მთავარი,სიახლეები

სქესობრივი ძალადობის მსხვერპლი ბავშვი არ ცნეს დაზარალებულად, არც საქმე გამოიძიეს – რას ჰყვება ადვოკატი

01.04.2026
სქესობრივი ძალადობის მსხვერპლი ბავშვი არ ცნეს დაზარალებულად, არც საქმე გამოიძიეს – რას ჰყვება ადვოკატი

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს 10 000 ევროს გადახდა დააკისრა, ბავშვზე სექსუალური ძალადობის საქმის არაეფექტიანი გამოძიებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის მსხვერპლი უკვე 21 წლის გახდა, ის საქართველოს ჯერ დაზარალებულადაც კი არ უცნია. გამოძიება კი, ხუთის წლის შემდეგაც დაუსრულებელია.

რა ნაწილში გამოიჩინეს ქართველმა სამართალდამცველებმა გულგრილობა საქმის მიმართ, რატომ არ იმუშავეს ეფექტურად და რა ნაწილში დაირღვა  ბავშვის უფლება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ამ საქმის ერთ-ერთ ადვოკატს თამარ ლუკავას ესაუბრა.

ბავშვის უფლებებს ევროპის სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“ იცავდა.

  • ქალბატონო თამარ, გვინდა დეტალურად განმარტოთ, რაში გამოიხატა საგამოძიებო უწყებების გულგრილობა საქმის გამოძიებისას, სად და როგორ დაარღვიეს 13 წლის ბავშვის უფლება, რა არ გააკეთა გამოძიებამ?

ძირითადი და პრობლემატური საკითხი არის გამოძიების გაჭიანურება და ის, რომ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ მიიღეს. შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში ვგულისხმობ იმას, რომ არასრულწლოვანს არ მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი და სავარაუდო დამნაშავე პირის მიმართ არ დაიწყო დევნა. ჩვენ ეს არაერთხელ მოვითხოვეთ, რადგან საქმეში იყო მთელი რიგი დარღვევები.

  • მაგალითად? 

როდესაც არასრულწლოვანი „საფარში“ მოვიდა, პირველი ინფორმაცია, რაც მისგან მივიღეთ იყო ის, რომ არ იყო სრულად გამოკითხული, ანუ გამოძიებას მისგან არ ჰქონდა სრული ინფორმაცია მიღებული დანაშაულთან დაკავშირებით.

გამოკითხვის პროცესში დასვეს ისეთი შეკითხვები, რაც მატრავმირებელია დაზარალებულისთვის, არის ვიქტიმიზაციის გამომწვევი და არ არის შესაბამისი საქმესთან.

  • როგორი იყო ეს კითხვები?

მაგალითად, ჰქონდა თუ არა რაიმე ემოციური მიჯაჭვულობა ამ პირთან, რომელიც სექსუალურად ძალადობდა მასზე. ასეთი ტიპის არაკორექტული კითხვები იყო დასმული, როცა ამას არანაირი შეხება საქმესთან არ აქვს. მით უმეტეს, ბავშვისთვის ასეთი კითხვის დასმა პირდაპირ მატრავმირებელია.

ასევე, ჩაატარეს სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის აუცილებლობა საერთოდ არ არსებობდა, ვინაიდან საქმეში საუბარი იყო სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაზე და არა მაგალითად პენეტრაციაზე. დაზარალებული საუბრობდა, რომ ეს არ იყო გაუპატიურება ან გაუპატიურების მცდელობა. შესაბამისად, გინეკოლოგიური შემოწმების ჩატარების აუცილებლობა არ არსებობდა.

  • რატომ გააკეთეს, მოისმინეთ ამაზე განმარტება?

სამწუხაროდ, ახსნა არ ჰქონდათ და ეს ძალიან ცუდი პრაქტიკაა, რაც იმ დროს ხდებოდა.

რადგან ბავშვი არ საუბრობს გაუპატიურებაზე ან მცდელობაზე, ჩვენ მოვითხოვდით არ ჩაეტარებინათ მისთვის გინეკოლოგიური შემოწმება. ეს არის საკმაოდ მატრავმირებელი ბავშვისთვის. სამწუხაროდ, არ გაითვალისწინეს.

ჩვენი ჩართულობით გამოიკითხა ბავშვი, მან მიაწოდა სრული ინფორმაცია გამოძიებას, შემდგომ გამოჰკითხეს მოწმეები, ბავშვს ჩაუტარდა ფსიქოლოგიური შეფასება და ფსიქოლოგის დასკვნაში მითითებულია, რომ ბავშვს იტანჯებოდა ამ ქმედებისგან, რომელიც განიცადა დამნაშავე პირის მხრიდან.

ჯერ კიდევ 2021 წელს საკმარისი მტკიცებულებები იყო საქმეში იმისთვის, რომ დაზარალებულის სტატუსი მიენიჭებინათ მსხვერპლისთვის და დაეწყოთ დევნა დამნაშავე პირის მიმართ. თუმცა 2022 წლამდე ჩვენ უშედეგოდ მივმართავდით დაზარალებულის სტატუსის მოთხოვნით პროკურატურას. შემდგომში უარი მივიღეთ პროკურატურიდან დადგენილებით დაზარალებულად ცნობაზე.

  • რის საფუძველზე თქვა პროკურატურამ უარი?

არც ამაზე ყოფილა განმარტება დადგენილებაში. როგორც წესი, შაბლონური პასუხი მოდის პროკურატურიდან – რომ „არ არის საკმარისი მტკიცებულებები დაზარალებულად ცნობისთვის“, მაშინ როცა, საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არსებობდა.

  • გამოძიების არაეფექტურობაზე მიუთითებს ევროპული სასამართლო, რომელ ნაწილში დააკლეს გამოძიება, ესეც რომ განვმარტოთ?

ბავშვის ფსიქოლოგიური შეფასება არ იყო გამოყენებული დასკვნაში, სადაც პირდაპირ იყო მითითებული, რომ ამ სქესობრივი დანაშაულიდან გამომდინარე ბავშვს ჰქონდა ტანჯვის განცდა. ბავშვის ჩვენებაა მნიშვნელოვანი, ასევე მოწმეთა ჩვენებები და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც იმ დროისთვის საქმეში არსებობდა.

ეს დადგენილება გავასაჩივრეთ თბილისის საქალაქო სასამართლოში კანონით გათვალისწინებული წესით, თუმცა სასამართლოდანაც მივიღეთ უარი დაზარალებულის სტატუსზე. ეს უარიც იყო შაბლონური, არც აქ იყო განმარტებული მიზეზი, თუ რატომ გვითხრა უარი სასამართლომ დაზარალებულის სტატუსზე. შემდეგ, როცა ქვეყნის შიგნით არანაირი მექანიზმი არ დაგვრჩა იმისთვის, რომ დაზარალებულის სტატუსი მიგვეღო ბავშვის საქმეზე, გავასაჩივრეთ ევროპულ სასამართლოში.

  • დაზარალებულის სტატუსი დღემდე არ აქვს ხომ მსხვერპლს?

არა, დაზარალებულის სტატუსი ახლაც არ აქვს ბავშვს, რომელიც უკვე გახდა სრულწლოვანი. არც საქმეა დასრულებული.

  • ევროპის სასამართლო საუბრობს იმაზე, რომ გამოძიების პროცესში დაირღვა ბავშვის უფლებები. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 ანუ წამების, არაადამიანური და დამამცირებელ მოპყრობის აკრძალვის შესახებ მუხლი და მე-8 – პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის აკრძალვა. გამოძიების რა ეტაპზე მოხდა ეს?

ბავშვი გამოიკითხა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულმა პირმა, თუმცა სტანდარტი დაცული არ ყოფილა – ბავშვს გამოძიების პროცესში დაუსვეს ისეთი კითხვები, რომელიც მატრავმირებელი იყო მისთვის.

გამოკითხვას ესწრებოდა ნდობით აღჭურვილი პირი და გამომძიებელი – მხოლოდ მას შემდეგ გამოიკითხა ბავშვი ფსიქოლოგის და სოციალური სამსახურის წარმომადგენლის თანდასწრებით, როცა ჩვენ ჩავერთეთ.

სახელმწიფომ შექმნა სპეციალიზებული დაწესებულება – ცალკე შენობაა გამოყოფილი სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლებისთვის, სადაც არასრულწლოვნები, ბავშვები მიჰყავთ. ამ შენობაში ხდება გამოკითხვა, ტარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება.

მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვის ოთახი აღჭურვილია ვიდეოკამერებით და მიკროფონით, ბავშვს მაინც არ გამოჰკითხეს იმ პროცედურით, რა პროცედურითაც უნდა ტარდებოდეს ეს გამოკითხვა.

  • როგორია ეს პროცედურა?

ოთახში ბავშვს უნდა კითხავდეს მხოლოდ ფსიქოლოგი და სხვა დამსწრე პირები, იქნება ეს გამომძიებელი, ადვოკატი თუ მისი სხვა წარმომადგენელი, სხვა ოთახიდან უნდა აკვირდებოდნენ პროცესს. 5 ადამიანი რომ არის ერთ ოთახში, სქესობრივ დანაშაულზე ინფორმაციის მიღება ბავშვისგან საკმაოდ რთულია.

  • საერთაშორისო სტანდარტითაც ხომ ასეა, არ იცავენ ამ სტანდარტს?

სამწუხაროდ, ეს სტანდარტი არ არის დაცული, მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურა არის ამისთვის მოწყობილი.

პრობლემაა ის არის, რომ საპროცესო კოდექსში არ გვაქვს ჩანაწერი, რომელიც ვიდეო -ვიზუალით გადაღებულ გამოკითხვას მტკიცებულებად დაურთავს საქმეს გამოძიებისას. იმისთვის, რომ მტკიცებულების სახე მიიღოს ჩვენებამ, ის აუცილებლად უნდა იყოს ბეჭდური ხასიათის. ვიდეო მასალა რომც გახსნან და მოისმინონ სასამართლოზე, ბავშვის მიყვანა მაინც საჭიროა.

  • ანუ თქვენ ამბობთ, რომ ძალადობის მსხვერპლი ბავშვი სასამართლოზე აღარ უნდა გამოიკითხოს და ვიდეო-გამოკითხვა უნდა მიიღოს სასამართლომ მტკიცებულებად?

რა თქმა უნდა, ამას ვამბობთ წლებია, რომ ბავშვი არ შეიძლება სქესობრივ დანაშაულზე დაიკითხოს ბევრჯერ. საჭიროა გამოჰკითხოს მხოლოდ ერთხელ ფსიქოლოგმა, სხვა პირები კი ამ პროცესს სხვა ოთახიდან უნდა აკვირდებოდნენ და შემდეგ ეს ოქმი უნდა გამოიყენოს სასამართლომ.

  • გამოკითხვის ჩაწერა ხომ ოფიციალურად მიმდინარეობს, რატომ არ იღებს სასამართლო ასეთ ჩანაწერს?

საპროცესო კოდექსში არ გვაქვს ჩანაწერი, რომელიც მტკიცებულებად აქცევს ამ ვიდეო და აუდიო ჩანაწერს.

  • როგორ ფიქრობთ, რატომ არ შეაქვთ ცვლილება საპროცესო კოდექსში, რა უშლით ხელს?

2021 წელს, როდესაც ეს საქმე ჰქონდათ წარმოებაში, მაშინ ფიზიკურად ცალკე გამოყოფილი შენობაც არ არსებობდა ძალადობის მსხვერპლი ბავშვების გამოსაკითხად. ახლა არსებობს ეს შენობა, თუმცა მაინც არ გვაქვს შესაბამისი ჩანაწერი. თანაც, ასეთი შენობა მხოლოდ თბილისის ბაზაზე არსებობს და რეგიონებში არ არის ხელმისაწვდომი ძალადობის მსხვერპლებისთვის.

  • სტრასბურგის შეფასებაში ნათქვამია, რომ სამართალდამცველებმა მამინაცვლის, ანუ სავარაუდო მოძალადის წინააღმდეგ არ დაიწყეს გამოძიება. იყო დაკითხული ეს კაცი?

ჩვენება მიცემული აქვს, თუმცა ჩვენების შინაარსი ჩვენთვის უცნობია, რადგან ბავშვს არ აქვს დაზარალებულის სტატუსი. შესაბამისად, საქმის მასალებს ჩვენ ვერ ვნახავთ.

  • როგორ ფიქრობ, ის რაზეც სტრასბურგი საუბრობს, მხოლოდ გულგრილობაა თუ არაპროფესიონალიზმიც?

ალბათ ორივე. უმთავრესი პრობლემა მაინც კომპეტენციის ნაკლებობაა. მეორე, დამოკიდებულება პროკურატურის მხრიდან ასეთი ტიპის საქმეებზე, რადგან ფაქტი სახეზეა. 2021 წელს დაწყებულ გამოძიებაზე დღემდე არ არის შემაჯამებელი გადაწყვეტილება და ამ დარღვევებზე ისაუბრა ევროსასამართლომ, მათ შორის გამოძიების გაჭიანურებაზე.

  • სახელმწიფო ვალდებულია აღასრულოს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება ითვალისწინებს 10 000 ევროს კომპენსაციას დაზარალებული ბავშვის სასარგებლოდ. შესაძლებელია, რომ ეს ნაწილი აღასრულოს საქართველომ, მაგრამ გამოძიება მაინც არ მიიყვანოს ბოლომდე და ისევ თაროზე შემოიდოს ეს საქმე?

კომპენსაციის ნაწილში აღსრულება ხდება, თუმცა სამწუხაროდ, გამოძიების ნაწილი კვლავ რჩება პრობლემა ზოგიერთ საქმეზე. თუმცა, გამოძიების ნაწილში ჩვენ გავაგრძელებთ წარმოებას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: