მთავარი,სიახლეები

„მინიმუმ სამი შვილი უნდა გააჩინონ წყვილებმა, რომ შობადობის მატება იყოს ქვეყანაში“ – დემოგრაფი

29.04.2026
„მინიმუმ სამი შვილი უნდა გააჩინონ წყვილებმა, რომ შობადობის მატება იყოს ქვეყანაში“ – დემოგრაფი

„შვილის ყოლა საქართველოში კვლავ რჩება საკმაოდ ძლიერ ღირებულებად, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ [წყვილი] გააჩენს ორ ან სამ ბავშვს“, – ამბობს ლელა მენაბდიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი.

რა განაპირობებს საქართველოში შობადობის კრიტიკულად შემცირებას და აქვს თუ არა სახელმწიფოს ოჯახების გაძლიერების პოლიტიკა? – ამ თემაზე ესაუბრა ლელა მენაბდიშვილს „ბათუმელები“.

ლელა მენაბდიშვილი

  • ქალბატონო ლელა, თქვენი, როგორც სპეციალისტის დაკვირვებით, რა არის საქართველოში შობადობის შემცირების მიზეზი?

შობადობის მაჩვენებელს ყველაზე კარგად ასახავს ერთ ქალზე გაჩენილი ბავშვების რაოდენობა. ანუ, წყვილმა უნდა გააჩინოს მინიმუმ სამი შვილი, რომ შობადობის მატება იყოს ქვეყანაში.

ორი ბავშვი ნიშნავს, რომ მომდევნო თაობა ანაცვლებს წინას. მესამე უკვე არის მატება. როცა ორი ბავშვია, აქ მოსახლეობის აღწარმოება არ ხდება. ჩვენთან სამი შვილი არ არის, ძირითადად არის ორი შვილი.

21-ე საუკუნე ავიღოთ, ამ საუკუნეში პირველი ჩავარდნა გვქონდა 2000-2007 წლებში, როცა ბუნებრივად, შობადობის გზით მოსახლეობა არ იზრდებოდა.

შემდეგი ეტაპი იყო პატრიარქის ინიციატივა, როცა თქვა, რომ მონათლავდა ყოველ მესამე და მომდევნო შვილს და სხვათა შორის, გაამართლა ამ ინიციატივამ – მომდევნო წლებში ქვეყანაში გაიზარდა შობადობის მაჩვენებელი.

  • გამოდის, მოტივაციისთვის მხოლოდ ეს ინიციატივა ვერ იქნებოდა საკმარისი, რადგან შემდეგ წლებში ხომ ისევ დაიწყო კლება?

ყურადღება უნდა მივაქციოთ იმასაც, რომ პირველი და მეორე ბავშვის რაოდენობა სულ მცირდებოდა. ბუნებრივი კლება ნიშნავს იმას, რომ დაბადებულები უფრო ცოტანი არიან, ვიდრე გარდაცვლილები. ანუ ფაქტობრივად, მოსახლეობა არ იმატებს შობადობის გზით.

მიზეზი ძალიან ბევრია. ყველაზე მეტი კვლევა ამბობს იმას, რომ ბავშვების გაჩენა ადამიანებს ხელს უშლის სამსახურებრივ საქმიანობაში, კარიერულ წინსვლაში. დააკვირდით იმასაც, რომ ქორწინების ასაკმა ძალიან გადაიწია. თუ წინა წლებში ქალის სექსუალური ცხოვრება იწყებოდა ქორწინებით, ახლა ეს სტიგმა მოიხსნა და ქალს შეუძლია ჰქონდეს სქესობრივი ცხოვრება ქორწინების გარეშეც, ისევე როგორც კაცს და ეს აღარ აჩქარებს ქალს.

ქალი ფიქრობს, რომ მოდი, გადავავადებ შვილის გაჩენას, ჯერ ავიწყობ კარიერას, მატერიალურად უზრუნველყოფილი გავხდები და ინდივიდუალურმა ღირებულებებმა წამოიწია წინ.

  • ეს იმიტომ, რომ რეალურად, ქალი დაუცველია ამ ქვეყანაში და ბუნებრივია, რომ ცდილობს გაძლიერდეს ეკონომიკურად.

დიახ, რა თქმა უნდა, ამანაც იქონია გავლენა. ქალი გახდა უფრო თავისუფალი, დაიწყო განათლების მიღება, წავიდა ევროპაში, ამერიკაში და ცდილობს აიწყოს კარიერა. როცა ქვეყანას გაუჭირდა, მაშინაც ხომ ქალი გავიდა ყველაზე მეტი ქვეყნიდან. ქალი აღარ არის დამოკიდებული კაცზე.

მეორე არის ის, რომ მრავალშვილიანობამ, როგორც ღირებულებამ დაკარგა მნიშვნელობა. შვილის ყოლა კვლავ რჩება საკმაოდ ძლიერ ღირებულებად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გააჩენს ორ ან სამ ბავშვს.

სხვათა შორის, აქამდე ყველა კვლევა აჩვენებდა, რომ სასურველი ბავშვების რაოდენობა იყო სამი. წელს ჩავატარე კვლევა, 100 დასაქმებული ქალი გამოვკითხე და ყველას ჰყავს ერთი ან ორი შვილი და მესამეს გაჩენას აღარ აპირებს.

  • თავად რას ასახელებდნენ მიზეზად?

ბავშვების აღზრდის სირთულეს.

  • ეკონომიკური ფაქტორიც ხომ ახდენს ამაზე გავლენას. ძალიან  ძვირია ბავშვის კვება, ჰიგიენა, ძვირია ჯანდაცვა…

რაც უფრო მეტი აქვს შემოსავალი მშობელს, მით უფრო მეტს ხარჯავს შვილის გაზრდაზე.

2022 წელს გამოვკითხე ერთი ადამიანი, რომელიც კერძო კომპანიაში ფინანსურ დირექტორად იყო დასაქმებული და 10 000 ლარი ჰქონდა ხელფასი, მაგრამ მითხრა, რომ არ ჰყოფნიდა. იმიტომ, რომ ორი შვილი მყავს, ცოლი არ მუშაობს და მარტო მე ვარ შემომტანიო. ენგელის კანონია ეკონომიკაში, რომელიც გულისხმობს იმას, რომ რაც უფრო მეტია შემოსავალი, მოთხოვნილებაც მეტია.

  • მსგავსი ხელფასი საქართველოში თანამდებობის პირებს და ერთეულებს აქვთ, მოსახლეობის უმრავლესობა დაბალშემოსავლიანია, სადღაც 700-800 ლარზეც კი მუშაობენ ადამიანები. ეს რამდენად საკმარისია შვილის გასაზრდელად? 

ვერ ვიტყვით, რომ საქართველოში სიღარიბე არ არის და გამოკითხულთა უმრავლესობა მიწერს კიდეც, რომ უჭირთ და ფინანსური პრობლემები აქვთ.

გამოკითხვებში მიწერენ, რომ ბინის პრობლემები აქვთ, რომ მუშაობენ და თავისუფალი დრო არ აქვთ. ყველაზე საშინელება ის არის, რომ შემოდგომაზე გამოვკითხე დასაქმებული ქალები და ვკითხე, რამდენ დროს ატარებდნენ საკუთარ შვილებთან. მითხრეს, რომ 3-4 საათს. თუ არ იმუშავებენ, შვილებს ვერ უზრუნველყოფენ. აქ დგას საბავშვო ბაღის პრობლემაც. სახელმწიფო ბაგა-ბაღები არ არსებობს ბავშვი რომ მიიყვანო, კერძო ბაღი ძალიან ძვირია.

ხომ შეიძლება დეკრეტული შვებულება და ანაზღაურება გაიზარდოს? ძალიან რთული სიტუაციაა კერძო კომპანიაში დასაქმებულებისთვის, რადგან დეკრეტულ შვებულებაში გასულ ქალს ადგილს აღარ უნახავენ. ამიტომ, სახელმწიფომ უნდა მიიღოს კანონი, რომ კერძო და საჯარო უწყებებში თანაბარი პირობებით სარგებლობდნენ დასაქმებულები, რადგან ქვეყანაში ასეთი მძიმე მდგომარეობაა, როცა ბუნებრივი მატების ნაცვლად 25 წელიწადში კლება გვაქვს და 1,7-ია შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი. ფაქტობრივად, აღწარმოება და მშობლების ჩანაცვლებაც კი არ ხდება ამ მაჩვენებლით.

  • სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, დღეს ქვეყანაში 767 185 ქალი და კაცი ცხოვრობს 20-იდან 35 წლის ასაკის. თუმცა, შობადობის მაჩვენებელი გასულ წელს მაინც დაბალი იყო – სადღაც 37 000. რაზეც ვისაუბრეთ, ეს პრობლემები განაპირობებს შობადობის შემცირებას თუ კიდევ სხვა მიზეზიც არსებობს?

ქორწინება საკმაოდ დაბალია იგივე ეკონომიკური პირობების გამო. კაცებს არ შეუძლიათ ოჯახის შექმნა, რადგან არ აქვთ საკმარისი შემოსავალი. გაიხედეთ ქუჩაში, სავსეა ბირჟები კაცებით.

ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს რეგიონებში, ფაქტობრივად დაცარიელებულია. რეგიონის მოსახლეობის თითქმის 35%-ი თბილისში ცხოვრობს. სამი ქალაქი დარჩა – თბილისი, ბათუმი და ქუთაისი, სადაც ყველაზე მეტი მოსახლეობა ცხოვრობს. რეგიონში დარჩნენ მხოლოდ მოხუცები და ვინ შეცვლის მათ? ახალი თაობა აღარ არის. ასობით სკოლაა სოფლებში, რომლებსაც წლებია პირველკლასელი არ მიუღიათ.

  • 2024 წელს 121 425 საქართველოს მოქალაქე გავიდა ქვეყნიდან, 2025-ში 114 374. ალბათ ესეც ახდენს გავლენას შობადობის შემცირებაზე, თქვენ როგორ ფიქრობთ?

ძალიან დიდია ემიგრაციის მაჩვენებელიც. მიდის ხალხი – აქ ვერ ხედავს კეთილდღეობას პერსპექტივაში და იძულებულია წავიდეს. დაბრუნებითაც არავინ ბრუნდება.

2023 წელს, გამოკვლევა რომ ჩავატარეთ დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტმა რეგიონებში, 2 000 კაცი გამოვკითხეთ თითქმის ყველა რეგიონში და აღმოჩნდა, რომ ამ ოჯახების მეოთხედი იყო წასული ემიგრაციაში. დაბრუნდებიან თუ არა, თუნდაც უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში, არც ამაზე აქვთ პასუხი.

  • სამაგიეროდ, 2025 წელს საქართველოში 131 501 უცხოელი შემოვიდა. ეს რა გავლენას მოახდენს დემოგრაფიულ სურათზე, თქვენი აზრით?

ბოლო აღწერის მასალები რომ გამოაქვეყნეს თქვეს, რომ საქართველოს მოსახლეობა გაიზარდა და სადღაც 3 მლნ 900 000-მდეა. ეს მატება, ფაქტობრივად, მოხდა უცხოელების ხარჯზე. რუსეთიდან ბევრია ჩამოსული, უკრაინიდანაც არიან შემოსული ომის გამო და სხვა ქვეყნებიდანაც. ბუნებრივია, ეს ადამიანებიც მოხვდნენ ამ აღწერაში. უცხოელების ხარჯზე მოსახლეობის გაზრდა გვინდა?

  • როგორ ფიქრობთ, ის 37 ათასი ბავშვი, რომელიც წინა წელს დაიბადა, საქართველოს მოქალაქეების შვილები არიან თუ შესაძლოა აქ უცხოელებიც მოიაზრებოდნენ. სადმე არსებობს დიფერენცირებული სტატისტიკა?

სამწუხაროდ, არ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რადგან ეროვნების ჩაწერა არცერთ დოკუმენტში აღარ ხდება. შესაბამისად, ვერ გავიგებთ დაბადებული ბავშვებიდან რამდენია ვთქვათ ეთნიკურად ქართველი.

ზოგადად, თუ საქართველოში შობადობის ასეთი ტენდენციები გაგრძელდა, ეს იქნება დამღუპველი ქვეყნისთვის. აბსოლუტურად ყველა რეგიონში არის ბუნებრივი კლება და როგორმე უნდა დაეხმაროს სახელმწიფო რეგიონებს, რომ არ მოხდეს ახალგაზრდების გადინება.

  • გახსოვთ ალბათ ივანიშვილის განცხადება, როცა თქვა, რომ ხელისუფლება აქ ვერ შექმნიდან სამუშაო ადგილებს და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დასაქმდნენ უცხოეთში. ბოლო წლებში უამრავი რეპრესიული კანონი მიიღეს, აკრძალეს გრანტების მიღება, რაც ეხმარებოდა საქართველოს მოქალაქეებს დასაქმებაში, მცირე ბიზნესის წარმოებაში და ოჯახების შენახვაშიც. ამავდროულად, საუბრობენ იმაზე, რომ შობადობა უნდა გაიზარდოს. თქვენ თუ ხედავთ რეალურ ნაბიჯს, რომელსაც სახელმწიფო მოქალაქის სასარგებლოდ დგამს?

ამ წუთში რეალურ ნაბიჯებს ვერაფერს ვერ ვხედავ, რომ გითხრათ სიმართლე. „უნდა გავმრავლდეთ“ ძახილით ეს პრობლემა არ მოგვარდება, რადგან პრობლემა კომპლექსურია.

სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს ისეთი, რომელიც გაითვალისწინებს ახალგაზრდა ოჯახების ინტერესებს. ახალგაზრდა ოჯახები ითხოვენ, რომ ჰქონდეთ ბინის შეძენის შესაძლებლობა, აღარ უნდათ დედ-მამასთან ცხოვრება და სწორია, რომ უნდათ დამოუკიდებელი ცხოვრება. ამიტომ, უნდა დავწიოთ სესხების პროცენტი და წავახალისოთ ახალგაზრდა ოჯახები, რომ შეძლონ ორი და მეტი ბავშვის გაჩენა.

წავახალისოთ მუნიციპალიტეტებში დარჩენილი ახალგაზრდობა, ხელი შევუწყოთ მეწარმეობის, სოფლის მეურნეობის განვითარებას, რაღაც ისეთი უნდა გააკეთონ სოფლებში, რომ ოჯახები დაინტერესდნენ იქ ცხოვრებით. სამშობლოს სიყვარულიც უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, რადგან სიყვარული არის იმაზე ზრუნვა, რაც შენ გიყვარს ხომ?

ყველამ თუ თავისი წილი აგური არ დადო ამ ქვეყნის მშენებლობაში, არაფერი გამოვა. ჩვენ რომ ვიდგეთ და ვიძახოთ 24 საათი, რომ „ოლიგარქი არაფერს არ გვიკეთებს“ და წავალთ აქედან, გავიქცევით. ის ოლიგარქი აქ დარჩება და იქნება კარგად. ამიტომ, კი არ უნდა გაიქცე, უნდა მობრუნდე, როცა ზურგი გექნება იმის, რომ მყარად დგახარ. შენი განათლებით, შენი ცოდნით უნდა მობრუნდე, რომ შენს ქვეყანას მოახმარო ეს ცოდნა.

ჩვენც გვეძახდნენ „ჩარეცხილებს“ და სამსახურებიდან გაგვყარეს, მაგრამ მოვტრიალდით და ფეხზე დავდექით. ხელფასს არ გვიხდიდნენ, მაგრამ დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი შევინარჩუნეთ. გაქცევა გამოსავალი არ არის.

გამოსავალი არის გზის ძებნა – მოვძებნოთ გონივრული გზა, თორემ თუ ყველა გაიქცევა, აქ დასახლდება სხვა. მე რომ გავიქცე, ჩემი შვილებიც გავიყოლო, ჩვენი ჯიში და ჯილაგი აქ აღარ დარჩება. გადავშენდებით.

  • ყველა ადამიანს აქვს ღირსეულად ცხოვრების უფლება. ფაქტია, რომ საქართველოში ამის შესაძლებლობას ხალს არ აძლევენ.

კარგ ცხოვრებას სხვა ვერ შეგვიქმნის თუ არ შევქმენით ჩვენ. ცხადია, სახელმწიფომ უნდა დაიცვას თითოეული მოქალაქის უფლება, მაგრამ მოქალაქეც ვალდებულია სასარგებლო იყოს თავისი ქვეყნისთვის. მთავრობა მოდის და მიდის. ნამდვილად არ შეიძლება 8 და 12 წელიწადი იყოს ერთი ხელისუფლება. ხელისუფლებას უნდა ეშინოდეს ხალხის და არა ხალხს ხელისუფლების.

ვისთვის შენდება ამდენი სახლები ქვეყანაში, თუ საქართველოს მოქალაქე ვერ იყიდის? ხომ შეიძლება ბიზნესიც ფიქრობდეს ადამიანებზე.

_________________

ამ თემაზე:

„ჩემ გარშემო გოგო-ბიჭების 70%-ი ვერ ვქმნით ოჯახს“ – ქალები რეალურ მიზეზებზე, რატომაც შემცირდა შობადობა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: