„შაჰედის“ სიჩქარე არის 150 კილომეტრი საათში, რეაქტიული დრონის – 600-800 კილომეტრი საათში. ამ დროში რუსული რადარები ვერ ასწრებენ ტრაექტორიის განსაზღვრას და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები ამაზე რეაგირებას. ვოლგოგრადში დაარტყეს სხვადასხვა ობიექტს უკრაინელებმა და საჰაერო განგაშის გამოცხადებაც კი ვერ მოასწრეს. რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა ფაქტობრივად რჩება მოუმზადებელი რეაქტიული დრონების მიმართ,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე რუსეთ-უკრაინის ომზე.
სამხედრო ანალიტიკოსის დაკვირვებით, პუტინი ვერც ამჯერად შეძლებს დათქმულ ვადაში, ანუ 2026 წლის ბოლომდე დონბასის აღებას, პირიქით, 170 კვადრატული კილომეტრი რუსებმა უკვე დაკარგესო და შემდეგ გენერალი ლიმანის ოპერაციაზე გვიყვება, სადაც უკრაინელებმა რუსებს „სამხედრო აზროვნებაში აჯობეს“.
„უკრაინელებმა დაიწყეს შეტევა ე.წ. მწვანე ველისკენ, რაც იყო ყურადღების გადატანითი შეტევა, იქ მოახდინეს რუსებმა კონცენტრაცია და ამ დროს ძირითად მიმართულებაზე განახორციელეს გარღვევა უკრაინელებმა. სხვათა შორის, უკრაინელებმა გამოიყენეს ძველი საბჭოთა BTR 60-ები, რომელიც გადაკეთებული იყო დისტანციური მართვისთვის. ამ მეთოდს ფლოტის ძველ საომარ ხელოვნებაში ერქვა „ბრანდერი“ – გემი, რომელიც დატვირთული იყო ასაფეთქებლებით, შედიოდა მოწინააღმდეგის არეალში, შემდეგ კი, ეჯახებოდა მოწინააღმდეგეს და ფეთქდებოდა…,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი.
რა იცვლება რუსეთ-უკრაინის ომში? – „ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე პოლიტიკური პარტიის – „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერია.
- ბატონო ვახტანგ, გერმანიის კანცლერი კიევშია გზავნილებით, რომ „უკრაინა გადამწყვეტი კვირების წინაშეა… შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ“. ასევე, მერცმა განაცხადა: „რუსეთს თუ არ შევაჩერებთ, ის ომის მანქანას ადრე თუ გვიან ჩვენს წინააღმდეგ მომართავს“. თქვენი დაკვირვებით, რა იცვლება ამ ვიზიტით?
ჩემი აზრით, დიდი ცვლილებები არ იქნება. უბრალოდ, კიდევ ერთხელ პოლიტიკური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერაა უკრაინის მიმართ. ეს ვიზიტი ასევე აჩვენებს იმას, რომ გერმანიაში ბოლო არჩევნების შედეგის მიუხედავად, გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ იცვლება. მერცი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ უკრაინა არის გერმანიის დაცვის გარე ბარიერი და, ფაქტობრივად, ევროპის ერთიან თავდაცვის სისტემაში მოიაზრება.
ახლახან მიიღო უკრაინამ იგივე გერმანიიდან IRIS-T SLM-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, რაც გააძლიერებს უკრაინის საჰაერო თავდაცვას. ერთ ერთეულ სისტემაში შედის ხუთი გამშვები, მართვის ცენტრი, დამტენი მანქანები, მხარდაჭერის მანქანები, რადარი და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარებაა უკრაინისთვის. გერმანია მუდმივად ეხმარება უკრაინას, მხარდაჭერა გრძელდება და ამის ხაზგასასმელად ჩავიდა მერცი კიევში.
- მანამდე კიევში რუსულმა უპილოტოებმა რამდენჯერმე დაარტყა ჩრდილოეთის ხიდს. რატომ აღმოჩნდა ეს ხიდი რუსეთის განსაკუთრებული სამიზნე? ისევ ვერ ხერხდება კიევის სრულად დაცვა?
სრული დაცვა წარმოუდგენელია – ყოველთვის არსებობს რისკი, რომ რაღაც გაიპაროს. რუსეთი ახორციელებს კომბინირებულ დარტყმებს, რაშიც მონაწილეობენ როგორც დრონის იმიტატორები, ისე უშუალოდ დრონები, რეაქტიული დრონი, ბალისტიკური რაკეტა. ამ ყველაფრით ხდება უკრაინის საჰაერო თავდაცვის გადატვირთვა. უკრაინამ 90 % რომ ჩამოაგდოს, 10 მაინც ხვდება მიზანს.
საინტერესოა, რატომ შეიყვანა რუსეთმა ხიდები სამიზნეების სიაში. კიევში არის რვა დიდი ხიდი დნეპრის მარცხენა და მარჯვენა ნაპირის დამაკავშირებელი. დრონით ხიდს ვერ ააფეთქებ, მაგრამ ცდილობენ, რომ დაკიდებული მონტაჟის მქონე ხიდების ბაგირებს დაარტყან, რუსებმა და მწყობრიდან გამოიყვანონ ეს ხიდები. ყოველ შემთხვევაში, რაღაც პერიოდით შეაფერხონ აქ მოძრაობა.
რუსები სამიზნეებს მაინცა და მაინც დიდი სიზუსტით არ არჩევენ. მაგალითად, მეცნიერებათა აკადემიას დაარტყეს ვლადიმეროვის მონასტრის მახლობლად კიევის ცენტრში. რის მომცემი იყო ეს რუსებისთვის სამხედრო თვალსაზრისით? ასევე, დაარტყეს ბირთვული რეაქციის შესწავლის უნივერსიტეტის შენობას, სადაც ორი წელია გაჩერებულია ყველაფერი. რუსები ძირითადად ურტყამენ ყველა შენობას, სადაც შეუძლიათ დარტყმა.
- ზელენსკი ელოდება რუსებისგან საჰაერო დარტყმების კიდევ უფრო გააქტიურებას ზამთრის მოახლოვებასთან ერთად. ამავდროულად, ზელენსკი საუბრობს საკუთარი წარმოების FP-7 ტიპის ბალისტიკური რაკეტების პირველ საბრძოლო გაშვებასა და ტრამპის მხრიდან „პატრიოტის“ რაკეტების წარმოების ლიცენზიის გადაცემაზე. როგორი იცვლება ძალთა ბალანსი რუსეთსა და უკრაინას შორის?
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ზელენსკის ნიუ-იორკში ჩასვლა და იქ დახურული შეხვედრის გამართვა. გაჟღერდა ისიც, რომ „პატრიოტის“ გარდა, სამხედრო განვითარების მხარდაჭერაზეც იყო საუბარი. ასევე, საუბარი იყო იმაზე, რომ ზელენსკიმ შესთავაზა ტრამპს, რომ კარგი იქნება, თუ მოხერხდება ჩინეთის ჩართვა ამ მოლაპარაკებებში.
ტრამპმა მოუწოდა უკრაინას, შეეწყვიტა რუსეთის ენერგოობიექტებზე დარტყმები. ამის საპასუხოდ უკრაინამ განაცხადა, რომ ცალსახად ის არ შეწყვეტდა დარტყმებს და ეს იქნებოდა სარკისებური: თუ რუსეთი შეწყვეტს დარტყმებს, მხოლოდ მაშინ შეწყვეტს უკრაინა დარტყმებსო.
ტრამპმა მინიშნება გააკეთა, რომ იქნება ტრამპისა და პუტინის შეხვედრაც. ეს როდის იქნება და სხვა დეტალები, ძნელი სათქმელია.
რაც შეეხება „პატრიოტის“ რაკეტების წარმოებას: ნებართვის მიცემა ერთია, მაგრამ წარმოების დაწყება ასე მარტივად არ ხდება. ეს მაღალტექნოლოგიური იარაღია და მნიშვნელოვანი ბაზა სჭირდება. სხვათა შორის, პოლონეთმა შესთავაზა უკრაინას, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე განახორციელონ „პატრიოტის“ რაკეტების ერთობლივი წარმოება. ამის დაწყებას მინიმუმ 1 წელი მაინც დასჭირდება.
წარმოიდგინეთ, იგივე თქვენ მიერ ნახსენები FP-7, რომელიც არის ბალისტიკური რაკეტა, რამდენ ხანს ამზადებდა უკრაინა ამ რაკეტას და მისი სერიული წარმოება ჯერ კიდევ არ არის დაწყებული. ეს პირველი გაშვება იყო უფრო დემონსტრაციული და იგეგმება, რომ სადღაც ნოემბრის შუამდე დაიწყება სერიული წარმოება.
ჯერჯერობით ამ რაკეტის მანძილი ძალიან დიდი არ არის – 200 კილომეტრამდეა, თუმცა შეუძლია 150 კილოგრამი საბრძოლო მუხტის გადატანა. მისი სიჩქარე ძალიან მაღალია. უკრაინელები მას უწოდებენ ამერიკული „ატაკამსის“ ორჯერ უფრო იაფ კლონს. FP არის ცნობილი უკრაინული კომპანიის „Fire Point“-ის რაკეტა, რომელიც ასევე ფრთოსან რაკეტებს უშვებს. უკვე ბალისტიკურ FP 9-ზე მუშაობა მიმდინარეობს. ამ კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, მას შეუძლია მოსკოვს მიწვდეს.
- ამ ყველაფრის ამუშავება, რაც დაგეგმილია, შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი ამ ომში?
გადამწყვეტს ვერ ვიტყვით, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთი კარგავს უპირატესობას, რაც დღეს გააჩნია.
უკრაიანელები რეაქტიული დრონებით მასობრივად თავს დაესხნენ რუსეთს. თუ აქამდე რეაქტიული გერანებით ხდებოდა რუსეთის მხრიდან დარტყმები უკრაინაზე, ახლა უკრაინელებმა დაიწყეს რეაქტიული დრონების მასიური გამოყენება. პირველი ასეთი დარტყმა განხორციელდა ოკუპირებული ლუგანსკის რაიონში და დაარტყეს საარტილერიო ჭურვების გადაზიდვის რკინიგზის სადგურს. ასევე, დარტყმები განხორციელდა მართვის პუნქტებზე, საწყობებზე, აეროდრომებზე, სტრატეგიულ ობიექტებზე რუსეთის სიღრმეში.
მაგალითისთვის რომ ავიღოთ, „შაჰედი“, მისი სიჩქარე არის 150 კილომეტრი საათში, რეაქტიული დრონის – 600-800 კილომეტრი საათში. ამ დროში რუსული რადარები ვერ ასწრებენ ტრაექტორიის განსაზღვრას და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები ამაზე რეაგირებას. ვოლგოგრადში დაარტყეს სხვადასხვა ობიექტს უკრაინელებმა და საჰაერო განგაშის გამოცხადებაც კი ვერ მოასწრეს. რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა ფაქტობრივად რჩება მოუმზადებელი რეაქტიული დრონების მიმართ.
გამოდის, რომ უკრაინას ექნება საშუალება, რუსების მოქმედებებზე სარკისებური რეაგირება ჰქონდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პასუხი იქნება რუსეთისთვის და დაფიქრდება რუსეთი ამ საჰაერო დარტყმების გაგრძელებაზე.
- საჰაერო დარტყმებს მიღმა, რა იცვლება კონკრეტულად ფრონტის ხაზზე? როგორც მედიაში გაჟღერდა, რუსი გენერლები დაჰპირდნენ პუტინს, რომ 2026 წლის ბოლომდე აიღებენ დონეცკის ოლქს სრულად. დონბასის აღება სრულად გასული წლების განმავლობაში არაერთხელ დაანონსდა, მაგრამ ეს ვადა დაირღვა. რამდენად ჩანს ამჯერად ვადის შესრულების პირობა?
არა, რუსმა გენერლებმა პუტინს შეხვედრაზე სთხოვეს, რომ გადაეწია დონბასის აღების ვადა 2027 წლის მარტამდე, მაგრამ პუტინმა ვადა უცვლელი დატოვა. მანამდე 15-ჯერ შეიცვალა ეს ვადა.
ლუგანსკი, ფაქტობრივად, რუსების ხელშია 90 %, თუმცა ამერიკის ომის შესწავლის ინსტიტუტის მონაცემებით, უკვე 18 %-ს შეადგენს უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია. აქ არ არის შეტანილი უკრაინის ბოლო წარმატებები ამ მიმართულებაზე. ეს წარმატებები ცნობილია, როგორც „ვივალდის“ ოპერაცია. მსოფლიოში ცნობილია ვივალდის ნაწარმოები „4 დრო“. ამ ნაწარმოების მსგავსად უკრაინელების მიერ წლის სამი პერიოდი ფაქტობრივად გამოყენებულია, მესამე სეზონი ვითარდება და ამ შეტევების შედეგია 170 კვადრატული კილომეტრის გათავისუფლება.
აქ ძალიან მნიშვნელოვანია ლიმანის მიმართულება, – დაახლოებით 90 კილომეტრის სიგანის ფრონტია. ზღუდე არის ბოროვოის და სლავიანსკის რაიონები. აქ მოახერხეს უკრაინელებმა და მოწინააღმდეგეს უკან დახევინეს. სლავიანსკი, მოგეხსენებათ, გადამწყვეტი ქალაქია კრამატორსკი-სლავიანსკის თავდაცვით რაიონში.
ამ დროს ლიმანში კიდევ უფრო გაძლიერდა თავდაცვა, ვინაიდან მისი ჩრდილოეთიდან უკრაინელებმა ტყის მასივი გაწმინდეს, საიდანაც რუსები აპირებდნენ შემორტყმის განხორციელებას. ლიმანის მომარაგებაც აღდგა.
ასე რომ, რუსეთის დასავლეთის დაჯგუფებამ მიიღო ძლიერი დარტყმა. უკრაინა ჯერ არ აცხადებს თავისი მიზნებიდან გამომდინარე, ტერიტორიის რა ნაწილი გაათავისუფლა, მაგრამ, რაც ჩანს, ფაქტობრივად, 2026 წელს უკრაინამ ორჯერ უფრო მეტი ტერიტორია გაათავისუფლა, ვიდრე 2023 წლის კონტრშეტევის დროს.
- გამოდის, რომ არათუ დონბასის სრულად აღება, რასაც რუსები წლებია ვერ ახერხებენ, იმასაც კარგავენ, რაც დაიპყრეს?
ფაქტობრივად დაკარგეს 170 კვადრატული კილომეტრი. გასათვალისწინებელია გენერალი პროკოპენკო, რომელიც ახლა „აზოვს“ უდგას სათავეში. მან წარმატებით შეუტია დობროპოლიეს მიმართულებას. მანამდე აქ რუსები უტევდნენ. რუსები აღმოჩნდნენ დილემის წინაშე: ლიმანის მიმართულების გამო, რუსები იძულებული გახდნენ დობროპოლიეს მიმართულებიდან რეზერვები გადაესროლათ ლიმანის მიმართულებით. ამით დობროპოლიე დასუსტდა. უკრაინელებმა 250 კაცზე მეტი ტყვედ ჩაიგდეს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.
საინტერესო ისაა, როგორ განხორციელდა ლიმანის ოპერაცია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ უკრაინელები ჯობნიან რუსებს სამხედრო აზროვნებაში: ლიმანის ოპერაცია ისე იყო დაგეგმილი, ორგანიზებული, იმდენად კარგად იყო გამოყენებული რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები კონცენტრირებულ მიმართულებაზე, რომ რუსებმა ვერ შეძლეს დაედგინათ უკრაინელების დარტყმითი დაჯგუფების ზუსტი მიმართულება.
უკრაინელებმა დაიწყეს შეტევა ე.წ. მწვანე ველისკენ, რაც იყო ყურადღების გადატანითი შეტევა, იქ მოახდინეს რუსებმა კონცენტრაცია და ამ დროს ძირითად მიმართულებაზე განახორციელეს გარღვევა უკრაინელებმა. სხვათა შორის, უკრაინელებმა გამოიყენეს ძველი საბჭოთა BTR 60-ები, რომელიც გადაკეთებული იყო დისტანციური მართვისთვის. ამ მეთოდს ფლოტის ძველ საომარ ხელოვნებაში ერქვა „ბრანდერი“ – გემი, რომელიც დატვირთული იყო ასაფეთქებლებით, შედიოდა მოწინააღმდეგის არეალში, შემდეგ კი, ეჯახებოდა მოწინააღმდეგეს და ფეთქდებოდა.
ამ მეთოდის მსგავსად, უკრაინელებმა BTR-ები გამოიყენეს გარღვევისთვის. ამავდროულად, აქტიურად გამოიყენეს მართვადი რობოტები, რომელიც აღჭურვილი იყო ორი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა „სპაიკით“.
როცა იწყებოდა შეტევა, იწყებოდა ჯავშანტექნიკის და რობოტების ერთობლივი მოქმედება წინა ხაზზე. რუსებს ეგონათ, რომ მთელი შტურმი ხორციელდებოდა. ამ დროს იწყებოდა რუსების მხრიდან საცეცხლე წერტილების გააქტიურება, დანაყოფების გადაადგილება, ამ ყველაფერს აფიქსირებდნენ უკრაინელები და შესაბამისად რეაგირებდნენ ამის მიხედვით. ანუ აქტიურად და ეფექტურად გამოიყენეს უკრაინელებმა რობოტები ბრძოლის ველზე, ისევე როგორც ძველი საბჭოთა ტექნიკა.
ამას გარდა, ბოლო ორნახევარ თვეში უკრაინელებმა რუსეთში 412 სამიზნე დაამუშავეს, ვგულისხმობ ენერგეტიკულ სამიზნეებს.
ამიტომაც, მთლიანობაში უჭირს რუსეთს. რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში დაიწყეს სარეკლამო რგოლების ტრიალი: სტუდენტებს სთავაზობენ დრონების ოპერატორებად იმუშაობს, ეს კარგი სამსახურია, თანაც უსაფრთხოო, მაგრამ უკრაინელების პრიორიტეტული სამიზნე სწორედ დრონების ოპერატორები არიან ბოლო პერიოდში.
ჩემი აზრით, რუსებს თუ სრული არა, მასშტაბური მობილიზაციის დაწყება მაინც მოუწევთ, რადგან ძალიან უჭირთ რაოდენობრივად – დიდი ადამიანური დანაკარგები აქვთ.
- შავ ზღვაში რა გათვლები შეიძლება ჰქონდეთ რუსებს, სადაც სამოქალაქო გემს დაარტყეს? აქ უკრაინელებმა რუსებს არაერთი სამხედრო ხომალდი გაუნადგურეს.
აქ რუსების მთავარია სამიზნეა ხორბლის გადაზიდვის ბლოკირება. რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს, უკრაინის ეკონომიკური შესაძლებლობების დასუსტებას.
გარდა ამისა, ახლოვდება ზამთარი, რაც ძალიან მძიმე იქნება უკრაინისთვის. რუსეთი ვერანაირ წარმატებას ვერ აღწევს ფრონტზე და გადატანილი აქვს აქცენტი იმაზე, რომ მოსახლეობაზე მოახდინოს ზემოქმედება საჰაერო დარტყმებით.
- აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ეს ომი რომელიმე მხარის „სამხედრო გამარჯვებით“ კი არა, „მოლაპარაკებების გზით“ დასრულდება. ამის შესახებ რუბიომ რადიო WABC-სთან ინტერვიუში აღნიშნა. თქვენი დაკვირვებით, საითკენ მიდის პროცესი დღევანდელი გადასახედიდან?
სხვათა შორის, გააჟღერა პუტინმაც, რომ მზადაა დაუყონებლივ დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ დონბასს მისცემენ რუსეთს.
საქმე იმაშია, რომ დონბასი რომც მისცეს ვინმემ რუსეთს, ეს არ ნიშნავს რუსეთისთვის ამ ომის დამთავრებას. ჩემი მტერი ენდო პუტინს. უკრაინელებიც ცხადია არ ენდობიან პუტინს.
რაღაც მზადყოფნა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების კუთხით ტრიალებს ჰაერში. ტრამპმა თქვა კიდეც, რომ ეს მოლაპარაკებები შესაძლებელია შედგეს იმაზე უფრო ადვილად, ვიდრე წარმოგიდგენიათო. ჩემი აზრით, ჩინეთი შესაძლოა გახდეს მნიშვნელოვანი ე.წ. გეიმჩეინჯერი, თუ იგი ჩართეს ამ მოლაპარაკებაში.
- ამ ეტაპზე იკვეთება ინტერესი, რომ ჩინეთი შესაძლოა ჩაერთოს მოლაპარაკებაში?
არ გამოვრიცხავ ამას. ვერ გეტყვით, ცხადია, ზუსტად რა მოხდება, მაგრამ მოლაპარაკებებში ჩართვა ჩინეთის ინტერესებშიც შედის. მას სურს, გამოჩნდეს, როგორც მსოფლიო მოთამაშე. უკვე არის საუბარი ღიად იმაზე, რომ მსოფლიოში ორი პოლუსია: აშშ და ჩინეთი. ჩინეთს 2022-23 წლებშიც ჰქონდა გაცხადებული, რომ მზად იყო ჩართულიყო მოლაპარაკების ორგანიზებაში.
ზელენსკიც საუბრობს იმაზე, რომ რუსეთი ჩინეთს ვერ ეტყვის უარს. ჩინეთი რუსეთისთვის მართლაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე. დღეს რუსეთი არ არის ის ქვეყანა, არ არის საბჭოთა კავშირი, რომ ჩინეთს ულტიმატუმებით ელაპარაკოს.






