53 წლის ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ მეორედ წარადგინა „ოცნებამ“. მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ხელმეორედ წარდგენისას, ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს. „განსაკუთრებულად დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში“, – განაცხადა მან.
პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს 2016-2018 წლებში იკავებდა. 2018 წლიდან დღემდე კი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო აზერბაიჯანში.
რა ქონება და შემოსავალი აქვთ ზურაბ პატარაძესა და მისი ოჯახის წევრებს მის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით?
ზურაბ პატარაძე – აჭარაში „ქართული ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარე

ზურაბ პატარაძე
2024 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ზურაბ პატარაძემ ხელფასის სახით 92 241 დოლარი და 6 367 ლარი აიღო, აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციაზე.
ამავე წელს დედისგან საჩუქრად მიიღო 65 000 დოლარი, სიდედრისგან კი – 75 000 დოლარი. დეკლარაციაში მითითებულია, რომ დედამ და სიდედრმა ეს თანხა უძრავი ქონების გასხვისებით მიიღეს. ზურაბ პატარაძეს 27 000 დოლარი საჩუქრად შვილისგანაც მიუღია – „გაყიდული ავტომობილის თანხა“.
ამავე წელს ზურაბ პატარაძემ სოლიდური იპოთეკური სესხი აიღო – 200 000 დოლარის ოდენობით.
2024 წლის დეკლარაციის მიხედვით, 2023 წელს ზურაბ პატარაძემ 45 000 ლარი დახარჯა სახლის რემონტში, 12 202 დოლარით იპოთეკური სესხის პროცენტი დაფარა. ასევე „გასავლის“ სახით უფიქსირდება 36 000 დოლარი – „რეზიდენციის ქირავნობის საფასური“.
2024 წელს ზურაბ პატარაძის სახელზე რეგისტრირებულია უძრავი ქონება თბილისში – 158,77 კვ.მეტრი ბინა ჭავჭავაძის ქუჩაზე, რომელიც 2011 წელს შეუძენია და 120 კვ.მეტრი ბინა ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირზე, რომელიც მემკვიდრეობით მიუღია.

სოფიო ბაკურიძე
სოფიო ბაკურიძე – ზურაბ პატარაძის მეუღლე
2024 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ზურაბ პატარაძის მეუღლე სოფიო ბაკურიძე დასაქმებული იყო SOCAR Midstream Operations Ltd-ში, სადაც ხელფასის სახით 47 818 აზერბაიჯანული მანათი (75 626 ლარი) აქვს აღებული.
ამავე წელს სოფიო ბაკურიძეს 380 000 დოლარად წავკისში, კოჯრის გზატკეცილზე შეუძენია 280 კვ. მეტრი მიწა, რომელზეც 384,1 კვ.მეტრი შენობა-ნაგებობაა [სახლი] განთავსებული. აღნიშნული ქონება მდიდრულ საცხოვრებელ კომპლექსშია – იზოლირებული რეკრეაციული ზონით და ინფრასტრუქტურით.
დეკლარაციის მიხედვით, სახლი „შეძენილია ნაწილობრივ იპოთეკური სესხით, ოჯახის წევრისა და მშობლებისგან მიღებული თანხით“. სოფიო ბაკურიძეს სესხი არ უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზურაბ პატარაძემ იპოთეკური სესხი ამ სახლის შესაძენად აიღო.
ამავე წელს სოფიო ბაკურიძეს სხვა სოლიდური ხარჯიც უფიქსირდება. მაგალითად, 19 769 ლარი აქვს გადახდილი ორი შვილის სწავლის საფასურში, 7 000 დოლარი კი მშობლების სამედიცინო ხარჯები გაუღია.
ძვირადღირებული შენაძენებისა და დიდი ხარჯების მიუხედავად, ზურაბ პატარაძე და სოფიო ბაკურიძე მაინც ახერხებენ ნაღდი ფულის სახით დანაზოგის შენახვას.
2023 წელს პატარაძეს 5000 დოლარი აქვს დანაზოგი, მის მეუღლეს – 3 000 დოლარი.

საცხოვრებელი კომპლექსი წავკისში, სადაც სოფიო ბაკურიძემ 380 000 დოლარად შეიძინა ბინა./ფოტო: „სიმეტრია პარკი“.
წავკისის ქონების გარდა, სოფიო ბაკურიძის სახელზე ასევე ირიცხება ერთი, 110 კვ.მეტრი ბინა თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე, რომელიც საჩუქრად მიუღია. ეს ბინა 2009-2013 წლების ამონაწერით 53 კვადრატული მეტრი იყო, 2025 წლის ამონაწერით კი 110 კვ.მდე გაიზარდა. ბოლოს შევსებულ დეკლარაციაში მითითებულია, რომ „მონაცემები დაკორექტირდა“.
რევაზ პატარაძე – შვილი
2023 წელს რევაზ პატარაძე დასაქმებულია Baku International Sea Trade Port-ში, საიდანაც ხელფასის სახით მიღებული აქვს 12 000 აზერბაიჯანული მანათი.
ამავე წელს მიუღია სტიპენდია 31 960 შვედური კრონა. 3000 დოლარი საზღვარგარეთ მგზავრობაში აქვს დახარჯული.
ბოლო დეკლარაცია ზურაბ პატარაძეს 2025 წელს აქვს შევსებული.
ამ წლის დეკლარაციაში ზურაბ პატარაძის დეკლარაციაში აღარ ფიგურირებენ მისი უფროსი და მომდენო შვილი. ეს იმას ნიშნავს, რომ უფროსი შვილები ცალკე გადავიდნენ საცხოვრებლად. შესაბამისად, მათი ქონების და შემოსავლების შესახებ ინფორმაცია ჩვენთვის უცნობია.
2025 წელს პატარაძეს დანაზოგის სახით 3 000 დოლარი აქვს, სოფიო ბაკურიძეს კი – 2000 დოლარი.
საკრედიტო ანგარიშზე ზურაბ პატარაძეს 10 085 ლარი უდევს, „კაპიტალ ბანკში“ – 6 509 აზერბაიჯანული მანათი. სახელფასოზე კი – 9 860 ლარი.
2025 წლის დეკლარაციის მიხედვით, ზურაბ პატარაძეს ხელფასის სახით აღებული აქვს 98 094 დოლარი და 7 704 ლარი.
სოფიო ბაკურიძეს კი – 75 168 აზერბაიჯანული მანათი, SOCAR Midstream Operations Ltd-იდან.
გასავლის სახით ზურაბ პატარაძეს ისევ უფიქსირდება 36 000 დოლარი რეზიდენციის ქირავნობისთვის. ასევე წერს, რომ 78 233 დოლარი გადაიხადა ბანკის სესხის დასაფარად და ნაწილობრივ ძირი თანხის შესამცირებლად [ძირი თანხის შესამცირებლად კი 56 812 აშშ დოლარი ისევ დედას უჩუქებია. თანხის წარმომავლობაში მშობლის გრძელვადიანი ანაბრის დახურვა აქვს მითითებული].
2025 წლის დეკლარაციის მიხედვით, არ შემცირებულა პატარაძის ოჯახის ხარჯი.
60 000 ლარი დაუხარჯავს სახლის რემონტში, 25 400 ლარი მეგობრისთვის გადაურიცხავს, 3 545 აზერბაიჯანული მანათი მგზავრობაში დახარჯა, 10 000 ლარი კი სამედიცინო ხარჯებისთვის გაუღია.
შვილის სწავლის საფასურს – 14 359 ევროს ისევ სოფიო ბაკურიძე იხდის.
- რა გვახსოვს ზურაბ პატარაძის პირველი თავმჯდომარეობიდან
ზურაბ პატარაძის მმართველობის წლებშიც ისევე ირღვეოდა ბათუმის ურბანული ქსოვილი, როგორც შემდეგ წლებში. სამოქალაქო საზოგადოება მაშინაც აქტიურად გამოხატავდა შეშფოთებას ბათუმის ისტორიულ უბნებში ურბანული ქსოვილის მოშლის და ავთენტური შენობების ნგრევის გამო.
პატარაძის დროს გაგრძელდა არჩილ ხაბაძის პრაქტიკა K2 კოეფიციენტის გაზრდაზე [შენობის სიმაღლეში გაზრდა] და არაერთ მშენებლობაზე გაიცა სიმაღლის გაზრდის ნებართვა, თუმცა 2018 წლის თებერვალში ზურაბ პატარაძემ უარი თქვა K2-ის შუამდგომლობაზე და განაცხადა, რომ ეს საკითხი მერიამ უნდა გადაწყვიტოს.
პატარაძის წინამორბედის, სულხან თამაზაშვილის მოკლევადიანი თავმჯდომარეობის ბოლო თვეებში, ბათუმის ბულვარში არსებული შენობა-ნაგებობების 92% დაანგრიეს. ობიექტი შეინარჩუნა ზურაბ პატარაძის მეგობარმა, ბიზნესმენმა ედნარ პაპუნაიშვილმა.
„ბულვარი ჯერ თორნიკე რიჟვაძეს და ჩიქოვანს ჰქონდათ გადანაწილებული, ახლა თამაზაშვილი და ცინცაძე გადაინაწილებენ“, – ამბობდა საკრებულოს წევრი, ვაჟა დარჩია ბულვარში ობიექტების მასობრივ ნგრევაზე.
თუმცა თამაზაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი დიდხანს ვერ შეინარჩუნა, ის შს მინისტრად გადაიყვანა „ოცნებამ“, თავმჯდომარედ კი ზურაბ პატარაძე დააბრუნეს.
ზურაბ პატარაძის დროს ისევ იდგა დღის წესრიგში ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის პრობლემა. მეჩეთის აშენებაზე მას არაერთხელ ჰკითხეს, რაზეც პატარაძე ერთსა და იმავეს პასუხობდა – „გადაწყვეტილება მიღებულია და მეჩეთი უნდა აშენდეს“. მიუხედავად დაპირებისა, მეჩეთი ბათუმში არ აშენებულა.
იმ პერიოდში მემკვიდრეობით მიიღო ზურაბ პატარაძემ თვითნებურად გაშენებული „ოცნების ქალაქის“ გაყინული პრობლემა. მაშინ პატარაძე ამბობდა, რომ თავად მივიდოდა „ოცნების ქალაქში“ და ადგილზე გაეცნობოდა პრობლემებს, თუმცა ისე წავიდა თანამდებობიდან, რომ „ოცნების ქალაქში“ არ მისულა.
![ვის [არ] შეხვდა ზურაბ პატარაძე აჭარაში „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარედ დაბრუნების შემდეგ](https://batumelebi.netgazeti.ge/wp-content/uploads/2026/06/pataradze-kaveri.jpg)





