
- „რეალობა“ – რეჟისორი ოლეგ სენცოვი
უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვის დოკუმენტური ფილმი ომს ასახავს, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს უკრაინაში. ფილმი რეჟისორმა, რომელიც თავადაც იბრძვის და უკრაინას იცავს, ჩაფხუტის კამერით გადაიღო. რეჟისორის თქმით, მას ნამდვილად არ სურდა გადაღება – კამერა ტექნიკის შემოწმებისას შემთხვევით ჩაირთო. კადრები მან მეხსიერების ბარათზე რამდენიმე კვირის შემდეგ აღმოაჩინა და ფილმად აქცია.
ფილმში არ არის დამატებითი ეფექტები, არაფერია ახსნილი გარდა იმისა, რასაც რეალურ დროში ვხედავთ და გვესმის ეკრანზე.
- „ანტიკვარიატი“ – რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე
რუსუდან გლურჯიძის „არიტკვარიატი“ წელს საქართველომ „ოსკარზე“ წარადგინა.
ფილმი, რომელზეც რეჟისორი ბოლო წლების განმავლობაში მუშაობდა, 2006 წელს რუსეთიდან ქართველების მასობრივი დეპორტაციით არის შთაგონებული.
„ანტიკვარიატი“ საქართველოს, შვეიცარიის, გერმანიისა და ფინეთის კოპროდუქციაა. „ეს არის გულისამაჩუყებელი იგავი მიგრანტების იმედებისა და მისწრაფებების შესახებ უცნობ სამყაროში“ – ვკითხულობთ ფილმის მოკლე აღწერაში.
- „მე, კაპიტანი“ – რეჟისორი მატეო გარონე
იტალიელი რეჟისორის ეს ფილმი თანამედროვე ოდისეაა, რომელიც მოგვითხრობს ორი სენეგალელ ახალგაზრდაზე, რომლებიც ტოვებენ სახლს და ევროპაში სურთ წასვლა, რომ სიღარიბეს თავი დააღწიონ.
2023 წელს გადაღებულ ფილმი ათობით კინოფესტივალზე იყო ნომინირებული და ჯამში, 35 ჯილდო აქვს მიღებული. ფილმი წელს იტალიამ „ოსკარზე“ წარადგინა.
- „პანოპტიკონი“ – რეჟისორი გიორგი სიხარულიძე
ქართველი რეჟისორის ფილმში მოქმედება 2018 წლის საქართველოში ხდება. ფილმი მთავარი გმირი 16 წლის მოზარდია, რომლის მამა თავს ღმერთს უძღვნის, მოზარდი კი საკუთარ ადგილს ეძებს.
ფილმმა წელს კარლოვი ვარის საერთაშორისო ფესტივალზე ეკუმენური ჟიურის ჯილდო მიიღო.
- „ქიმერა“ – რეჟისორი ალიჩე რორვახერი
ეს იტალიური კომედიური დრამა გვიამბობს ბრიტანელ ყოფილ არქეოლოგზე, რომელიც ციხიდან გამოსვლის შემდეგ თანამზრახველებს – საფლავების მძარცველთა გუნდს უერთდება.
ფილმი კინოფესტივალზე ნაჩვენები იქნება სექციაში „დიდოსტატთა კოლექცია“.
- „გლეხები“ – რეჟისორები: DK უელჩმანი და ჰიუ უელავენი
პოლონური ისტორიული დრამა ანიმაციური ტექნიკითაა გადაღებული. ფილმი ნობელის პრემიის ლაურეატის, ვლადისლავ რეიმონტის ამავე სახელწოდების ნოველის ადაპტაციაა. ფილმი მე-19 საუკუნის მიწურულს პოლონური სოფლის ცხოვრებას ასახავს.
ფილმმა კრიტიკოსების ინტერესი და არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია.
- „ის არაა, რასაც შენ ფიქრობ“ – რეჟისორი ვუსლათ სარაჩოღლუ
თურქი რეჟისორის ფილმი გვაცნობს სამ და-ძმას, რომლებიც მამის სიკვდილის შემდეგ ხვდებიან მშობლიურ ქალაქში და ხელახლა გაიცნობენ ერთმანეთს. ამ პროცესში ისინი ხვდებიან, რომ განსხვავებულად ახსოვთ ერთობლივი წარსული და არაფერი არ არის ისე, როგორც მათ ეგონათ რომ იყო.
- „მომაკვდავი“ – რეჟისორი მათიას გლასნერი
გერმანული რეჟისორის დრამა გვიამბობს სიკვდილის პირას მყოფი წყვილისა და მათი ორი შვილის შესახებ, რომლებიც საკუთარი პრობლემებით არიან დაკავებულნი.
ფილმის პრემიერა წელს შედგა ბერლინის კინოფესტივალზე, სადაც ფილმმა „ვერცხლის დათვი“ მიიღო.
______________
მთავარ ფოტოზე: კადრი გიორგი სიხარულიძის ფილმიდან „პანოპტიკონი“
ამავე თემაზე:
„ბიაფი“ სახელმწიფომ არც წელს დააფინანსა, მაგრამ კინოფესტივალი მაინც გაიმართება