დღეს, პირველ ოქტომბერს, „ოცნებამ“ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა ბიძინა ივანიშვილის წერილი, რომლითაც ივანიშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ოცნების“ გამარჯვების 13 წლისთავს ეხმიანება.
ამავე დროს ივანიშვილი წერს, რომ „ფეხი არ უნდა დაგვიცდეს“ და წერს გუნდში „ღალატზეც“:
„კარგად უნდა გავიაზროთ, რომ დღეს კვლავ ბეწვის ხიდზე გავდივართ და არ გვაქვს უფლება, ფეხი დაგვიცდეს. უნდა გვესმოდეს, რომ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მუდმივ ბრძოლას მუდმივი სიფხიზლე სჭირდება.
რა თქმა უნდა, განვლილ 13 წელიწადში იყო შეცდომებიც, თუმცა, საბედნიეროდ, არა იმ ხარისხის, რომ ჩვენს სახელმწიფოებრიობას თუ ფიზიკურ არსებობას საფრთხე დამუქრებოდა, არა იმ ხარისხის, რომლის გამოსწორება და აღმოფხვრაც შეუძლებელი იქნებოდა.
პირადად ჩემთვის, უმძიმესია, რომ განვლილ წლებში ჩვენი გუნდის შიგნით იყო მუხანათური ღალატიც, რამაც არამხოლოდ „ქართული ოცნება“ დააყენა კრიზისის წინაშე, არამედ, ქართველ ხალხსა და ჩვენს ქვეყანას შეუქმნა განვითარების ტრაექტორიიდან აცდენის, ქვეყნის სათავეში უცხო ინტერესების მორჩილი ძალების დაბრუნების რეალური საფრთხე.
წარსულში ჩვენი გუნდის არაერთმა წევრმა გადაწყვიტა, რომ გავლენიანი უცხო ძალების მორჩილებაში გადასვლას ან ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაზიანების ხარჯზე პირადი კომფორტისთვის ზრუნვას, მათთვის დიდი სარგებლის მოტანა შეეძლო, შესაბამისად, გუნდისა და ქვეყნის ინტერესების გვერდით გადადებაც ღირდა, თუმცა, ჩვენ ამასაც გავუძელით! ამ პროცესში, ისე, როგორც 2011 წლიდან მოყოლებული, ქართული საზოგადოების, ჩვენი ბრძენი ხალხის გვერდში დგომა მაძლევდა და გვაძლევდა ბრძოლის შემართებას, გვიმყარებდა რწმენას, რომ ყველა სირთულის გადალახვა შეგვეძლო“.
ამავე დროს, ივანიშვილი ახსენებს „გარე მტრებსა“ და „აგენტებს“. „ოცნების“ ლიდერი აგენტებს პირდაპირ უწოდებს ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობო სექტორს:
„…ამ ფონზე, ქვეყნის შიგნით მოქმედი მათი დასაყრდენი აგენტები, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებსა და ე.წ. არასამთავრობო სექტორში უხვად არიან გაბნეული, ერთი შეხედვით დასუსტდნენ, თუმცა, კარგად უნდა გვესმოდეს, რა ძალები ცდილობენ ჩვენი ქვეყნის საკუთარი ინტერესებისთვის დაქვემდებარებას.
მათთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ჩვენი მოქალაქეების თვალის ასახვევად, ერთი ცნობადი სახის სხვა ადამიანით, ერთი პარტიის სხვა პარტიით, ან თუნდაც, ერთი ტელევიზიის სხვა ტელევიზიით ჩანაცვლება. მათ შეუძლიათ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ახალ-ახალი უცხოელი პოლიტიკოსები, ე.წ. გავლენიანი ექსპერტები გამოიყვანონ სცენაზე, რომლებიც სიცრუეში უკვე მხილებულ, მსგავსი რანგის ადამიანებს ჩაანაცვლებენ, თუმცა, უჭირთ გააზრება, რომ ვეღარ მოგვატყუებენ“ – ვკითხულობთ ივანიშვილის წერილში.
ივანიშვილი საკუთარი გუნდის წარმატებად მიიჩნევს „თავსმოხვეული იდეოლოგიის განეიტრალებას“:
„საზოგადოებასთან ერთად, წარმატებით გავანეიტრალეთ თავსმოხვეული ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, რომელიც დამნაშავე რეჟიმს დემოკრატიის შუქურად წარმოაჩენდა, ხოლო, ჭეშმარიტად დემოკრატიულ ხელისუფლებას დიქტატურას უწოდებს. დღეს ჩვენ აღარ გვეშლება ხარისხობრივი შეფასება იმისა, თუ ვინ მეგობარია და ვინ – მტერი“ – წერს ივანიშვილი.
წერილში მოკლედ აღნიშნულია, რომ ივანიშვილი არავისთან პარტნიორობაზე „უარს არ ამბობს“. ამავე დროს, ვრცელ წერილში ნახსენები არ არის რუსეთი.
„არავისთან პარტნიორობაზე უარს არ ვამბობთ, თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დასუსტების და საქართველოს გამოყენების ხარჯზე. მტკიცედ ვდგავართ პოზიციაზე, რომ პარტნიორობა და მეგობრობა უნდა იყოს ორმხრივი“ – ვკითხულობთ ივანიშვილის წერილში.
წერილი სრულდება 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისკენ მოწოდებით.
2012 წლის 1-ელ ოქტომბერს საქართველოში გაიმართა საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა „ოცნებამ“ კოალიციით გაიმარჯვა. „ოცნება“ უკვე 13 წელია მართავს ქვეყანას. ამ პერიოდში ივანიშვილი პოლიტიკიდან ფორმალურად ორჯერ „წავიდა“ და შემდეგ ისევ „დაბრუნდა“, რეალურად კი ბიძინა ივანიშვილი 13 წლის განმავლობაში რჩება ქვეყნის ჩრდილოვან მმართველად.
_____________
ფოტოზე: ბიძინა ივანიშვილი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/DAVID MDZINARISHVILI






