ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრის გაფართოების შემდეგ დღის წესრიგში კვლავ დადგა ბათუმსა და ხელვაჩაურს შორის საზღვრების კორექტირების საკითხი. ორი მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპეციალური სამუშაო ჯგუფებიც კი შექმნეს და „საზღვრების დემარკაციაზე“ მუშაობენ.
საზღვრების საკითხს გვერდი ვერც ბათუმის გენგეგმაზე მომუშავე კომპანიამ აუარა. როგორ განვითარდეს ბათუმი – არსებულ, თუ შეცვლილ საზღვრებში? – ამ მხრივ გენგეგმის სამუშაო ვარიანტი ბათუმის მერიას რამდენიმე ალტერნატივას სთავაზობს.
ერთ-ერთ ალტერნატივას „საფუძვლად უდევს ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოვლენილი კონფლიქტები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვართან მიმართებაში“ – წერია „ქალაქ ბათუმის სივრცის დაგეგმარებისა და გენერალური გეგმის პროექტის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშში“ [გენგეგმის პროექტის სგშ].
ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ამჟამინდელი მდგომარეობით ხელვაჩაურის დასახლება მთლიანად მოქცეულია ქალაქ ბათუმის საზღვრებში, რაც საოპერაციო, მართვის და მენეჯმენტის საკითხებში გაურკვევლობას ქმნის.
წარმოდგენილი ვარიანტის შემთხვევაში, გეგმარებითი ჯგუფი მოიაზრებს ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს შორის საზღვარი გაიმიჯნოს მშენებარე საავტომობილო შემოვლითი გზაზე – ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით“.
კონკრეტულად: „მახინჯაურის დასახლებაში, ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრისა და შემოვლითი გზის თანაკვეთიდან ბონი-გოროდოკის უბანში სატრანსპორტო კვანძზე; ბონი-გოროდოკის სატრანსპორტო კვანძიდან ფერიის მთისა და მახვილაურის გავლით, გარშემოსავლელ გზაზე, ბათუმი-ახალციხის გზის კვეთაზე არსებულ სატრანსპორტო კვანძზე; ამ უკანასკნელიდან სამომავლო სარფისკენ მიმავალი მაგისტრალური გზის შუა ხაზზე ჭოროხამდე“.
აღნიშნული ვარიანტის/ალტერნატივის მიხედვით „ქალაქი თითქმის მთლიანად იერთებს ფერიის მთის ნაწილს, სადაც ადმინისტრაციული საზღვარი რიგით ქუჩაზე გადიოდა და ამ გზის პირზე მცხოვრები მოსახლეობის ერთი ნაწილი ირიცხება ბათუმის რეგისტრაციაში, ხოლო მეორე – არა.
აღნიშნული ცვლილებით ბათუმის ადმინისტრაციული საზღვარი იცვლება დაახლოებით 30 ჰექტარით [ნამატი]. ქალაქს აკლდება ხელვაჩაურის დასახლებისა და სამრეწველო უბნის მნიშვნელოვანი ნაწილი [მთლიანი ქალაქის ტერიტორიის 7%], სანაცვლოდ ჩრდილოეთით ემატება დაახლოებით 200 ჰა ტერიტორია.
ამ ტერიტორიის მომატება სტრუქტურულად მნიშვნელოვნად შეიძლება ჩაითვალოს ქალაქისთვის, ვინაირად აღნიშნულ მონაკვეთში ბათუმის ყველაზე ფართო მონაკვეთი მხოლოდ 1.5 კმ-ს შეადგენს, რაც ძალიან რთულს ხდის სანაპიროზე არსებული გზის ალტერნატიული პარალელური კავშირის ჩამოყალიბებას განაშენიანების სიღრმეში.
შეკავშირებულობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი გრძივი კავშირი ემატება ქალაქს ფაღავა-ნონეშვილი-გოგოლი-ბაგრატიონი-მთისძირი-გაგარინი-ჯაყელი-შარაშიძის მონაკვეთის გაძლიერებით, ბათუმი-ახალციხის გზის მონაკვეთამდე“.
ამ ალტერნატივისგან განსხვავებულ ვერსიაზე მუშაობენ ბათუმის და ხელვაჩაურის საკრებულოები.
ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით ბათუმს უნდა გამოაკლდეს 145,4 ჰექტარი ტერიტორია, რომლის საზღვარი უნდა დაიწყოს ბათუმში, გრიგოლ რობაქიძის ქუჩისა და ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილის კვეთიდან, ჩაუყვება 1 ქუჩას და შეუერთდება ფრიდონ ხალვაშის გამზირს, რომელიც გაგრძელდება მახოს ხიდამდე, მახოს ხიდიდან გაუყვება ჭოროხის ქუჩას, შეუერთდება ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილის 1 შესახვევს, გადავა ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილის ქუჩაზე და შეუერთდება გრიგოლ რობაქიძის ქუჩას.
მიუხედავად ასეთი ალტერნატივისა, სგშ-ს ანგარიშში აღნიშნულია, რომ უმჯობესია საზღვრები არ შეიცვალოს, ვინაიდან „ძირეული საკითხების რეალიზება შემოთავაზებული ალტერნატივებიდან საკმაოდ ხანგრძლივი და დიდ ფინანსებთან დაკავშირებული პროცესია“.
„შესაბამისად, ყველაზე ოპტიმალურ, სიცოცხლისუნარიან ვარიანტად გეგმარებითი ჯგუფი მიიჩნევს, ბათუმი განვითარდეს არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებში პოლიცენტრულად, გრძივი და განივი კავშირების გაძლიერებით“ – ვკითხულობთ დოკუმენტში.
ქალაქის პოლიცენტრულ განვითარებასთან დაკავშირებით კი დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ისტორიულად ბათუმი ჩამოყალიბდა როგორც საკმაოდ კომპაქტური, ერთი მთავარი ცენტრის გარშემო შექმნილი დასახლება, თუმცა გვიანი საბჭოთა პერიოდისა და, განსაკუთრებით, დამოუკიდებლობის ბოლო ორი ათწლეულის ურბანულმა ზრდა-განვითარებამ ახალი რეალობის წინაშე დააყენა ქალაქი.
მისი ტერიტორიული განფენილობის ერთგვარმა „გაწელვამ“ სანაპირო ზოლის გასწვრივ, განსაკუთრებით საზღვრისპირა დასახლებების [გონიო, კვარიათი] და ყოფილი ხელვაჩაურის რაიონის ზოგიერთი ტერიტორიის ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცევამ, კორექტივები შეიტანა მისი გეგმარებითი სტრუქტურის შესახებ შეხედულებებსა და საჭიროებებში ქალაქის ცენტრის, შუალედური ზონისა და პერიფერიის ხელახალი გააზრების შესახებ.
დიდი ქალაქებისათვის დამახასიათებელი ასეთი ტრანსფორმაცია გავლენას ახდენს ქალაქის სტრუქტურულ მოწყობაზე, რაც ჩვეულებრივ მისი მონოცენტრული ფორმიდან პოლიცენტრულად გარდაქმნას უკავშირდება.
ის გულისხმობს ქალაქის არა მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთშემავსებელი არეალის საკმაოდ მაღალი ინტენსივობით განვითარებას და უფრო მრავალფეროვანი ფუნქციებით დატვირთვას, ვიდრე ეს დამახასიათებელია დანარჩენი ურბანული ქსოვილისათვის“.
გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფი აცხადებს, რომ „პოლიცენტრული სისტემის იერარქიაში ყველაზე დაბლა მდგომი არეალებია საუბნო ცენტრები, რომელთა ძირითადი მიზანი და ამოცანა საუბნო დონეზე მოთხოვნათა დაკმაყოფილება და პირველადი სერვისებით უზრუნველყოფაა. მსგავსი ტიპის ცენტრებად კი წარმოდგენილია: მახინჯაურის საუბნო ცენტრი, ხელვაჩაურის საუბნო ცენტრი და გონიოს საუბნო ცენტრი“.
ხელვაჩაურის საუბნო ცენტრთან დაკავშირებით სგშ-ს ანგარიშში წერია, რომ რადგან „ხელვაჩაურის დასახლება ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეობს, კონფლიქტური მდგომარეობა იქმნება გადაწყვეტილებების მიღებისა და ოპერირების თვალსაზრისით. ამ გაურკვევლობამ მნიშვნელოვანი უკმაყოფილებები დააგროვა ადგილობრივ მოსახლეობაში და მისი გაკეთილშობილებისკენ გადასადგამი ნაბიჯები კიდევ უფრო ნათელი გახადა.
შესაბამისად, აუცილებელია ხელვაჩაურის დასახლების გააქტიურება და გაძლიერება საუბნო ცენტრად, რომელიც არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობის სერვისების უზრუნველყოფაზე იქნება ორიენტირებული, არამედ მაღალმთიან აჭარასთან დამაკავშირებელი ერთგვარი სადგური და შემკრები იქნება, რაც მას განსხვავებულ და გამორჩეულ ნიშას მისცემს“.
აღსანიშნავია, რომ „ოცნების“ ხელისუფლება არც ბათუმის გენგეგმის დამტკიცებას ჩქარობს და არც ადმინისტრაციულ საზღვრებთან დაკავშირებით საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტას. გენგეგმის შემუშავებაზე მუშაობა 2017 წელს დაიწყო, ხოლო საზღვრების შეცვლაზე ბათუმის საკრებულო 2019 წელშიც იყო მზად.
ბათუმის მერიას გენგეგმის შესამუშავებლად „სითი ინსტიტუტი საქართველოსთან“ ხელშეკრულება 2021 წელს 2 495 700 ლარზე აქვს გაფორმებული და აქედან უკვე გადახდილი აქვს 1 796 904 ლარი.
ხელვაჩაურის მერიამ კი მუნიციპალიტეტების „საზღვრების დემარკაციის რუკა“ და სხვა დოკუმენტები „იდეა დიზაინ ჯგუფს“ დაამზადებინა მიმდინარე, 2026 წელს, რაშიც 7 670 ლარი გადაუხადა.
როგორც ჩანს ბათუმის გენგეგმა „სადაო ტერიტორიას“ ბათუმის საზღვრებში მოიაზრებს, ხელვაჩაურის და ბათუმის საკრებულოებში კი ამ „სადაო ტერიტორიის“ ხელვაჩაურისთვის დაბრუნებას განიხილავენ.
ამ თემაზე:
ხელვაჩაური ბათუმს 145 ჰექტარს სთხოვს – საკრებულოები „საზღვრების დემარკაციაზე“ მუშაობენ






