დღეს, 23 დეკემბერს, გენპროკურორმა გიორგი გვარაკიძემ, სუსის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილისადმი ბრალის წარდგენისას თქვა, რომ ლილუაშვილი მფარველობდა თაღლითურ ქოლცენტრებს და თითქოს ამ ქოლცენტრების საშუალებით ფინანსდებოდა ოპოზიციური მედიასაშუალებები.
გამოძიების ვერსიით ერთგვარი შეთანხმება არსებობდა ოპოზიციურ მედიასა და ლილუაშვილს შორის. პროკურატურის ვერსიით, ოპოზიციური მედია განზრახ არ აშუქებდა ინფორმაციას „ლილუაშვილის მფარველობის ქვეშ არსებული თაღლითური ქოლცენტრების არსებობის შესახებ“.
ეს მაშინ, როცა სწორედ კრიტიკული და ოპოზიციური მედია ამზადებდა რეპორტაჟებს სუს-ის ყოფილი უფროსის სავარაუდო კავშირებზე ქოლცენტრებთან.
2022 წელს გრიგოლ ლილუაშვილმა ოპოზიციურ არხებს სასამართლოშიც უჩივლა ქოლცენტრებთან დაკავშირებით მომზადებული სიუჟეტების გამო.
ადვოკატი მარი კაპანაძე, რომელიც სასამართლოში „ფორმულას“ ინტერესებს იცავდა, ამბობს, რომ გრიგოლ ლილუაშვილის სარჩელი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც საქართველოში უსაფუძვლო ცილისწამების საქმეებს (ე.წ. SLAPP-ებს) დაუდო საფუძველი.
1 ლარის გადახდა დააკისრა სასამართლომ „მთავარ არხსა“ და „ფორმულას“ გრიგოლ ლილუაშვილის შესახებ მომზადებული რეპორტაჟების გამო.
ლილუაშვილმა დავა სამივე ინსტანციის სასამართლოში მოიგო.
„ტელეკომპანიებს – „ფორმულას“ და „მთავარს“, ასევე ლევან ხაბეიშვილს მიადგა და დავობდა, ქოლცენტრების მფარველობას როგორ მაბრალებთ, ეგ ცილისწამებააო. მართლმსაჯულების სისტემამ მაშინ წარმოუდგენელი სისწრაფე გამოიჩინა და სამივე ინსტანციაში საქმის განხილვა წელიწადსა და რამდენიმე თვეში დასრულდა, რა თქმა უნდა, ლილუაშვილის გამარჯვებით“, – წერს ადვოკატი მარი კაპანაძე.
რატომ უჩივლა ლილუაშვილმა მთავარ არხს, ფორმულას და ლევან ხაბეიშვილს?
2022 წლის თებერვალში მაშინდელმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ორ კრიტიკულ ტელევიზიას – „მთავარ არხსა“ და „ფორმულას“ უჩივლა. ლილუაშვილმა ასევე სარჩელი შეიტანა ენმ-ის წევრ ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგაც.
გრიგოლ ლილუაშვილის სახელით განცხადება მისმა ადვოკატმა, მამუკა ღვინიაშვილმა გააკეთა.
„როგორც გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი, ვაცხადებ, რომ „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“ ეთერებით გავრცელებული ინფორმაცია, ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობასთან, თაღლითურ, კრიმინალურ თუ ფულის მოპარვის სქემებთან ან რაიმე სახის დანაშაულებრივ ჯგუფებთან გრიგოლ ლილუაშვილის კავშირის შესახებ არის სრული სიცრუე და ცილისწამება. ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებით შეილახა და ზიანი მიადგა გრიგოლ ლილუაშვილის სახელს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას“, – ამბობდა ღვინიაშვილი.
სარჩელით გრიგოლ ლილუაშვილი ითხოვდა „იმ ფაქტების უარყოფას, რომელიც არის სრული სიცრუე და ცილისწამება; მოპასუხეებისთვის ზიანის ანაზღაურების სახით სიმბოლურად ერთი ლარის დაკისრებას“.






