განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2027 წელს უმაღლესი განათლების დაფინანსების საერთო მოცულობა 170 მილიონ ლარს მიაღწევს.
სამინისტროს ინფორმაციით, მოდელი, რომელიც მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით შემუშავდა, ორ ძირითად კომპონენტს – საბაზო და შესრულებაზე დაფუძნებულ დაფინანსებას მოიცავს.
„საბაზო დაფინანსება გულისხმობს დაფინანსების განსაზღვრას აკადემიური პროგრამების განსხვავებული ღირებულების შესაბამისად, სწავლის სფეროებისა და უმაღლესი განათლების საფეხურების – ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის მიხედვით.
ამასთან, უნივერსიტეტების დაფინანსებისას გათვალისწინებული იქნება სტუდენტთა რაოდენობაც, რაც სასწავლო პროცესთან და სტუდენტების მომსახურებასთან დაკავშირებული საბაზო ხარჯების დაფარვას უზრუნველყოფს.
საბაზო დაფინანსებას ეტაპობრივად დაემატება შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსების კომპონენტი, რომელიც სახელმწიფო დაკვეთის შესრულების შედეგებზე იქნება ორიენტირებული.
ეს მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
- განათლების ხარისხი და ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობა;
- კვლევის, განვითარებისა და ინოვაციების ხარისხის გაუმჯობესება;
- ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა;
- რეგიონული განვითარების ხელშეწყობა;
- უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა.
სამინისტრო სახელმწიფო უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, თითოეული უნივერსიტეტის მისიის, მიზნების, პროფილისა და რესურსების გათვალისწინებით, ინდივიდუალურად განსაზღვრავს სახელშეკრულებო დაფინანსების პირობებს“ – წერს სამინისტრო.
სამინისტროს განცხადებით, დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვის პირველი ეტაპისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 42 მილიონი ლარი გამოიყოფა და 2027 წელს უმაღლესი განათლების დაფინანსების საერთო მოცულობა 170 მილიონ ლარს მიაღწევს.
_______________
ფოტოზე: ბსუ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი






