300-ნაჭრიანი ტორტი და ტორტის გაჭრის ცერემონია, ლურჯი ხალიჩა, ლედ-ეკრანი, ფოიერვერკები, დეკორაციები და სხვა მომსახურება უნდა გასწიოს ტენდერში გამარჯვებულმა, რომელსაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის [ბსუ] კურსდამთავრებულ სტუდენტთა გაცილების ღონისძიების ორგანიზება დაევალება.
მომსახურების შესყიდვაზე ბსუ-მ ტენდერი 56 ათას 350 ლარით გამოაცხადა.
ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 22 ივლისს დაიწყება და 24 ივლისს დასრულდება.
„მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს 1 დღის განმავლობაში, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 16 აგვისტომდე, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად“, – აღნიშნულია ტენდერში.
ბსუ-ს კურსდამთავრებულ სტუდენტთა გაცილების ღონისძიების ორგანიზატორმა უნდა უზრუნველყოს:
სცენა, ლედ ეკრანი, ღონისძიების გახმოვანება;
ფოტო-ვიდეო გადაღება [დრონით გადაღება, კურსდამთავრებულთა გამოშვების ვიდეოკლიპის დამზადება; ღონისძიების ოფიციალური ნაწილის სრული
ვიდეო ჩანაწერის დამზადება [არაუმეტეს 90 წუთი];
მასშტაბური კულტურულ-გასართობი ღონისძიებების წაყვანის გამოცდილების მქონე წამყვანი [შემსყიდველთან შეთანხმებით], რომელმაც უნდა უზრუნველყოს ღონისძიების ოფიციალური ნაწილის წაყვანა;
მომენტალური ფოტოს ბეჭდვის აპარატის განთავსება – 3 საათის ხანგრძლივობით და მინიმუმ 500 ფოტოს ბეჭდვის შესაძლებლობით. ასევე ღონისძიების დაწყებიდან დასრულებამდე უნდა განხორციელდეს 360 Photo აპარატის განთავსება, რომლითაც სტუდენტები შეძლებენ 360 გრადუსით SLOW MOTION ვიდეოების გადაღებას;
ტორტის დაჭრის ცერემონიის ორგანიზება. ტორტი – 300 ნაჭრიანი, მარციპანის, დიზაინი შეთანხმებით; ერთჯერადი თეფში 500 ცალი, ჩანგალი 500 ცალი; ტორტის შემოტანა გორგოლაჭებიანი სადგამით; დაჭრა-დანაწილებისთვის პერსონალის უზრუნველყოფა;
ტორტის გაჭრის ცერემონიის პარალელურად უნდა განხორციელდეს სცენის ფოიერვერკის-შადრევნის გაშვება სცენის 8 ლოკაციიდან;
პროფესიონალური ფეიერვერკი; სხვადასხვა დეკორაციები: მათ შორის დეკორატიული ჩარჩო ვარსკვლავი და კლასიკური სათვალე, ჰალსტუხი, დეკორაცია –
კურსდამთავრებულის ქუდი;
სერტიფიკატი ჩარჩოში, A4 ფორმატი, 300 გრ. ტილოს ფაქტურა. ბეჭდვა ფერადი 4X0; ჩარჩო – A4 ფორმატის, ოქროსფერი, კედელზე მისამაგრებლით, მასალა – პლასტმასი. ცალი 150;
ხალიჩის ბილიკი – ლურჯი ხალიჩა 1,5 მეტრი სიგანე, 30 მეტრი სიგრძე. 5 მეტრი სიმაღლეზე ლურჯი და თეთრი ქსოვილებით საჩრდილობლის მოწყობა სკამების ტერიტორიაზე, ესკიზის შესაბამისად. ეს ყველაფერი დამკვეთთან შეთანხმებით.“
პირობის მიხედვით მომსახურების გაწევის ადგილია ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35 [ბსუ].
ამასთან, „ღონისძიების დასრულების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ძალებითა და ხარჯებით განახორციელოს ღონისძიების ფარგლებში მოწყობილი სცენის, დეკორაციების, ხმის, განათებისა და სხვა დროებით დამონტაჟებული კონსტრუქციების/ინვენტარის სრული დემონტაჟი და ღონისძიების ჩატარების ადგილის თავდაპირველ მდგომარეობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ მდგომარეობაში დატოვება.
დემონტაჟის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გატანა და ტერიტორიის დასუფთავება ასევე ეკისრება მიმწოდებელს.“
ბსუ-ს კიდევ ერთი ტენდერი აქვს გამოცხადებული „კურსდამთავრებულთათვის მანტიების, საყელოებისა და ქუდების შესყიდვაზე“. ამ ტენდერის ფარგლებში 500-500 ცალ მანტიას, ქუდს და მანტიის საყელოს შეიძენენ. ტენდერი 26 680 ლარით იყო გამოცხადებული და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება. ბსუ-ს შპს „ჩუდაკი“ მომსახურებას 19 950 ლარად სთავაზობს.
-
მთავარ ფოტოზე – ესკიზები ტენდერიდან
აღსანიშნავია, რომ გასულ, 2025 წელს, ბსუ-მ პირველკურსელებიც დაპატიჟა ტორტზე. მაშინ ტორტი 150-ნაჭრიანი იყო, ღონისძიების ორგანიზებაში კი უნივერსიტეტმა 18 850 ლარი გადაიხადა.
ამ თემაზე:






