მთავარი,სიახლეები

„ძალაუფლებას თუ შეინარჩუნებენ, გადავლენ უფრო მასშტაბურ ბოროტებაზე“ – ინტერვიუ

26.05.2026
„ძალაუფლებას თუ შეინარჩუნებენ, გადავლენ უფრო მასშტაბურ ბოროტებაზე“ – ინტერვიუ

„ეს რეალობა უკვე დადგა: ჩვენ ვართ ფეოდალურ, ტოტალიტარულ, კოლონიური გამოცდილებების ნარევი ჰიბრიდის მმართველობის ქვეშ, თანაც მტრულად განწყობილი და ისტორიული მჩაგვრელის, უცხო სახელმწიფოს, რუსეთის გარანტიით,“ – გვესაუბრება ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი. მას 26 მაისს „ოცნების“ პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის გზავნილებზე ვესაუბრეთ: დამოუკიდებლობის დღეს ოკუპაციასა და დაკარგულ ტერიტორიებზე, ასევე, სხვა ეროვნულ ინტერესებზე „ოცნების“ ხელისუფლებას არაფერი უთქვამს.

„ერთადერთი, რაც ახალი იყო დღევანდელ გამოსვლაში, იყო ის, რაც ახასიათებს რეჟიმებს: როდესაც მათ ლეგიტიმაცია არ აქვთ და, ფაქტობრივად, საზოგადოების შიგნით რეალური დასაყრდენი აღარ არსებობს, ამ დროს მათ სჭირდებათ საყოველთაო სტატუსის, რესურსის მქონე ღირებულება ან ინსტიტუტი, რომელსაც ისინი ამოეფარებიან და მის ინსტრუმენტალიზაციას დაიწყებენ, მასზე პარაზიტირებას, რომ თვითონ სახე გაიკეთილშობილონ.

ლოზუნგი „საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო“ – ეს დამახასიათებელი მანერაა რუსული გავლენის ქვეშ მყოფი რეჟიმებისთვის… მსგავსი მიდგომა ფუნდამენტურად უპირისპირდება თანამედროვე სახელმწიფოს – იმ სახელმწიფოს, რომელიც 1918 წლის 26 მაისს დაფუძნდა და 1991 წლის 9 აპრილს აღდგა. ეს არის დემოკრატიული რესპუბლიკა, რომლის კონსტიტუციაშიც ხაზგასმით აღნიშნულია – თანასწორობა ყველა იდეის, მათ შორის, რელიგიისა, გამონაკლისის გარეშე,“ – ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

„ბათუმელებმა“ ისტორიკოს, SOVLAB-ის მკვლევართან, ირაკლი ხვადაგიანთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ოცნების“ პრეზიდენტს, ასევე პრემიერ-მინისტრს არ უხსენებიათ 26 მაისის სიტყვაში დაკარგული ტერიტორიები, ევროპული მომავალი, ოკუპაცია, მათი მთავარი გზავნილი იყო ის, რომ „საქართველო ქრისტიანული სახელმწიფოა“. თქვენთვის რა იყო მნიშვნელოვანი „ოცნების“ დღევანდელ გზავნილებში? 

ფუნდამენტურად ახალი და მოულოდნელი არაფერი არ იყო მათ რიტორიკაში.

ილაპარაკო ყველაფერზე, გამოგონილ საფრთხეებზე, გამოგონილ გამოწვევებზე და რეალურ შინაარსს აუარო გვერდი – ეს არის მუდმივი ხაზი, რასაც მიჰყვება რუსული პროპაგანდა და ცხადია, მათი სატელიტები ყველგან. ამის კლასიკური მაგალითებია, როგორც ოკუპაციის დღე – 25 თებერვალი, ისე დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე – 26 მაისი.

მთავარი მომენტია, რაღაცნაირად ორიენტირები შებრუნდეს: საფრთხედ, გამოწვევად უნდა გამოჩნდეს რაღაც შეთქმულებები, საერთაშორისო, მტრული ძალები, კორპორაციები. ეს, ცხადია, რუსული პროპაგანდის ტრადიციით, ყოველთვის იფუთება ისე, რომ თითქოს საფრთხე მოდის დასავლეთიდან.

რა თქმა უნდა, არაფერი არ უნდა იყოს ნათქვამი რუსულ იმპერიალიზმზე, წარსულსა და თანამედროვეობაში აგრესიულ ომებზე, გენოციდებზე, ტოტალიტარულ ტერორზე, კოლონიზაციაზე, იდენტობის წაშლაზე, შეზღუდვაზე.

ერთადერთი, რაც ახალი იყო დღევანდელ გამოსვლაში, იყო ის, რაც ახასიათებს რეჟიმებს: როდესაც ლეგიტიმაცია არ აქვთ და, ფაქტობრივად, საზოგადოების შიგნით რეალური დასაყრდენი აღარ არსებობს, ამ დროს მათ სჭირდებათ საყოველთაო სტატუსის, რესურსის მქონე ღირებულება ან ინსტიტუტი, რომელსაც ამოეფარებიან და მის ინსტრუმენტალიზაციას დაიწყებენ, მასზე პარაზიტირებას, რომ სახე გაიკეთილშობილონ.

ცხადია, ცივილიზაციურად ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, როდიდან აითვლება ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში, მაგრამ ამაზე ისტორიული კონსენსუსი არ არსებობს. ეს საუკუნის და ათასწლეულების დონეზე ანგარიშდება.

ამას რომ თავი დავანებოთ, ამ მნიშვნელოვანი ისტორიული, ცივილიზაციური და კულტურული იდენტობის შემადგენელი ელემენტის ხელოვნურად შემოყვანა თანამედროვე დემოკრატიული, ცივილიზებული, სეკულარული, რესპუბლიკის დაფუძნების დღის გზავნილის გადასაფარად, ცხადია, გვაჩვენებს, რა ტიპის მანიპულაციასთან გვაქვს საქმე.

ამავდროულად, ნებისმიერი ჯანსაღი რელიგიური ორგანიზაციისთვის, ინსტიტუტისთვის, ეკლესიისთვის, ასეთი თამაში სახიფათოა ხელისუფლებასთან.

როდესაც ხელისუფლება თავისი რეპუტაციის გასაკეთილშობილებლად იწყებს ეკლესიის და რელიგიის ინსტრუმენტალიზაციას, მასაც აზიანებს, ცხადია.

თუკი ეს პროცესი ღრმად წავა და დიდი ხანია ეს ჩვენს ქვეყანაში უკვე ღრმად არის წასული, ორთავეს ძალიან ცუდი პერსპექტივა შეიძლება შეექმნას.

ირაკლი ხვადაგიანი

ამ ისტორიულ მანიპულაციას და პარაზიტირებას რომ თავი დავანებოთ, თვითონ ლოზუნგი „საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო“ – ეს დამახასიათებელი მანერაა რუსული გავლენის ქვეშ მყოფი რეჟიმებისთვის. მათ მემკვიდრეობით აქვთ მიღებული საბჭოურ-რუსული დამკვიდრებული კლიშე, რომელიც ერს და ხალხს უყურებს, როგორც ეთნოგრაფიულ, ფოლკლორულ ერთობას და არა თანამედროვე, ცივილიზებულ საზოგადოებას. მას, რა თქმა უნდა, კულტურული, რელიგიური და სხვა იდენტობის განმსაზღვრელ ელემენტები აქვს, მაგრამ ეს არის ბუნებრივად და არ არის რომელიმე ერთზე პრივილეგირებული.

მსგავსი მიდგომა ფუნდამენტურად უპირისპირდება თანამედროვე სახელმწიფოს – იმ სახელმწიფოს, რომელიც 1918 წლის 26 მაისს დაფუძნდა და 1991 წლის 9 აპრილს აღდგა. ეს არის დემოკრატიული რესპუბლიკა, რომლის კონსტიტუციაშიც ხაზგასმით წერია – თანასწორობა ყველა იდეის, მათ შორის, რელიგიისა, გამონაკლისის გარეშე.

კონკორდატიც არ გულისხმობს იმას, რომ მრავალეთნიკური, მრავალკულტურული და მრავალრელიგიური საქართველოს საზოგადოება, ქართველი ერი პოლიტიკური თვალსაზრისით გამოცხადდეს ექსკლუზიურად, რომ არის ან მუსლიმური, ან ქრისტიანული, ან მაზდეანური და ასე შემდეგ.

  • უქმნის ეს საფრთხეს დამოუკიდებლობას, როცა დამოუკიდებლობის დღეს ხელისუფლება ძირითადად ლაპარაკობს რელიგიაზე და არა დამოუკიდებლობის დღეს არსებულ საფრთხეებზე?

პირველ რიგში, ეს არის არასამართლიანი დამოკიდებულება სხვა რელიგიების მიმართ, ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც ათეული საუკუნეების განმავლობაში იყვნენ ქართული სამეფო-სამთავროების შემადგენლობაში, თანამედროვე რესპუბლიკის მოქალაქეები, მთელი თაობები, რომლებიც არიან მუსლიმები, ან ქართველი ებრაელები.

ნაცვლად იმისა, რომ სამოქალაქო ხელისუფლება ისევე, როგორც ნებისმიერი ცალკე აღებული კონფესია, მოწოდებული იყოს დიალოგსა და თანამშრომლობაზე, ერთიანობაზე, სოლიდარობასა და სიკეთეზე, განხეთქილებას აღრმავებს.

ერთი რელიგიის ვიწრო ხედვაში რომ ჩავრჩეთ, რიტორიკას და საქმეებს შორის, რელიგიის მიერ შემოტანილ ღირებულებებს შორის არის სრული აცდენა. რელიგია არის სამართლიანობაზე, სიკეთეზე, სიყვარულზე, ურთიერთგაგებაზე ორიენტირებული ფილოსოფია. ამ დროს ჩინოვნიკები, რომლებსაც მიტაცებული აქვთ ხელისუფლება, თავიანთი მოქალაქეების ორგანიზებულ წამებაში და ჩაგვრაში არიან ყელამდე ჩაფლული და დახელოვნებული, მათ შორის, ქრისტიანი მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის.

ამ მრევლის არაერთი წევრია დღეს გამოკეტილი ციხეში სრულიად უსამართლოდ.

ძალიან მკაფიოა, რამხელა თვალთმაქცობასა და უტიფრობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ასეთი მანიპულაცია ხდება რელიგიური თემით და ამით იფარება ისეთი კატასტროფული გამოწვევა, როგორიც არის ოკუპაცია, დემოგრაფია, ქვეყნის დაცლა…

  • ირაკლი კობახიძე დღეს ამბობდა: „საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს“. რეალურად რა არის დღეს დამოუკიდებლობის ყველაზე დიდი გამოწვევა? 

ადეკვატური შეფასება იქნებოდა ის, რომ ეს არის კლასიკური, ტოტალიტარული ტყუილი. ამის გარეშე მათ არსებობა არ შეუძლიათ. საკმარისია მათ მოაშორო გაძლიერებული კორდონები, სპეცრაზმები, სახელმწიფო დაცვა, პოლიცია, მათივე დამსჯელი დაჯგუფებები, ვნახავთ, რომ არ შეუძლიათ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებთან თავისუფლად ურთიერთობა, საჯარო ადგილებში გამოჩენა.

ძალიან კარგად იციან, რომ აბსოლუტური უმრავლესობისთვის ისინი არიან ორგანულად მიუღებელი თავიანთი ნამოქმედარის გამო, ზუსტად ამ რიტორიკის გამო. ეს არის თვალში ნაცრის შეყრა, ადამიანების დაცინვა, რომლებიც იტანჯებიან მათი ბოროტი გადაწყვეტილებების შედეგად.

ასე საბჭოთა რეჟიმი ამტკიცებდა, რომ თითქოს ის იყო ყველაზე ჰუმანური, დემოკრატიული,  თავისუფალი, ყველაზე სამართლიანი არჩევნებიც იქ ტარდებოდა და ყველაზე მდიდარი, უზრუნველყოფილი მოქალაქეები იქ ცხოვრობდნენ, ამ დროს კანიბალიზმამდე მიდიოდა ეკონომიკური კოლაფსის გამო ადამიანების უზარმაზარი მასები.

ამ ტოტალურ ტყუილში იძულებით მცხოვრები, ამ გამოცდილების მქონე თაობები უკვე მიჩვეული იყვნენ, რომ რასაც ოფიციალური წყაროები უტიფრად ამტკიცებდნენ, სინამდვილე 180 გრადუსით საპირისპირო იყო, მაგალითად, თუ ამტკიცებდნენ, რომ კეთილდღეობა იყო, სინამდვილეში იყო სიღატაკე და საშინელი ეკონომიკური კოლაფსი.

იგივე შეიძლება ითქვას დღევანდელ რიტორიკაზეც.

დამოუკიდებლობის ყველაზე დიდი საფრთხე არის ის, რაც არის მისი საპირისპირო – მონობა, დამოუკიდებლობის არქონა. ეს სახელმწიფოს შემთხვევაში გამოიხატება იმაში, რომ არ არსებობს მართვის სამართლიანი გარემო, არ არსებობს კანონიერი წარმომადგენლობითობა, რომელიც ასევე სამართლიან წესებს და კონკურენციას ეფუძნება — თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს.

მნიშვნელოვანია სასამართლო და ქონებრივი, ეკონომიკური თავისუფლება, სადაც ადამიანს აქვს ხელშეუხებლობა – გონიერებით და შრომით დოვლათი შექმნას. როდესაც ეს ყველაფერი მოშლილია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საუბარი  დამოუკიდებლობაზე და თეორიულ საფრთხეებზე უკვე გავლილია.

ეს რეალობა უკვე დადგა: ჩვენ უკვე ვართ გაუქმებული ქვეყანა და ვართ ფეოდალურ, ტოტალიტარულ, კოლონიური გამოცდილებების ნარევი ჰიბრიდის მმართველობის ქვეშ, თანაც მტრულად განწყობილი და ისტორიული მჩაგვრელის, უცხო სახელმწიფოს, რუსეთის გარანტიით.

ამის შემდეგ არსებობს საფრთხის მომდევნო ფაზა: თუ ამ ტიპის ძალაუფლების შენარჩუნებას შეძლებენ, მერე გადადიან უფრო მასშტაბურ ბოროტებაზე – ეს არის პირდაპირი განადგურება, მოსპობა მოწინააღმდეგეების, ადამიანების მთელი ჯგუფების, სოციალური ფენების. ეს ადრეც გაუკეთებიათ და ახლაც შეიძლება ამის საფრთხე იყოს. მათ ეს სურთ აშკარად, არც მალავენ ამას, მაგრამ ამ ეტაპზე რესურსი არ ჰყოფნით.

ერთ-ერთი პოზიტიური და ოპტიმისტური ხედვა მომავლის არის, რომ ეს საფრთხეები დამდგარია, უფრო მასშტაბური საფრთხეებიც მოახლოებულია, მაგრამ ჩვენს საზოგადოებას აქვს წინააღმდეგობის რესურსი.

ასევე, თავისუფალ სამყაროს შეუძლია, დახმარების ხელი გამოგვიწოდოს ამ ბრძოლაში და შევძლოთ შევაჩეროთ ამ საფრთხეების მოახლოება.

  • რა შემთხვევაშია ეს შესაძლებელი? რა დაგვანახა ამ კუთხით დამოუკიდებელი საქართველოს გამოცდილებამ, როგორც პირველმა რესპუბლიკამ, ისე 9 აპრილის შემდეგმა პერიოდმა? 

გადარჩენის, დამოუკიდებლობის რეალურად დაბრუნების და გაღრმავების გზა არის ძლიერი საზოგადოების, ძლიერი პოლიტიკური პარტიების ქონა ან არსებულის, რა თქმა უნდა, გაძლიერება, შემდეგ კი, შემობრუნების წერტილის პოვნა.

დღეს ამ სამყაროში ყველაფერი დაფუძნებულია ადამიანების სოლიდარობაზე, აზრის, იდეის, ღირებულების გარშემო გაერთიანებაზე, რესურსების მობილიზებაზე. მნიშვნელოვანია მკაფიო ხედვით და სტრატეგიით მოძრაობა.

ყველა მოქალაქე, ვისაც ესმის ამ საფრთხეების მასშტაბი და იცის, რა არის სამართლიანი, რა არის სწორი, უნდა დაუკავშირდეს ერთმანეთს, იპოვოს, გაერთიანდეს პროფესიული ნიშნით, ტერიტორიული ნიშნით, რაღაც საერთო ჰობის გარშემოც კი, ყველგან, ყველა სივრცეში, ყველა სფეროში. ეს გაერთიანება უნდა შედგეს ფუნდამენტური ღირებულების გარშემო, როგორიც არის დემოკრატია, თავისუფლება, კეთილდღეობა, ევროპული გარემო და სტაბილურობა.

ამ შემთხვევაში ძალიან გაუჭირდება თუნდაც მათზე გაცილებით ძლიერ სისტემას, მასშტაბური და ორგანიზებული წინააღმდეგობა გატეხოს ან შეაჩეროს, მისგან დაიცვას თავი. ამის რესურსი ნამდვილად არის ჩვენს საზოგადოებაში.

ვნახეთ, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ფაქტობრივად ყველა მოქალაქემ სიმბოლური თუ მნიშვნელოვანი რესურსი გაიღო სასიკვდილო საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვების დასაცავად. ეს ნიშნავს, რომ ეს საზოგადოება არის ჩამოყალიბებული, ამ პოტენციალის მქონეა და ეს დაბრკოლება არის გადასალახი.

დასამარცხებელია რეჟიმი, რომელსაც მიტაცებული აქვს სახელმწიფო სტრუქტურები. ამ რეჟიმისგან გათავისუფლების შემდეგ ეს იქნება ძალიან ძლიერი და დიდი პოტენციის მქონე ქვეყანა.

  • ზოგს მიაჩნია, რომ საქართველოში არ გამოვა დიქტატურა, რადგან იგივე პირველ კონსტიტუციაში გაიწერა დემოკრატიული, ევროპული ღირებულებები. არის ეს მშვიდად ყოფნის საფუძველი? 

ცხადია, წარსულს ეს ძალა აქვს და ეს ჩვენი რესურსის ნაწილად შეგვიძლია ჩავთვალოთ, როგორც მეხსიერება – ერთგვარი კულტურული კოდი, ვიცით, რომ შეგვეძლო ამის გაკეთება, გაგვიკეთებია კიდეც ამ იდეაზე, ამ სიმბოლოებზე.

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი რესპუბლიკა დაეფუძნა ათწლეულების განმავლობაში მანამდე აწყობილ და განვითარებულ დიდ ტალღებს სოლიდარობის, თვითმოქმედების, სამოქალაქო საზოგადოებას, რასაც დღეს ვეძახით და ძლიერ პოლიტიკურ პარტიებს.

ეს არის წარსულიდან რისი გამოყენება შეგვიძლია, რითაც უნდა გავძლიერდეთ დღევანდელ ბრძოლაში… ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და გაძლიერებისთვის მებრძოლი ადამიანების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელობისთვის.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: