დღეს, 20 აპრილს, ბათუმში ტაქსის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ახალი ბულვარის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და სამგზავრო ტარიფების გაზრდა და საკომისიოების შემცირება მოითხოვეს. აქციაში სხვადასხვა კომპანიაში დასაქმებული ტაქსის მძღოლები მონაწილეობდნენ.
„ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა ტარიფების გადახედვა. საწვავი გაძვირდა, მგზავრობის ტარიფი იგივე დარჩა. ერთი მგზავრობის საფასური ერთი ლიტრი საწვავის საფასურს მაინც უნდა გვიტოვებდეს.
აქ არიან ადამიანები, რომლებიც „ბოლტზეც“ მუშაობენ, „მაქსიმზეც“ და „იანდექსზეც“. თუ ადრე, ვთქვათ, 30 ლარის საწვავი გჭირდებოდა დღეში, ახლა 40-45 ლარის საწვავი გვჭირდება.
2.60 ლარია ერთი მგზავრობა, ამიტომ, ტარიფები ისე უნდა დადგინდეს, რომ ხალხიც კმაყოფილი იყოს და კომპანიაც. საწვავი გარბის და რაღაც მისაღებ ტარიფზე უნდა შევჯერდეთ. თუ არა, მაშინ გავჩერდებით“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბადრი ფეიზიშვილმა.

ტაქსის მძღოლების აქცია ბათუმში.
„ბათუმელების“ კითხვაზე, მიმართეს თუ არა კომპანიების წარმომადგენლებს, ტაქსის მძღოლები ამბობენ, რომ კომპანიებს ადგილზე არ აქვთ ოფისები, თუმცა ელექტრონული კომუნიკაციისას დამსაქმებლებისგან პასუხს ვერ იღებენ.
„სმს-ზე პასუხს 24 საათი სჭირდება ხშირ შემთხვევაში. ყველა აპლიკაციას რობოტ-ჩატი აქვს დაყენებული და ეს რობოტი გვწერს. 3-4 კილომეტრზე 2.60 ლარს წერს და აქედან 23,4% მიაქვს კომპანიას და ხშირ შემთხვევაში, ისეთი საკომისიო აქვს, რომ ჩვენც ვერ ვთვლით.
ბათუმის აეროპორტიდან რომ კოპიტნარის აეროპორტში ჩავიდეთ, 30 ლარი გვრჩება. აქ, ძალიან ბევრს, ავტომანქანები სესხით აქვთ ნაყიდი და ზოგიერთი ერთი შემომტანია ოჯახში. 44 შეკვეთაში 180 ლარს რომ აკეთებს, აქედანაც 30% „ბოლტს“ მიაქვს და 100 ლარის საწვავი სჭირდება.
გასაგებია, რომ საწვავი ყველგან გაძვირდა, რადგან მსოფლიოში ომია, მაგრამ ჩვენც არ უნდა დავზარალდეთ“ – ამბობს ბექა ცინცაძე.
ტაქსის მძღოლების თქმით, რადგან კომპანიებთან კომუნიკაციის სხვა ფორმა არ არსებობს, ამიტომ გამართეს აქცია. მათი თქმით, ქვეყანაში ყველაფრის ტარიფი გაიზარდა, ამიტომ ტაქსის მომსახურების ტარიფიც უნდა გაიზარდოს.
_________________
ფოტოზე: კადრები მძღოლების აქციიდან, 2026 წლის 20 აპრილი






