მთავარი,სიახლეები

საკრებულოს განმარტება – რატომ დააგეს ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე ასფალტი ტენდერის გარეშე

30.03.2026
საკრებულოს განმარტება – რატომ დააგეს ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე ასფალტი ტენდერის გარეშე

„რატომ არ დაველოდეთ პროცედურებს და რატომ ვიჩქარეთ?

ტურისტული სეზონის, გაზაფხულის დღესასწაულების და მათ შორის, ბათუმობის მოახლოებულ დღესასწაულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი იყო, რომ სამუშაოები დაწყებულიყო დროულად და დასრულებულიყო შესაბამისად დროულად,“ – დღეს, 30 მარტს, ასე განმარტა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან დავითაძემ მიზეზი, თუ რატომ დაიწყო საკრებულოს გვერდის ავლით ქუჩის რეაბილიტაცია ბათუმის მერიამ.

ბათუმის მერიამ მემედ აბაშიძის ქუჩის რეაბილიტაცია 16 მარტს ისე დაიწყო, რომ არც ტენდერი ჩაუტარებია და არც შესაბამისი ცვლილება შეუტანია ბათუმის საკრებულოს ქალაქის 2026 წლის ბიუჯეტში.

მას შემდეგ, რაც გასაჯაროვდა რეაბილიტაციის დაწყება ტენდერის გარეშე, ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ შეცვალა სხვა ქუჩებთან დაკავშირებით ადრე დადებული ხელშეკრულება და მასში მემედ აბაშიძის გამზირი ჩაამატა.

ცვლილების/მხარეთა შეთანხმების დოკუმენტი 20 მარტითაა დათარიღებული.

ამის პარალელურად ჩაინიშნა საკრებულოს სხდომა, რომელზეც დაიგეგმა ცვლილებების შეტანა 2026 წლის ბიუჯეტში.

ფაქტობრივად, ბათუმის მერიამ მემედ აბაშიძის გამზირზე ქვაფენილის აყრა ისე დაიწყო, ამის შესახებ წინასწარ არც ქალაქის მოსახლეობამ იცოდა და არც საკრებულომ.

30 მარტს გამართულ საკრებულოს სხდომაზე საკრებულომ ბიუჯეტში ცვლილება პოსტფაქტუმ შეიტანა.

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩის რეაბილიტაციის უტენდეროდ დაწყებასთან დაკავშირებით, 30 მარტს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განმარტება გააკეთა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან დავითაძემ.

მისი თქმით, არსებობს შეკითხვები, რაზეც ბათუმის საკრებულოს პასუხი ასეთია:

„პირველი კითხვა მდგომარეობდა იმაში, რომ სამუშაოები მემედ აბაშიძის ქუჩისა თავიდანვე არ იყო პროექტში გათვალისწინებული და რატომ არ იყო გათვალისწინებული? აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველ პროექტში გათვალისწინებული იყო არსებული რესურსების ფარგლებში დამაკავშირებელი მოკლე მონაკვეთების რეაბილიტაცია.

რაც შეეხება მემედ აბაშიძის გამზირს, თავისი მასშტაბიდან გამომდინარე, ჩვენ დაგეგმილი გვქონდა, რომ ტურისტული სეზონის დასრულების შემდგომ მომხდარიყო სრული რეაბილიტაცია. ეს გულისხმობდა არა მარტო გზის სავალი ნაწილის გამოცვლას, არამედ – ტროტუარების, ველობილიკების, გარე განათების, გამწვანების ზოლის რეაბილიტაციას. აღნიშნული სამუშაოები საკმაოდ სოლიდურ თანხებს მოითხოვდა, შესაბამისი რესურსი არ იყო ბიუჯეტში, ამიტომ არ მოხდა მისი გათვალისწინება. ეს არის პასუხი, თუ რატომ არ იყო თავდაპირველ ეტაპზე გათვალისწინებული აღნიშნულ პროექტში.

მეორე კითხვა მდგომარეობდა იმაში, თუ თავიდან პროექტში არ იყო გათვალისწინებული, როგორ ჩაისვა და რის ხარჯზე ჩაისვა? უნდა აღინიშნოს, რომ სამუშაოების შემდგომ გამოიკვეთა მნიშვნელოვანი მომენტი – ეს არის რეციკლირების ნაწილი, რომელიც საპროექტო გადაწყვეტილებით იყო გათვალისწინებული.

რეციკლირება, საზოგადოებისთვის მინდა აღვნიშნო, გულისხმობს მიწის საფარის გამოცვლას და ახალი ინერტული მასალის შეტანას, რაც საკმაოდ შრომატევადია და დიდ ფინანსურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. თუმცა, პროექტის მსვლელობისას გამოიკვეთა გარემოება, რომ გრუნტი, რომელზეც მიდიოდა სამუშაოები, იყო საკმაოდ მყარი. ეს დადასტურებულია შესაბამისი სპეციალისტების მიერ და შესაბამისად არ საჭიროებდა რეციკლირების გამოყენებას. ამიტომ ეს პარამეტრი ამოღებულ იქნა სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციიდან, დაზოგილი იქნა მნიშვნელოვანი საბიუჯეტო სახსრები – დაახლოებით საუბარია ნახევარ მილიონ ლარზე და შესაბამისად,  პროექტის ავტორთან შეთანხმებით მოხდა აღნიშნული თანხების გამოყენება, რაც გულისხმობდა მემედ აბაშიძის გამზირზე გზის სავალი ნაწილის, ასე ვთქვათ, გამოცვლა-რეაბილიტაციას.

ლევან დავითაძე

შემდეგი შეკითხვა შეიძლება საზოგადოებაში არ დასმულა, თუმცა შეიძლება დაისვას, თუ რატომ გადაწყვიტა საპროექტომ რეციკლირება იმ შემთხვევაში, თუკი ეს იყო თავიდანვე გათვალისწინებული და რატომ არ გაკეთდა გეოლოგიური დასკვნა?

ვპასუხობთ, რომ რეციკლირება, ერთი მხრივ, ბუნებრივია, აძვირებს პროექტს, მაგრამ იყო მაქსიმალური გადაზღვევა საჭიროების შემთხვევაში. თუ საჭიროება დადგებოდა, ამ შემთხვევაში რეციკლირება განხორციელდებოდა, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში მოვხსნიდით და დავტოვებდით მას ეკონომიაში. ეს არის პასუხი ამასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება გეოლოგიური კვლევის ნაწილს, უნდა აღინიშნოს, რომ გეოლოგიური კვლევა და ნიმუშის აღება ხდება იქ, სადაც შენობა-ნაგებობის დადგმა ხორციელდება, ხოლო ხაზოვანი ნაგებობის შემთხვევაში, ამ შემთხვევაში გზის ნაწილში, მსგავსი რამ პრაქტიკაში არ არსებობს, შესაბამისად არ განხორციელებულა გეოლოგიური კვლევა.

მესამე შეკითხვა, რაც საზოგადოების მხრიდან ასევე დაისვა, ეს არის – გაიზარდა თუ არა სახელშეკრულებო ღირებულება და ხომ არ გაუარესდა ხარისხი აღნიშნულ პროექტში?

ვპასუხობთ მარტივად, რომ სახელშეკრულებო ღირებულება არ გაზრდილა, პროექტის ავტორთან შეთანხმებით გამოყენებულია ეკონომია მემედ აბაშიძის ქუჩის სამუშაოებისათვის, შედეგად ვიღებთ დამატებით რეაბილიტირებულ ქუჩას ისე, რომ ხარისხი არ გაუარესებულა.

და ბოლო შეკითხვა ეს იყო – რატომ არ დაველოდეთ პროცედურებს და რატომ ვიჩქარეთ? ვპასუხობთ, რომ ტურისტული სეზონის, გაზაფხულის დღესასწაულების და მათ შორის ბათუმობის მოახლოებულ დღესასწაულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი იყო, რომ სამუშაოები დაწყებულიყო დროულად და დასრულებულიყო შესაბამისად დროულად,“ – განმარტა ლევან დავითაძემ.

  • რას ამბობს დოკუმენტები 

15 ქუჩაზე გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებით, დავითაძის თქმით, „რეციკლირება იყო მაქსიმალური გადაზღვევა საჭიროების შემთხვევაში“, თუმცა საჭიროება არ დამდგარა და „ეს პარამეტრი ამოღებულ იქნა სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციიდან, დაზოგილი იქნა მნიშვნელოვანი საბიუჯეტო სახსრები – დაახლოებით საუბარია ნახევარ მილიონ ლარზე“.

მერიის სააგენტოსა და „ბონდი-2009“-ს შორის ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებით „გაუქმდა საფუძვლის სტაბილიზებული ფენა-ღორღი (ფრ.0-40მმ) (h-15სმ) კომპლექსური შემკვრელით, ცემენტი (4%) და ნაცარის (12%) დანამატით.“ ამ სამუშაოებისთვის ჯამში 697 769 ლარი იყო გათვალისწინებული.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ასევე „ბონდი-2009“-სთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ასეთი „მაქსიმალური დაზღვევა“ არ იყო გათვალისწინებული, როცა ქვაფენილი ფარნავაზ მეფისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩებზე აყარეს.

15 ქუჩის ტენდერის ხელშეკრულებიდან მთლიანად ამოიღეს ასევე „ამორტიზებული ველობილიკების რეაბილიტაცია.“

„სახელშეკრულებო ღირებულება არ გაზრდილა,“ – ამბობს ლევან დავითაძე, მაგრამ „სეზონი კარს მოგვადგა“ და ახლა სარეაბილიტაციო რჩება ამორტიზებული ველობილიკები ტენდერში ჩამოთვლილ ყველა ქუჩაზე, სადაც კი ასეთი ბილიკია.

მათ შორის – მემედ აბაშიძის გამზირზეც. ველობილიკების რეაბილიტაციას ბიუჯეტიდან დამატებით ცალკე თანხა დასჭირდება.

რაც შეეხება „ტურისტულ სეზონსა და გაზაფხულის დღესასწაულებს“, რასაც ლევან დავითაძემ ხაზი გაუსვა – გაზაფხული აუცილებლად რომ დადგებოდა და „მოახლოვდებოდა“, ეს წინასწარ უნდა სცოდნოდათ ბათუმის მერიასა და საკრებულოში.

და თუ მოსწრებაზე იყო საქმე, როცა ცვლილებები დამტკიცებულია, ანუ დღეიდან რომ დაეწყოთ აბაშიძის ქუჩის რეაბილიტაცია, იმ ტემპით, როგორითაც ამ ქუჩაზე იმუშავეს, 15 აპრილისთვის სამუშაოები დასრულებული იქნებოდა. თუ ადრე შეიტანდნენ ცვლილებას, კიდევ უფრო ადრე დაასრულებდნენ, თან კანონსაც დაიცავდნენ. ახლა კი გამოდის, რომ მერიამ და საკრებულომ „შეთანხმებით“ დაარღვიეს კანონი.

არც ის დაუსაბუთებია ვინმეს – ტურისტული სეზონისა და დღესასწაულებისთვის ქალაქის ძველ უბანში, ქუჩებზე მოვლილი ქვაფენილი სჯობს,  თუ შავი ასფალტი.

და ბოლოს, საზოგადოებას თუ არა, მინიმუმ საკრებულოს წევრებს მაინც უნდა სცოდნოდათ, რომ აბაშიძის ქუჩის რეაბილიტაციას ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ გეგმავდნენ.

„ბათუმელები“ ქალაქის მერიის სამმართველოდან მემედ ამაშიძის ქუჩასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხს 14 მარტიდან ელოდება – ეს პასუხები დღემდე არ მიგვიღია.

ამასთან, ბათუმში ქვაფენილიანი ქუჩების „საკითხის მოგვარებაზე“ საუბარი მერიამ 2016 წელს დაიწყო, ქვაფენილების აყრა კი – 2022 წელს და შესაბამისად, ამ დრომდე „დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი“ უნდა გამოენახათ ქალაქის ერთ-ერთი მთავარი და ისტორიული ქუჩის რეაბილიტაციისთვის.

კიდევ ერთი საკითხი.

„ბათუმელები“ ამ საკითხზე 24 მარტს გამოქვეყნებულ მასალაში წერდა, რომ სამუშაოები ჩატარდა მემედ აბაშიძის ქუჩაზე – მელიქიშვილისა და 26 მაისის ქუჩებს შორის მონაკვეთშიც, თუმცა ეს მონაკვეთი 20 მარტის „შეთანხმება N1-ში“ არ ეწერა.

ბათუმის მერიის სამმართველოს და „ბონდი-2009“-ს ამის შემდეგ, 27 მარტს კიდევ ერთი „შეთანხმება N2“ გაუფორმებიათ, სადაც ჩაწერეს, რომ „2026 წლის 20 მარტის N1 მხარეთა შეთანხმება მომზადდა ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის მონიტორინგისა და ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების მოხსენებითი ბარათის საფუძველზე (90-1426079381; 20/03/2026 წ.), სადაც დაშვებული იყო მექანიკური შეცდომა, კერძოდ, მითითებული იყო, რომ აღნიშნულ პროექტს დაემატებოდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები „მემედ აბაშიძის გამზირზე, 26 მაისის ქუჩიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩამდე მონაკვეთში“, რეალურად, კორექტირებული ხარჯთაღრიცხვების შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოები დამატებულია „მემედ აბაშიძის გამზირზე, პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩამდე მონაკვეთში“. 

ამ თემაზე:

უკანონო სამუშაოების დაკანონება – როგორ „აგვარებს“ ბათუმის მერია აბაშიძეზე ქვაფენილის აყრის საკითხს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: