ბათუმი,მთავარი,სიახლეები

გარდაიცვალა ჩვილი, რომელიც ბათუმში დედამ საპირფარეშოში გააჩინა

27.03.2026
გარდაიცვალა ჩვილი, რომელიც ბათუმში დედამ საპირფარეშოში გააჩინა

კლინიკა „მედინას“ ცნობით, დღეს, 27 მარტს, ბათუმში გარდაიცვალა ახალშობილი, რომელიც დედამ კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა.

„დიდი გულისტკივილით გაცნობებთ, რომ მიუხედავად ექიმების მრავალდღიანი ინტენსიური ბრძოლისა და განხორციელებული ყველა შესაძლო სამედიცინო ღონისძიებისა, 23 თებერვალს ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ დაბადებული ახალშობილი (ჩვენი კლინიკის თანამშრომლის შვილი) ამ დილით გარდაიცვალა.

კლინიკის გუნდი პირველივე წუთებიდან მოქმედებდა უმაღლესი პროფესიული სტანდარტების დაცვით. პროცესში ჩართული იყვნენ როგორც ჩვენი კლინიკის, ისე მოწვეული მრავალპროფილური სპეციალისტები. პაციენტს ჩაუტარდა არაერთი გადაუდებელი და მაღალკვალიფიციური სამედიცინო ჩარევა, თუმცა მისი მდგომარეობა თავიდანვე იყო უკიდურესად მძიმე.

ამ მძიმე პერიოდში ჩვენი მთავარი საზრუნავი იყო და რჩება პაციენტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.

ვიზიარებთ მომხდარით გამოწვეულ ღრმა ტკივილს და თანავუგრძნობთ ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ეს ტრაგედია მძიმე დანაკარგია“ – აცხადებს „მედინა“.

ბავშვი ბათუმში 2026 წლის 23 თებერვალს დაიბადა. პროკურატურის ცნობით, კლინიკის თანამშრომელმა საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა.

ბავშვის დედა დააკავეს და ბრალი ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე წარუდგინეს – სისხლის სამართლის კოდექსის 19.112-ე მუხლით.

ამავე თემაზე:

დააკავეს ქალი, რომელმაც ბავშვი კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: