სიახლეები

კონფლიქტი BTM-ში

25.09.2012 •
კონფლიქტი BTM-ში

ხელვაჩაურში, „BTM ტექსტილში“ ინცინდენტი მოხდა. როგორც ფაბრიკის თანამშრომელი ნაზი ვარშანიძე აცხადებს, მას წარმოების მენეჯერმა, ხასან იბიშმა  სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ის ცუდად გახდა. „ვთხოვდი სამუშაო მასალა მოეწოდებინა, მან კი მაგიდაზე ხელი დამიბრახუნა და ყველაფერი მომაყარა. ხელმძღვანელობისთვის უნდა მეთქვა მისი საქციელის შესახებ, მაგრამ კადრებში ჩასვლა ვეღარ მოვასწარი, რადგან ცუდად გავხდი“.

როგორც ფაბრიკის თანამშრომლები აცხადებენ, ხასან იბიში არაერთხელ არის შემჩნეული თანამშრომლებთან უხეშ დამოკიდებულებაში.

„საკმაოდ კონფლიქტური ადამიანია და სხვა ოპერატორებთანაც არაერთხელ ჰქონია პრობლემა. რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა მუშებმა პატრული გამოიძახეს. ერთხელ ვუთხარი, ცხრა საათამდე სამუშაოდ ვერ დავრჩები მეთქი და მითხრა, ვირივით დარჩები და იმუშავებო. მსგავს შეურაცხმყოფ სიტყვებს სხვებთან მიმართებაშიც იყენებდა. ჩემი შეურაცხყოფა სხვა თანამშრომლებმა იუკადრისეს და ჩემი დაცვა სცადეს“.  – ამბობს ნაზი ვარშანიძე.

როგორც „ტექსტილის“ იურისტი დავით ჩავლეიშვილი აცხადებს, ინცინდენტის მონაწილე პირები, რომლებსაც შეურაცხყოფა მიაყენა ხასან იბიშმა, პოლიციაში იმყოფებიან და იძლევიან ჩვენებას. „მე ვერ გეტყვით, რა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ხასან იბიში ნაზი ვარშანიძეს. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ მასთან შრომითი ხელშეკრულება მოშლილია და ის დღეს ჩვენთან აღარ მუშაობს. ამგვარ ფაქტებს ჩვენ ვგმობთ“ – აცხადებს იურისტი.

ფაბრიკა თურქულ კორპორაცია ATK-ის ეკუთვნის, რომლის შვილობილ კომპანიას საქართველოში BTM Textile წარმოადგენს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: