„ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც მთელი წელი საზოგადოებას არწმუნებდა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულიად უფასო იქნებოდა, ახლა დანაპირებს ცვლის.
„ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრის პირველი მოადგილის, ზვიად გაბისონიას თქმით, პირველი ორი სემესტრის განმავლობაში სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად დაფარავს სახელმწიფო, თუმცა იმისთვის, რომ სტუდენტმა 100%-იანი დაფინანსება შეინარჩუნოს, უნდა დააგროვოს კრედიტების 80%-ზე მეტი, „ანუ სემესტრში ჩასაბარებელი შეიძლება დარჩეს მხოლოდ ერთი საგანი“ – ამბობს ზვიად გაბისონია.
„ასეთ შემთხვევაში მისი სრული დაფინანსება გაგრძელდება, ხოლო თუ ვერ აითვისა 80%-ზე მეტი, სახელმწიფო მას გადაუხდის სწავლის საფასურის 50%-ს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ სტუდენტი მესამე სემესტრიდან უზრუნველყოფს კრედიტების 80%-ზე მეტის დაგროვებას, სახელმწიფო გააგრძელებს მისი სწავლის საფასურის სრულ დაფინანსებას.
ეს გავრცელებული პრაქტიკაა მსოფლიოში და გახლავთ მსოფლიო ბანკის ექსპერტების რეკომენდაცია.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ სტუდენტი მესამე სემესტრიდან მხოლოდ ერთ საგანში ვერ მიიღებს კრედიტს, მაგრამ მომდევნო სემესტრში ყველა კრედიტს დააგროვებს, სრული დაფინანსება კვლავ აღუდგება“- ამბობს გაბისონია.
მისი თქმით, აქ საუბარი არ არის სწავლის შედეგებზე, აკადემიურ მიღწევებსა და ქულებზე.
„საუბარია მხოლოდ საკმარისი კრედიტების დაგროვებაზე. საგანში 51-ქულიანი ბარიერის დაძლევის შემთხვევაში იგულისხმება, რომ სტუდენტს კრედიტი უკვე მოპოვებული აქვს.
მნიშვნელოვანია, რომ თუ სტუდენტი, 50%-იანი დაფინანსების მიღების შემდეგ, აღადგენს 100%-იან საკრედიტო შედეგს, სახელმწიფო კვლავ გააგრძელებს მისი სწავლის ღირებულების სრულ დაფინანსებას“, – ამბობს ზვიად გაბისონია.






