შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იმერეთის პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 11 ივლისს, ქუთაისში, ქალს საცხოვრებელ სახლში თავს დაესხა, ფიზიკურად გაუსწორდა, პისტოლეტის მუქარით ძვირფასეულობის გატაცება სცადა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული ქალი სამედიცინო დახმარების მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა დაადგინეს და ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.






