ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, ბონი-გოროდოკის, ბარცხანისა და თამარის დასახლებებში, მახინჯაურში და მწვანე კონცხზე – ქვეითებისთვის სარკინიგზო გადასასვლელები მოუწესრიგებელი და საფრთხის შემცველია.
ამ პრობლემის მოგვარებაზე არავინ ფიქრობს, რასაც ტრაგიკულ შედეგებამდე მივყავართ.
13 აგვისტოს, ბათუმში, მწვანე კონცხზე, თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი 16 წლის გოგოს დაეჯახა. არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა.
ამ თემაზე: რა ხდება ადგილზე, სადაც მატარებელი მოზარდ გოგოს დაეჯახა
რკინიგზის, და მისგან გამომდინარე პრობლემების მოწესრიგების გარეშე ქალაქის განვითარებაც პრობლემური რჩება. ბათუმს განაშენიანების გენერალური გეგმა [ე.წ. გენგეგმა] დღემდე არ აქვს დამტკიცებული, თუმცა რკინიგზას და მასზე საქვეითო გადასასვლელების პრობლემის არსებობას ვერც გენგეგმის პროექტმა აუარა გვერდი.
მაშინ როცა საზღვაო-საკურორტო ქალაქში, სადაც ზღვის გასწვრივ დაახლოებით 10 კილომეტრის სიგრძეზე რკინიგზის ხაზი გადის და ადამიანების უსაფრთხოებისთვის არაფერი კეთდება, ქალაქის მერია და საკრებულო იმისთვის იცლის, რომ მაგალითად, სპეციალური ჯგუფი შექმნან ხელვაჩაურთან საზღვრების დასაზუსტებლად.
„კეთილმოწყობასა და უსაფრთხოების გათვალისწინებას საჭიროებს რკინიგზის საქვეითო გადასასვლელები, ბონი-გოროდოკის, თამარისა და მწვანე კონცხის უბნებში. აქ სანაპიროს პარალელურად გამავალი რკინიგზის ინფრასტრუქტურის კვეთა ქვეითებს ხშირად არაფორმალურ გადასასვლელებზე უწევთ. გადასასვლელი ინფრასტრუქტურის საჭიროება ასევე დაფიქსირდა თამარის უბნის მონაწილეობითი ჩართულობის ვორქშოფზე.
გეგმით შემოთავაზებულია გადასასვლელი ფიზიკური ინფრასტრუქტურა, რომელიც აღჭურვილი იქნება ტროტუარის დონეზე მოწყობილი საფარით, სასიგნალო შუქნიშნებით, ტაქტილური ფილებითა და განათებით“ – წერია გენგეგმის პროექტში.
ზოგადად, როცა საუბარია მიწისზედა გადასასვლელზე ქალაქში, საუკეთესო პრაქტიკად მიჩნეულია კომბინირებული უსაფრთხოების მოდელი, რაც მინიმუმამდე ამცირებს ადამიანური შეცდომის, ყურადღების გაფანტვის ან უბედური შემთხვევის რისკს. ასეთია, მაგალითად:
- ფიზიკური შეზღუდვა: რკინიგზის გასწვრივ უწყვეტი ღობე, ხოლო უშუალოდ გადასასვლელთან – „s“-ისებური ლაბირინთი.
- შუქ-ხმოვანი სიგნალიზაცია – ქვეითთა შუქნიშანი მატარებლის მიახლოების სენსორით + ხმოვანი ზარი/გაფრთხილება.
- ინკლუზიურობა – გამაფრთხილებელი ტაქტილური ფილები გადასასვლელის წინ და სწორი, გლუვი საფარი [რეზინის ჩანართებით], რომ შშმ პირების ან საბავშვო ეტლი არ გაეჭედოს.
- გადასასვლელის ინტენსიური LED-განათება ღამის საათებში.
ყველაზე უსაფრთხო, მაგრამ ძვირადღირებულია ქვეითთა ხიდი რკინიგზაზე [ან მიწისქვეშა გადასასვლელი, გააჩნია რელიეფსა და ადგილმდებარეობას]. თუმცა ხიდი, თუ ის არ არის აღჭურვილი სპეციალური ლიფტით ან დახრილი პანდუსით, ხშირად მოუხერხებელია შშმ პირებისთვის, ეტლით მოსარგებლეებისთვის, საბავშვო ეტლებიანი მშობლებისა თუ ველოსიპედისტებისთვის.
აქ აღსანიშნავია, რომ ბათუმის მერიამ, დაახლოებით 10 წლის წინ, ბარცხანის დასახლებაში რკინიგზაზე ქვეითთა გადასასვლელი ხიდის მშენებლობაზე ტენდერიც კი გამოაცხადა.
პირველი ტენდერი არ შედგა – მასში მონაწილეობა არავინ მიიღო, ხელახლა გამოცხადებული ტენდერი კი უარყოფითი შედეგით დასრულდა – მასში 1 კომპანია მონაწილეობდა და მასაც დისკვალიფიკაცია მისცეს.
ეს ხიდი არაადაპტირებული იქნებოდა და მის ასაშენებლად მერიას 186 100 ლარი ჰქონდა მაშინ გათვლილი, თუმცა მშენებლობაზე ტენდერი მერიას აღარ გამოუცხადებია.
რკინიგზის საქვეითო გადასასვლელებზე უსაფრთხოების ზომების მიღება ქალაქის კომპეტენციაცაა და ამის შესაძლებლობაც აქვს, თუმცა, გენგეგმის პროექტი ქალაქს სხვა ვერსიებსაც სთავაზობს რკინიგზასთან დაკავშირებით, რაც მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებს მართალია სცილდება, თუმცა საკითხის დაყენების უფლებას ამ უკანასკნელს არავინ უზღუდავს.
„ბუნებრივი ფასეულობებისა და საქალაქო გარემოს ჰარმონიული სინთეზი ბევრად მიმზიდველს ხდის დასახლებულ პუნქტებს, როგორც საცხოვრებლად ასევე სამუშაო და რეკრეაციული თვალსაზრისითაც… ამ მხრივ მნიშვნელოვანი ელემენტია ზღვისა და მთის კავშირის გაძლიერება. ორივე ელემენტი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ბუნებრივი ლანდშაფტის ნაწილია. ეს მოცემულობები ბათუმისთვის თვითმყოფადობისა და უნიკალურობის აუცილებელი პირობაა, რათა იგი კარგად აღიქმებოდეს როგორც ზღვისპირა მთიანი ქალაქი.
თითქმის მთლიანი ქალაქი, ზღვის პარალელურად, განაშენიანების სიღრმეში, მთიანი ნაწილითაა წარმოდგენილი. ჩრდილოეთით მდებარე მახინჯაურის დასახლებაში, ამ ორ ბუნებრივ ელემენტს შორის მანძილი ძალიან მოკლეა და იქ ბუნებრივად არის მათი შეკავშირებულობა უზრუნველყოფილი. თუმცა, ერთადერთი რაც შეიძლება აღნიშნულის მნიშვნელოვან შემაფერხებელ ფაქტორად დასახელდეს, არის რკინიგზის არსებობა.
როგორც ასეთი, ზელოკალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ტერიტორიები საგრძნობლად ცვლიან განაშენიანების სტრუქტურას და უფრო მეტად მიმართულნი არიან მისი რღვევისკენ,“ – წერია გენგეგმის პროექტში.
პროექტი რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს მერიას რკინიგზის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად.
მაგალითად:
„ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ბლომად არის წარმოდგენილი ისეთი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, რომელთა გამოყენება ხდება იშვიათად და შესაძლებელია ალტერნატიული ვარიანტების განხილვა, თუნცად ქალაქის საზღვრებს მიღმა.
ე.წ. „მანთაშევის“ გადასასვლელთან სარკინიგზო ჩიხის გაუქმება, რომელიც მიემართება ქალაქის ცენტრისკენ, წერეთლის ქუჩის გასწვრივ. ამ ვარიანტისთვის
შესაძლებელია განხილული იყოს ლოკომოტივის მოსაბრუნებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა, ან მთლიანად მოსაბრუნებელი მანევრისთვის შესაბამისი სივრცის გამოყოფა და ტერიტორიის მოწყობა ქობულეთის მიმდებარედ, ოჩხამურთან“.
რაც შეეხება რკინიგზის ხაზს წერეთლის ქუჩაზე [„მანთაშევის შლაგბაუმი“ და მის მიმდებარედ], გენგეგმის პროექტის ავტორები წერენ, რომ „თუ აქ რკინიგზის გადასასვლელი ვერ მოიხსნება, 11.2 მეტრი სიგანის გზის მონაკვეთი წინა კვეთიდან უნდა შევიწროვდეს, რათა გადანაწილდეს მოძრაობა სხვა ქუჩებზე ძაბრამდე.
თუ შესაძლებელია რკინიგზის გადაკვეთის მოხსნა, რეკომენდებულია გზა 11.1-ის 2 ზოლამდე გაფართოება თითოეული მიმართულებით.
გადასასვლელის მოსახსნელად გამოკვლეული უნდა იყოს მოსატრიალებელი ჩიხის ნაცვლად რკინიგზის სადგურზე შემობრუნების წრის შემოღების შესაძლებლობა. ეს საშუალებას მისცემს ლოკომოტივებს შემობრუნდნენ გზის გადაკვეთის გარეშე.
ილუსტრაცია, რომელიც გვიჩვენებს ასეთი წრის მაგალითს [ქვემოთ ფოტოზე მარცხნივ], ასევე მანქანებისა და რკინიგზის მოძრაობის მენეჯმენტი შეიძლება ასე გამოიყურებოდეს, თუ ასეთი გამოსავალი განხორციელდებოდა [იგივე ფოტოზე მარჯვნივ]“:

სარკინიგზო და საავტომობილო მოძრაობის სქემა ბათუმში „მანთეშევის შლაგბაუმის“ გაუქმების შემთხვევაში / ფოტოები ბათუმის გენგეგმის პროექტიდან
ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე, ე.წ. მანთაშევის შლაგბაუმთან ქალაქის მერია სარკინიგზო ხაზის აღებას არა, მაგრამ საავტომობილო გვირაბის აშენებას კი გეგმავდა, თუმცა მერიას არც ეს პროექტი განუხორციელებია.
ამ თემაზე:
ბათუმში, მანთაშევზე, ლიანდაგის ქვეშ მერია საავტომობილო გვირაბის აშენებას გეგმავს






