„სოხუმი არის საქართველო! 7 634 სიცოცხლე გადაარჩინა უკრაინამ. ჩვენ გვახსოვს!“ – ბანერი ამ ფრაზებით უკრაინელმა გულშემატკივარმა გაშალა საქართველოში, „დინამო არენაზე“.
უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრა საქართველოსა და უკრაინას შორის 2026 წლის 28 სექტემბერს, სოხუმის დაცემის 33 წლისთავის მეორე დღეს გაიმართა.
სწორედ ამ მატჩისას გაიხსენეს უკრაინელების წვლილი აფხაზეთის ომის დროს საქართველოს სამხედრო, ტექნიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერაში.
„Слава в єдності / ძალა ერთობაშია“ ეწერა უკრაინელების მიერ სტადიონზე გაშლილი კიდევ ერთ ბანერზე.
მატჩზე, რომელიც ფრედ, 0-0 დასრულდა, უკრაინელი გულშემატკივრები სკანდირებდნენ – „სოხუმი საქართველოა“, ქართველები – „უკრაინა“, ორივე ერთად კი – „პუტინ ხ***ო“

უკრაინელი ქომაგების ბანერები სტადიონზე
ამ ჟესტმა ქართულ საზოგადოებას გაახსენა ამბავი იმაზე, თუ როგორ ჩამოვიდნენ უკრაინელი მოხალისეები ქართველების დასახმარებლად აფხაზეთის ომის დროს. გარდა უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა, უკრაინელები ეხმარებოდნენ მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციაში. დევნილებისა და ქართველი მებრძოლების ინფორმაციით, სწორედ უკრაინული ვერტმფრენებითა და გემებით გამოაღწია აფხაზეთიდან დევნილთა ნაწილმა სოხუმის დაცემამდე ცოტა ხნით ადრე.
საჯარო წყაროებში, ოფიციალური ინფორმაცია უკრაინელი სამხედროების ჩამოსვლის, მათ ზუსტი რაოდენობის, მათ მიერ ჩამოტანილი ტექნიკისა თუ ქართველებისთვის გაწეული დახმარების შესახებ ნაკლებად იძებნება. ინფორმაცია აფხაზეთის ომში უკრაინელების მონაწილეობის შესახებ ძირითადად ის ადამიანები ავრცელებენ, ვისაც უშუალო შეხება ჰქონდათ მათთან. ესენი არიან დევნილები, ან თავად მებრძოლები – როგორც ქართველი, ისე უკრაინელები.
ცნობილია, რომ აფხაზეთში მებრძოლი უკრაინელები, ძირითადად იყვნენ მოძრაობა УНА–УНСО-ს წევრები [უკრაინის ნაციონალური ასამბლეა – უკრაინის ეროვნული თავდაცვა]. ისინი რამდენიმე მცირე ჯგუფად ჩამოვიდნენ საქართველოში 1993 წელს და შეუერთდნენ ადგილობრივ გასამხედროებულ ჯგუფებს. მათ შორის, მხედრიონს.
УНА–УНСО-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი დაახლოებით ორი კვირის წინ, 2026 წლის 19 სექტემბერს დაიღუპა ზაპოროჟიეს მიმდებარედ, რუსეთ-უკრაინის ომში.
კარპიუკი ერთ-ერთი იყო იმ უკრაინელებს შორის, ვინც აფხაზეთში იბრძოდა. ის ვახტანგ გორგასლის ორდენითაც არის დაჯილდოებული აფხაზეთში გამოჩენილი მაღალი საბრძოლო მომზადებისა და მამაცობისთვის.
მიკოლა კარპიუკი / ukrinform
“ბათუმელები” შეეცადა აფხაზეთის ომში მონაწილე უკრაინელი მოხალისეების შესახებ ინფორმაცია პირველწყაროებისგან მიეღო. ჩვენ ვესაუბრეთ აფხაზეთის ომის ვეტერანს, ზაზა ჯაფარიძეს, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინელებთან ერთად იბრძოდა აფხაზეთში. ასევე, აფხაზეთიდან დევნილ ია შალამბერიძეს, რომელიც ამბობს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ის და მისი ოჯახი, ფაქტობრივად, დაღუპვას გადაარჩინეს.
- „სანამ აფხაზეთი არ გათავისუფლდება, ჩემს შვილს არ გადავასვენებო“
ზაზა ჯაფარიძე 27 წლის იყო, როცა აფხაზეთის ომი დაიწყო. ის არ იყო პროფესიონალი სამხედრო – იმ პერიოდში სიღნაღის რაიონში, ინკასაციის უბნის უფროსად მუშაობდა. თუმცა, ომის დასრულების შემდეგ კიდევ 24 წელი იმსახურა საქართველოს თავდაცვის ძალებში. იბრძოდა 2008 წლის აგვისტოს ომშიც.
აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ შეუერთდა ე.წ. ავღანელთა ბატალიონს, დაახლოებით თვე-ნახევრი ემზადებოდა იალღუჯის პოლიგონზე და შემდეგ პირდაპირ აფხაზეთში წავიდა.
იხსენებს, რომ უკრაინელი მოხალისეების ჩამოსვლის შესახებ საუბარი 1992 წელს დაიწყო, თუმცა უშალოდ შეხება მათთან 1993 წელს ჰქონდა: 18 უკრაინელისა და 12 ქართველი მებრძოლისგან შეიქმნა სადაზვერვო ჯგუფი, რომელიც იბრძოდა „შრომის, კინდღის, ლინდავის, ოჩამჩირეს მიმართულებით“.
ჯაფარიძის ინფორმაციით, უკრაინელებს სამხედრო მომზადება გავლილი ჰქონდათ, თუმცა არ ჰქონდა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის გამოცდილება. ის ამბობს, რომ მათი აფხაზეთში ჩამოვლის ერთ-ერთი მოტივაცია სწორედ გამოცდილების მიღება იყო, რომელსაც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სხვებს გაუზიარებდნენ.
თუმცა, მათი ნაწილი უკან ვეღარ დაბრუნდა. აფხაზეთში გარდაცვლილ უკრაინელთაგან ერთ-ერთი სწორედ ზაზა ჯაფარიძესთან ერთად იბრძოდა.

ზაზა ჯაფარიძე
„ბრძოლის დროს რასაც ვუყურებდით, ძალიან უშიშარი ხალხი იყო. უკან მაგათ არ დაუხევიათ. უშიშრად მიდიოდნენ.
პატარა ბიჭები იყვნენ. საბრძოლო გამოცდილება უნდოდათ რომ მიეღოთ. რა თქმა უნდა, აქედან სულ სხვა გამოცდილებით ჩავიდოდნენ. იმ საბრძოლო გამოცდილებას უკვე სხვებს გაუზიარებდნენ იქ, უკრაინაში. პოლიგონზე მიღებული გამოცდილება და საბრძოლო მოქმედებები ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც წიგნს რომ წაიკითხავ, ან ფილმს ნახავ [რეალურ ცხოვრებასთან შედარებით]. სულ სხვა თემაა.
1993-ში რომ დაიწყო აფხაზეთის ომი, იმ პერიოდში იუგოსლავიაშიც მიდიოდა საბრძოლო მოქმედებები. ისინი გაიყვნენ ჯგუფებად რომ მიეღოთ „საბრძოლო ნათლობა“. რამდენიმე ჯგუფი წავიდა იუგოსლავიის მიმართულებით და ნაწილი შემოვიდა ჩვენთან.
მამა-შვილი იყო ჩამოსული – სამწუხაროდ, გვარი არ მახსოვს – შვილი დაიღუპა აქ, აფხაზეთში ერთ-ერთი შეტაკების დროს. იქ დაიმარხა, სოხუმში. მამამისმა თქვა, სანამ აფხაზეთი არ გათავისუფლდება, ჩემს შვილს არ გადავასვენებო. არ ვიცი შემდეგ რა მოხდა, გადაასვენა თუ არა. არ ვფლობ მაგდენ ინფორმაციას“, – გვიყვება ზაზა ჯაფარიძე.
გვარი არ ახსოვს, მაგრამ სავარაუდოა, რომ გულისხმობს იგორ და ლეონიდ ტკაჩუკებს. როგორც ქართულ, ისე უკრაინულ წყაროებში სწორედ მამა-შვილი ტკაჩუკების შესახებ იძებნება ინფორმაცია.
ლეონიდ ტკაჩუკი 1993 წლის 19 ივლისს, შრომის მისადგომებთან მოკლეს. მაშინ ის 19 წლის იყო. მამის, იგორ ტკაჩუკის სურვილით, თავდაპირველად სოხუმში დაიკრძალა, თუმცა 28 წლის შემდეგ, 2021 წელს, ის ჯერ სოხუმიდან თბილისში, შემდეგ კი უკრაინაში, ქალაქ ლვოვში გადაასვენეს და ხელახლა დაკრძალეს. მისი გადასვენების ცერემონიაზე დასასწრებად, საქართველოში იმყოფებოდა ლეონიდის მამა, იგორ ტკაჩუკიც.
„იდენტიფიცირებულ და გადმოსვენებულ იქნა უკრაინული სამხედრო-პატრიოტული ორგანიზაცია „უნა-უნსოს“ მეომრის, ლეონიდ ტკაჩუკის ნეშტი, რომელიც 1993 წლის 19 ივლისს, სოფელ შრომასთან აფხაზურ-რუსულ ფორმირებებთან, კავკასიელ კონფედერატებთან და კაზაკებთან შეტაკებების დროს დაიღუპა და სოხუმში, კურჩენკოს პარკში იყო დაკრძალული; მას, ოჯახის გადაწყვეტილებით, ხვალ, ლვოვში, თანამებრძოლების გვერდით, საძმო სასაფლაოზე დაკრძალავენ“, – წერია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც 2021 წელს გამოქვეყნდა.

ლეონიდ ტკაჩუკის ნეშტი სამების საკათედრო ტაძარში, საიდანაც მშობლიურ ლვოვში გადაასვენეს (ფოტო: ვეტერანთა სახელმწიფო სამსახური)
პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ლეონიდ ტკაჩუკს ვახტანგ გორგასლის ორდენი მიანიჭა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, იგივე ჯილდო შევარდნაძემ აფხაზეთში მებრძოლ სხვა უკრაინელებსაც მიანიჭა. გორგასლის ორდენის მფლობელთაგან 7 აფხაზეთის ომში დაიღუპა და მათ ჯილდო სიკვდილის შემდეგ მიიღეს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ შევარდნაძემ უკრაინელ მებრძოლთა ნაწილს საქართველოს საპატიო მოქალაქის სტატუსიც მიანიჭა.
ლვოვში, ლეონიდ ტკაჩუკის დაკრძალვას დაესწრო УНА–УНСО-ს წევრი, იგორ მაზური, რომელიც მასთან ერთად იბრძოლა აფხაზეთში. მან მედიასთან გაიხსენა შეტაკება შრომის მისადგომებთან და ლეონიდის დაღუპვის დღე.
მაზურის ინფორმაციით, 1993 წლის 17 ივლისს მიიღეს ბრძანება ქართული შტაბისგან, რომ უნდა გაერღვიათ მტრის თავდაცვის ხაზი სოხუმის გარეუბანში. ის გულისხმობდა სოფელ შრომას, რომელსაც, მისივე განმარტებით, სოხუმის დაცვისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. მაზური ჰყვება, რომ ქართველ მებრძოლებთან ერთად ისინი შრომაში შეიჭრნენ და მტერს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს. თუმცა, დაპირებულმა დამხმარე რაზმმა დააგვიანა და ალყაში მოექცნენ. 19 ივლისს მათ ქართული შტაბისგან უკან დახევის ბრძანება მიიღეს.
იგორ მაზური ჰყვება, რომ უკან დახევის ბრძანების მიღების დროს ლეონიდ ტკაჩუკი, რომელსაც, თურმე Цвях-ს, ანუ ლურსმანს ეძახდნენ, უკვე დაჭრილი იყო. მაზური იხსენებს, რომ დაჭრილების გამოყვანის დროს რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს.
„ქართულმა არტილერიამ გვიხსნა. მათ სოფლის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს და რუსები შეშინდნენ. თუმცა, სნაიპერის ტყვიამ „ცვიახი“ სასიკვდილოდ დაჭრა. ჩვენ ის ქურთუკზე დავაწვინეთ – მე და ერთი მებრძოლი უკნიდან ვიჭერდით, ორი – წინიდან.
[…] მამამისი ჩვენკენ გამოიქცა და ყვიროდა: „როგორ არის ლუსიკი?!“ […] მამამისს საფრანგეთი უყვარდა და შვილს ბავშვობიდან ლუსიკს, ან ლუსიენს ეძახდა.
19 წლის ბიჭი უკვე ქალების გულთამპყრობელი იყო. ქართველი გოგოები ჩვენს ბიჭებს დიდად არ აქცევდნენ ყურადღებას, მაგრამ მას უკან ედევნებოდნენ. როდესაც მანქანამდე მივიყვანეთ, მან ცისკენ აიხედა და გაიყინა. თვალები მე დავუხუჭე“, – იხსენებს უკრაინულ ონლაინ-მედია gazeta.ua-სთან კაპიტანი მაზური.
იგორ მაზური დღემდე მსახურობს უკრაინის თავდაცვის ძალებში – ის ერთ-ერთი ბატალიონის ოცმეთაურია. მაზურის ინფორმაციით, აფხაზეთში მხოლოდ УНА–УНСО-ს 125 წევრი იბრძოდა 1993 წლის ივნისიდან ნოემბრამდე პერიოდში. გარდა ამისა, მისი თქმით, უკრაინელი მოხალისეები მონაწილეობდნენ კოდორის ხეობაში პარტიზანულ ბრძოლებში 1997-2001 წლებში ომში.

იგორ მაზური (ფოტო: უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი)
ლეონიდ ტკაჩუკი „არგოს“ წევრი იყო – სწორედ ასე ერქვა რაზმს, რომელშიც აფხაზეთში მებრძოლ უკრაინელთა დიდი ნაწილი იყო გაერთიანებული. მისი დაკრძალვის დღეს, „არგოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ედუარდ ბელუსმა გაიხსენა, რომ ლეონიდს აფხაზეთის ომის შესახებ მოგონებების დაწერა და წიგნად გამოცემა უნდოდა.
„მას იუმორის კარგი გრძნობა ჰქონდა და იცოდა, ომზე საინტერესოდ როგორ მოეყოლა. საშინელ ამბებსაც კი ლამაზად ჰყვებოდა.
როცა დაიღუპა, მამამისმა გადაწყვიტა შვილი იმ ქართულ მიწაზე დაეკრძალა, რომლის დაცვის დროსაც დაიღუპა. მე ამ გადაწყვეტილებას დიდად არ ვემხრობოდი, მაგრამ იქნებ ასეც სჯობდა: მაშინ რომ უკრაინაში ჩამოესვენებინათ და ჩუმად დაეკრძალათ, მის შესახებ ვერავინ გაიგებდა. დღეს კი ის სამხედრო პატივით იკრძალება“, – განაცხადა ედუარდ ბესულმა.
ლვოვში, ლეონიდ ტკუჩოვის დაკრძალვაზე იმყოფებოდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი (ტკაჩუკის დაკრძალვიდან თვე-ნახევარში ის საქართველოში ჩამოვიდა, რის შემდეგაც დააკავეს). მან მადლობა გადაუხადა ტკაჩუკების ოჯახს გმირი შვილის აღზრდისთვის და უთხრა, რომ მათი ბრძოლა აფხაზეთში მუდამ დარჩება ქართველი ხალხის მეხსიერებაში.
„აფხაზებისთვის სოხუმის აღება შეუძლებელი იქნებოდა, ქართველები მოლაპარაკების მაგიდასთან რომ არ დამსხდარიყვნენ და მძიმე შეიარაღება არ გაეყვანათ. იგივე შეიძლება ჩვენთანაც განმეორდეს. რუსეთი არ დამშვიდდება. მას ჩვენი განადგურება სურს“, – უთხრა უკრაინულ მედიას ლეონიდის მამამ.
ეს იყო 2021 წლის აგვისტოში, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ნახევარი წლით ადრე.

იგორ ტრაჩუკი შვილის ცხედართან (ფოტო: ვალერი შმაკოვი / gazeta.ua)
- „რაც მეტ რუსს გავანადგურებთო ამ ომში, მით ნაკლებთან გვექნება საომარი ჩვენს მიწა-წყალზეო“
ზაზა ჯაფარიძე იხსენებს, როგორ ჰკითხა უკრაინელ თანამებრძოლს მათი საქართველოში ჩამოსვლისა და აფხაზეთისთვის ბრძოლის მოტივაციის შესახებ. მისი პასუხი დღემდე ახსოვს.
„ასეთი კითხვა დამებადა – ვიცოდი, რომ გვეხმარებოდნენ, მაგრამ მაინც ვკითხე, რატომ ხართ აქ-მეთქი. ჩვენო, რაც მეტ რუსს გავანადგურებთო ამ ომშიო, მით ნაკლებ რუსთან გვექნება საომარი ჩვენ მიწა-წყალზეო. აი, ასეთი განწყობით იყვნენ.
მაგათ წინასწარვე იცოდნენ, რომ ადრე თუ გვიან რუსეთთან ექნებოდათ კონფლიქტი. ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება. წინასწარ დაგეგმილი იყო, ნაღმი იყო ჩადებული და ადრე თუ გვიან ეგ ნაღმი აფეთქდებოდა და მოხდებოდა ის, რაც დღეს ხდება უკრაინაში.
სხვათა შორის, მაგათ წამოყვანილი ჰყავდათ თავიანთი მამაო. ყოველ საბრძოლო დავალების წინ, როცა მოვეწყობოდით, ჯერ თავიანთ ენაზე დაგვლოცავდა, მერე – ქართული არ იცოდა, რა თქმა უნდა და რუსულად უწევდა. მერე, ქართველებს ხატები გვაჩუქა. შევეკითხე, მამაო, თქვენ ჩამოსული ხართ ომში და რამდენად შეიძლება, საბრძოლო მოქმედებებში მიღოთ მონაწილეობა-მეთქი. უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება ვისროლოო. თავდაცვის მხრივ, ალბათ, მაგას გულისხმობდა“, – იხსენებს ჯაფარიძე.
ის უკრაინელებთან ერთად რამდენიმე თვე იბრძოდა. შემდეგ მათ ჯგუფი დაიშალა და სხვადასხვა ბატალიონში გადანაწილდნენ. ამბობს, რომ ომის მიწურულს უფრო მეტი უკრაინელი ჩამოვიდა, რომლებიც ძალიან დაეხმარნენ მშვიდობიან მოსახლეობას აფხაზეთის დატოვებაში.
„მე ვლაპარაკობ იმას, რისი მომსწრეც ვარ, არავის მონაყოლს არ ვიმეორებ. ამ ჯგუფთან ერთად გვეძინა, ერთად ვჭამდით, საბრძოლო მოქმედებებში ერთად ვმონაწილეობდით. ასე იყო დაახლოებით აგვისტომდე, 1993 წლის აგვისტომდე. მერე დისლოკაციის ადგილები შეიცვალა, გადანაწილება მოხდა, შეერთებები ბატალიონების და მოკლედ, დავიქსაქსეთ – ზოგი იქით წავედით, ზოგი აქეთ. ზოგი მხედრიონში, ზოგიც „თეთრ არწივში“… შემდეგ, სოხუმის დაცემის დროს, უკრაინულმა ავიაციამაც მაგარი დახმარება გაგვიწია“, – ამბობს ვეტერანი სამხედრო.
- ფასდაუდებელი თანადგომა
სწორედ სოხუმის დაცემის შემდეგ, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის გაწეულ დახმარებაზე გვესაუბრა ია შალამბერიძე. ის საკუთარი ოჯახის მაგალითზე მოგვიყვა, რა როლი ჰქონდათ უკრაინელ მოხალისეებს აფხაზეთიდან დევნილების გამოყვანის პროცესში.
ია შალამბერიძე მაშინ 7 წლის იყო, მისი უფროსი ძმა – 9 წლის. 1993 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში მამამ, რომელიც ომში იბრძოდა, გადაწყვიტა, რომ ოჯახი აფხაზეთიდან გაეყვანა. თუმცა, იმ დროს რთული იყო უსაფრთხო გზის მონახვა.
ომის დაწყების შემდეგ შალამბერიძეების ოჯახი თბილისში წამოვიდა, თუმცა სოჭის მოლაპარაკებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ ისინი სახლში დაბრუნდნენ. ია იხსენებს, რომ სკოლაში სწავლაც დაიწყო. თუმცა, ვითარება მალე რადიკალურად შეიცვალა.
„ძალიან დიდხანს ვცდილობდით გამოგვენახა გზა, რომ დაგვეტოვებინა კონფლიქტის ზონა. დაახლოებით 1 კვირაში, 21 სექტემბერს, მამამ თქვა, რომ ბოლო ვარიანტი არის თვითმფრინავი და წავედით აეროპორტში. არ იყო არანაირი ტრანსპორტი და სოხუმიდან ბაბუშარას აეროპორტამდე წავედით ფეხით. მე, ჩემი უფროსი ძმა, რომელიც 9 წლის იყო მაშინ, დედა და მამა. მამა გვაცილებდა. მახსოვს, როგორ იბომბებოდა ქალაქი – ცხედრები ეყარა პირდაპირ ქუჩაში.
ბაბუშერას აეროპორტში იყო ისეთი სიტუაცია, როგორი სცენებიც გინახავთ ცნობილ ფოტოებში: ტრაპები გადავსებული იყო ადამიანებით. წარმოიდგინეთ, თვითმფრინავი არ არის, მაგრამ ადამიანები ერთმანეთს ებრძვიან, რომ ავიდნენ ამ ტრაპზე. ეს ტრაპი იყო ბოლო იმედი, რომ თვითმფრინავი ჩამოდგებოდა და ავიდოდნენ თვითმფრინავში.
ჩვენ ტრაპზე არ ავსულვართ. გვერდით იდგა კიდევ ერთი თვითმფრინავი, რომელზეც ტრაქტორი იყო მიყენებული. იმას ტრაპი არ ჰქონდა და ტრაქტორიდან უნდა ასულიყო ხალხი. ძირითადად, მებრძოლები ეხმარებოდნენ – ერთი აგისროდა, მეორე ზემოდან დაგიჭერდა და ასე. ერთ-ერთმა მებრძოლმა მომკიდა ხელი და ამისროლა თვითმფრინავში. შემეშინდა – დედას ვერ ვხედავდი, მამას ვერ ვხედავდი, სრული ქაოსი იყო. მერე ჩემი ძმა და დედაჩემიც ამოიყვანეს“, – იხსენებს ია.

ია შალამბერიძე
მისი ინფორმაციით, თვითმფრინავს, რომელშიც ისინი ავიდნენ დაჭრილი მებრძოლები უნდა გადაეყვანა. თუმცა, ჯარისკაცები ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი მოქალაქე აეყვანათ თვითმფრინავში, რომ გაერიდებინათ კონფლიქტის ზონიდან.
ია იხსენებს, რომ თვითმფრინავი საკაცეებით იყო გადავსებული, რომლებზეც დაჭრილი სამხედროები იწვნენ. გარდა ამისა, თვითმფრინავში აიყვანეს დასაშვებზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. დაძაბულობისა და ნერვიულობისა გამო დაიწყო ქაოსი, რასაც ჭყლეტა მოჰყვა. იას თქმით, ამ ჭყლეტის დროს, მის თვალწინ დაიღუპა ერთ-ერთი დაჭრილი სამხედრო.
დაჭრილი თანამებრძოლის დაღუპვამ ჯარისკაცები გააბრაზა და მოქალაქეებს თვითმფრინავის დატოვება მოსთხოვეს. ია იხსენებს, რომ სამხედროებმა იარაღის ჰაერში სროლით, ფაქტობრივად იძულებით ჩაიყვანეს მოქალაქეები თვითმფრინავიდან და ადგილი ისევ დაჭრილ სამხედროებს გამოუთავისუფლეს. ამ დროს, იას დედა პილოტის კაბინაში შევიდა და დახმარება სთხოვა. ის დათანხმდა და ქალი ორ შვილთან ერთად კაბინაში დამალა. ასე დარჩნენ ია, მისი ძმა და დედა დაჭრილ მებრძოლებთან ერთად თვითმფრინავში, საიდანაც სხვა მოქალაქეები ჩაიყვანეს.
„უცებ, გვესმის განწირული ყვირილი კაბინაში [რაციაში]. ფაქტობრივად, მომსწრეები გავხდით იმ პილოტის უკანასკნელი სიტყვების, რომელიც ყვიროდა, ჩამოგვაგდეს, ზღვაში ვვარდებით, ვიღუპებითო. რუსულად ამბობდა ამას. ეს იყო სოჭიდან მომავალი სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ჩამოაგდეს აფხაზებმა. ეს ამბავი მოგვიანებით გავიგე.
ჩვენ ჯერ არ ვიყავით აფრენილები. ჩემი ძმა ჩავარდა ისტერიკაში, ჩვენც ჩამოგვაგდებენო, ჩავიდეთ თვითმფრინავიდანო. რამდენიმე წუთში დაიწყო ბაბუშერას აეროპორტის დაბომბვაც. არ მახსოვს, როგორ გადმოვხტით თვითმფრინავიდან, მაგრამ მახსოვს, როგორ გვეფარებოდნენ უცხოელი ჟურნალისტები საკუთარი სხეულით, თავიანთი ეკიპირებით.
ისინი ცოტა ხნით ადრე ამოვიდნენ თვითმფრინავში კადრების გადასაღებად. ხოხვა-ხოხვით და ასე, ბავშვებზე გადმოფარებულებმა გამოგვიყვანეს – აეროპორტის ბუნკერამდე მიგვაცილეს. ამის შემდეგ ის ჟურნალისტები აღარ გვინახავს. ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, ალბათ, დავიხოცებოდით. მათ ჩვენი სიცოცხლე გადაარჩინეს“, – ჰყვება ია.
აეროპორტის ბუნკერსაც უამრავი მოქალაქე აფარებდა თავს. იას ოჯახი იქიდან ფეხით წავიდა სოფელ ქვემო ფშაფში, სადაც იას ბებია ცხოვრობდა. აეროპორტის დაბომბვის შემდეგ ფრენები შეწყდა, ამიტომ აფხაზეთიდან გამოღწევის ერთადერთი გზა ჭუბერი იყო. შალამბერიძეების ოჯახი სწორედ ამ ვარიანტს განიხილავდა, როცა გაიგეს, რომ გულრიფშის სანაპიროს გემი მოადგა, რომელსაც მათი გადაყვანა შეეძლო.
შალამბერიძეების ოჯახი უკრაინელების გემზე 27 სექტემბერს ავიდა. იმ დღეს სოხუმი დაეცა.
„27-ში მოვიდა ბიძაჩემი და გვითხრა, რომ უკრაინული გემი მოადგა სანაპიროს და გადაგვიყვანსო. გემი გულრიფშში იყო ჩამომდგარი. მე მახსოვს ორი გემი, მაგრამ, როგორც ვიცი, იქამდეც გავიდა გემი ბათუმისკენ. ჩვენ ფოთში ჩავედით.
ამ მასშტაბის გემი კი არა, არაფერი არ მქონდა ნანახი იქამდე. ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. რომ შევედით, დაბლა მთელი საბრძოლო მასალა და ტექნიკა იყო – ტანკი, ტყვიამფრქვევი. მანქანები და ა.შ. ბორტზე საკმაოდ ბევრი ადამიანი დაიტია ამ გემმა. ზუსტი ციფრების თქმა გამიჭირდება, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ იმ მასშტაბის იქამდე არაფერი მქონდა ნანახი.
გემიც, საბრძოლო ტექნიკაც და ეკიპაჟიც იყო უკრაინული. მახსოვს, გარკვეული პერიოდი ვერტმფრენიც მოგვაცილებდა ზემოდან, რაც დამატებითი დაცულობას განცდას გვიჩენდა. ეს უსაფრთხოების შეგრძნება იყო მნიშვნელოვანი მაშინ ჩვენთვის. ძალიან დიდი მადლიერების გრძნობა მაქვს დღემდე. ასეთ მომენტებში თანადგომას ფასი არ აქვს, ფასდაუდებელია. თან, როცა საკუთარი სიცოცხლის ფასად აკეთებენ ამას.
მახსოვს ერთი ინციდენტი – წყლის მილი გასკდა, წყალი შემოვიდა იქ, სადაც ვიყავით და გვეგონა, რომ ვიძირებოდით. უცებ შემოვარდნენ უკრაინელი სამხედროები და აღმოფხვრეს პრობლემა. მაშინ ვნახე პირადად ისინი, მაშინ გავიგე, რომ უკრაინელები იყვნენ.
ფოთში რომ ჩავედით, ფოთელების თანადგომა კიდევ ცალკე მოსაყოლი ამბავია – სრულიად უცხო ადამიანებს როგორ გვხვდებოდნენ, როგორ გვთავაზობდნენ ღამის გასათევს, ცხელ ჩაის და ა.შ. მაგრამ, ეს შენი ქვეყანაა და შენი ერია და თითქოს უფრო ბუნებრივი იყო მათგან. აი, უკრაინელები საიდან ჩამოვიდნენ, რომ საერთო მტრის წინააღმდეგ დაგვხმარებოდნენ. ვფიქრობ, როცა საერთო მტერი გყავს, ეს გაერთიანებს.
ია შალამბერიძეც და ზაზა ჯაფარიძეც პარალელს ავლებენ 33 წლის წინანდელ აფხაზეთის ომსა და უკრაინაში ამჟამად მიმდინარე ომს შორის. ორივე ამბობს, რომ ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ქართველებმა წლების წინ გამოვიარეთ. მაშინ, ქართველი მებრძოლების მხარდამხარ უკრაინელი მოხალისეები იბრძოდნენ, ზუსტად ისე, როგორც ახლა იბრძვიან უკრაინაში ქართველი მოხალისეები.
„ჩვენ ვიბრძოდით აფხაზეთში უკრაინისთვის“ – ასე შეაჯამა უკრაინის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რადიო-გადაცემა, სადაც აფხაზეთში მებრძოლი უკრაინელი სამხედროები მიიწვიეს. ეს იყო 2024 წლის თებერვალში. ჟურნალისტმა ოლენა ბადიუკმა УНА-УНСО-ს ერთ-ერთ ლიდერს, ვალერი ბობროვიჩს ჰკითხა, როგორ აღმოჩნდნენ ისინი აფხაზეთში 1993 წელს.
ბობოვიჩი ჰყვება, რომ 1993 წელს, УНСО-ის შტაბში [მოძრაობა „უკრაინის ეროვნული თავდაცვა“] მივიდა აფხაზეთიდან უკრაინაში ჩასული ქალი, რომელმაც მოძრაობის წევრებს სთხოვა, დახმარებოდნენ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ქართველების წინააღმდეგ.
„საქართველოში წავედი, რათა ადგილზე გამერკვია ყველაფერი. აღმოვაჩინეთ, რომ აფხაზ სეპარატისტებს რუსეთი უჭერდა მხარს. ამ დროს მივხვდით, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომი, რომელიც მესამე საუკუნეა გრძელდებოდა, მომავალშიც გაგრძელდებოდა“, – თქვა ბობოვიჩმა და განმარტა, რომ სწორედ ეს გარემოება გახდა საფუძველი, მათ აფხაზეთში ქართველების მხარეს, უკრაინისთვის ებრძოლათ.
მთავარიფოტო: უკრაინელი მოხალისეები აფხაზეთის ომში / wikipedia







