მთავარი,სიახლეები

ბათუმი-სარფის ახალი გზისთვის ქალაქი ქონებას სახელმწიფოს გადასცემს

29.03.2026
ბათუმი-სარფის ახალი გზისთვის ქალაქი ქონებას სახელმწიფოს გადასცემს

ხელვაჩაურის სოფელ ახალსოფელში მდებარე მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ ნაგებობებს, რომლებიც ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, ქალაქი სახელმწიფოს გადასცემს. მიწის ნაკვეთის ფართობი 7 824, ხოლო შენობა-ნაგებობების საერთო ფართობი 5 992 კვადრატული მეტრია.

ქონების გადაცემა, როგორც ბათუმის მერიის მიერ მომზადებულ დოკუმენტებშია აღნიშნული, ბათუმი-სარფის ახალი გზის პროექტს უკავშირდება.

საკითხი ბათუმის საკრებულომ 30 მარტს სხდომაზე უნდა განიხილოს.

ბათუმის მერიის მიერ მომზადებულ განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მერიაში 2025 წლის 24 ნოემბერს შევიდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სააგენტოში წარდგენილ კორესპონდენციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში მდებარე მიწის ნაკვეთის დაყოფას და ნაწილის 7 823 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემას – შემდგომში გზების დეპარტამენტისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით.

გზების დეპარტამენტის წერილში კი აღნიშნულია, რომ ეს ქონება ბათუმი-სარფის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებშია მოქცეული.

შესაბამისად, მერიამ სოფელ ახალსოფელში მდებარე  20 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი დაყო ორ საკადასტრო ერთეულად: 12 160 და 7 824 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის
ნაკვეთად.

განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, რომ სახელმწიფოსთვის გადასაცემ 7 824 კვადრატული მეტრი ფართობის ნაკვეთზე ე.წ. „ახალსოფლის სათბურებია“ განთავსებული და ეს ქონება ბათუმის გამწვანების სამსახურზე იყო გადაცემული სარგებლობაში.

მოწითალო ფერით მონიშნულია ქონება, რომელიც ბათუმმა სახელმწიფოს უნდა გადასცეს

ამიტომ, ბათუმის მერიამ მიმართა ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურს“ და მოსთხოვა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ორგანიზაციის უზუფრუქტის უფლების შეწყვეტა. გამწვანების სამსახურმა 2026 წლის 12 მარტს მერიაში გადააგზავნა [უზუფრუქტის] უფლების შეწყვეტის თაობაზე თანხმობის წერილი.

„ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია განხორციელდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში მდებარე 7 824 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების: №1 საერთო ფართი: 5980,91 კვ.მ და №2 საერთო ფართი: 11,17კვ.მ და №3 სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემა“. – წერს მერია განმარტებით ბარათში, რომელიც საკრებულოშია გადაგზავნილი.

აღსანიშნავია, რომ ბათუმი-სარფის გზის მშენებლობის პროექტის გამო, რამდენიმე ოჯახს ბათუმსა და ხელვაჩაურის სოფელ ახალსოფელში კერძო საკუთრებას ექსპროპრიაციის წესითაც დაათმობინებენ.

ამ და ბათუმი-სარფის ახალი გზის პროექტზე უფრო დეტალურად ნახეთ ამ ბმულზე:

ბათუმი-სარფის ავტობანის გამო კერძო მესაკუთრეებს ქონებას ჩამოართმევენ – ექსპროპრიაცია

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: