სუვენირებითა და ნატურალური წვენებით მოვაჭრეები, რომლებიც 2 თვეზე მეტია რაც ბათუმში საპროტესტო აქციებს მართავენ, დღეს, 27 აპრილს, ბათუმის მერს, გიორგი ცინცაძეს შეხვდნენ.
აქციების ერთ-ერთი მონაწილის თქმით მერი მათ დაჰპირდა, რომ აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს, ზურა პატარაძეს დაელაპარაკება და ხუთშაბათს, 30 აპრილს, აქციის მონაწილეებისთვის ექნება კონკრეტული პასუხი:
„ორ დღეში დამტკიცებული იქნება ახალი თავმჯდომარე, დაველაპარაკები და კონკრეტულ პასუხს გაგცემთო“ – გვითხრა აქციის მონაწილემ.
ბათუმში სუვენირებით და ხილით მოვაჭრე ათობით ადამიანი უმუშევარი 2026 წლის თებერვლიდან დარჩა, მას შემდეგ, რაც ბათუმის მერიამ გოგებაშვილის ქუჩა, ასევე ბათუმის ბულვარი „უსახური და უნებართვო“ ობიექტებისგან გაათავისუფლა.
მოვაჭრეებისთვის ამ დრომდე უცნობია, მოახერხებენ თუ არა მუშაობის გაგრძელებას და რა პირობებში.
ერთი მხრივ, ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ბულვარის გენგეგმასთან შესაბამისობის მიღწევას ცდილობდნენ, თუმცა მეორე მხრივ, გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებამდე არავინ შეხვედრია ადამიანებს, რომელთა ოჯახების შემოსავლებიც სწორედ ბულვარში განთავსებულ ჯიხურებზე იყო დამოკიდებული.
არავის აუხსნია მათთვის, რა გეგმით მოქმედებს მერია და სად შეიძლება შესთავაზონ ადგილი მათ, ვინც წლების განმავლობაში სუვენირებით ვაჭრობდა და ასე იხდიდა გადასახადებს.
ერთი შეთავაზება კი ნამდვილად მიუღიათ აქციის მონაწილეებს მერიისგან:
„მერის მოადგილემ, ნუკრი დეკანაძემ გვითხრა, სანდასუფთავებაში ან გამწვანებაში დაგასაქმებთო. შვიდი წელი მაქ ზიხართ და აბა, რა გეგონათ სულ იქნებოდითო? – დავგუგლე მეც და ვუთხარი, 20 წელია მერიაში ყოფილხართ და თუ თქვენი აქ ყოფნა შეიძლება, ჩვენ რატომ არ შეგვიძლია-მეთქი“ – გვიყვება აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
რატომ არავინ გაითვალისწინა მცირე მეწარმეების ინტერესი, როცა ბათუმის მერია და საკრებულო მილიონერი ბიზნესმენების ინტერესებს თითქმის არასდროს ტოვებს უყურადღებოდ?
ბულვარის „უსახური და უნებართვო“ ობიექტებისგან გათავისუფლების საქმეშიც კარგად გამოჩნდა, რომ მერია არ ეხება მათ, ვისაც დიდი ფული და გავლენა აქვს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის, ზურაბ პატარაძის მეგობრის კომერციული ობიექტებიდან ერთ-ერთი, რომელიც ბულვარისთვის შეუსაბამო მშენებარე ობიექტად იყო მიჩნეული, ბულვარში არსებულ ობიექტად ჩაწერეს, მეორე კი უკანონოდ მუშაობს. არც წინა თავმჯდომარეების დროს შეშლია მის ბიზნესს ხელი და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახლა შეეშალოს.
სუვენირებით მოვაჭრეებმა დღეს, 27 აპრილს, საპროტესტო აქცია ურეკში, სასტუმრო „პარაგრაფის“ შესასვლელთან დაიწყეს. აქ შეკრებილები აცხადებდნენ, რომ ქვეყნის არაფორმალურ მმართველთან, ბიძინა ივანიშვილთან მივიდნენ, რადგან „ის წყვეტს ყველაფერს“ და ეს რომ ასეა, სუვენირებით მოვაჭრეების საქმეშიც გამოჩნდა: მოვაჭრეები განმარტავენ, რომ წინა აქციის შემდეგ, როცა აქცია ისევ შეკვეთილში გაიმართა, აქციის მონაწილეებს იმავე დღეს შეხვდა ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე.
„მანამდე ჩაწერილი ვიყავით და არ გვხდებოდა… გიორგი ცინცაძემ თქვა, რომ იმ ეტაპზე არ იცოდა, რა როგორ მოხდებოდა. მივეცით ვადა 30 დღე. 30 დღის შემდეგ გვითხრეს, რომ ისევ ფიქრის რეჟიმში არიან,“ – ამბობენ მოვაჭრეები.
შეკვეთილის შემდეგ ისინი აჭარის უმაღლეს საბჭოსთან მივიდნენ. მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ აქ იმყოფებოდა მთავრობაც.
სუვენირებით და ხილის წვენებით მოვაჭრეების წინა აქცია შეკვეთილში 2026 წლის 24 მარტს გაიმართა.
კორუფცია – რატომ ვერ ხედავს მერია უკანონო რესტორანს და მდიდარი სტუმრების ავტომანქანებს ბულვარში






