შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი დამატებით 200 სამკერდე კამერას ყიდულობს. კამერებსა და მათ ლიცენზიებში კი, ტენდერის გარეშე, ჯამში 548 ათას 200 ლარს გადაიხდის.
„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში პატრულ-ინსპექტორთა გაზრდილი პირადი შემადგენლობის აღჭურვისა და დაზიანებული კამერების ჩასანაცვლებლად, გვესაჭიროება კომპანია AXON-ის წარმოებული BODY 2 მოდელის ოფიცრის სამკერდე კამერების დამატებითი რაოდენობის შეძენა“ – წერს საპატრულო პოლიცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, რომლისგანაც გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობას ითხოვს.

ინვოისიდან
კამერების შეძენას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ამჯერადაც შპს „ენ ჯი თი ჯგუფისგან“ გეგმავს. დეპარტამენტი წერს, რომ კომპანიამ წარმოადგინა „AXON-ის მიერ გაცემული წერილი, სადაც მწარმოებელი ადასტურებს, რომ შპს „ენ ჯი თი ჯგუფი“ არის საქართველოში AXON-ის პროდუქციის ერთადერთი ავტორიზებული დისტრიბუტორი“.
2022 წლის აპრილიდან დღემდე, აღნიშნული 200 კამერის ჩათვლით, საპატრულო პოლიციის მიერ შესყიდული იქნება ჯამში 1230 სამკერდე კამერა. ამ კამერებსა და მათ ლიცენზიებში კი გადახდილი იქნება ჯამში 2 992 140 ლარი.
ბოლოს საპატრულომ სამკერდე კამერები [300 ცალი] 2026 წლის იანვარში იყიდა.
ამ თემაზე:
საპატრულო პოლიცია 575 ათას ლარად 300 სამკერდე კამერას შეიძენს






