მთავარი,სიახლეები • •

„ერთს ამბობთ და მეორეს აკეთებთ“ – ეპისკოპოსი გიორგი „ქართულ ოცნებას“

15.11.2026
„ერთს ამბობთ და მეორეს აკეთებთ“ – ეპისკოპოსი გიორგი „ქართულ ოცნებას“

„თქვენ ბატონ-პატრონები ჩვენი ნუ გგონიათ თავი და ხალხს ასე ზევიდან ნუ უყურებთ. თქვენ ხართ, როგორც ჩვენ, ნებისმიერი რიგითი მოქალაქეები… ასე ნუ გაუუცხოვდებით ხალხს,“ – მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა დღეს, 15 ნოემბერს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მიმართა საკვირაო ქადაგების დროს.

ეპისკოპოსი გამოეხმაურა მიტროპოლიტ იობის წინააღმდეგ „ოცნების“ ლიდერების და მხარდამჭერების მიერ წარმოებულ აგრესიულ კამპანიას მას მას შემდეგ, რაც ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა „ქართული ოცნების“ მთავრობა მწვავედ გააკრიტიკა.

„შეაჩერეთ ეს უღირსი, ცილისწამებლური კამპანია, ისევ თქვენთვის აჯობებს.

დღეს გახდა მეუფე იობი თქვენთვის ნაცი?

რა თქვა მეუფემ, რომ დავამხოთ ხელისუფლება? რევოლუცია მოვაწყოთ? მან თქვა, რომ თუ ასე გაგრძელდება, ნარკოტიკებთან ერთად ჩვენი მიწა-წყლის გასხვისება უცხოტომელებზე და ასე შემდეგ მრავალი პრობლემები, მან თქვა, რომ გამოდის, მომავალში უკეთესი უნდა ავირჩიოთ, როცა არჩევნები იქნებაო… “ – აღნიშნა ეპისკოპოსმა გიორგიმ.

მან იობის წინააღმდეგ „ოცნების“ წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, „ანტიქრისტიანული“ და „ანტიადამიანური უწოდა“.

ეპისკოპოსმა ყურადღება გაამახვილა მიტროპოლიტ იობის საქმიანობაზე ქართული ეკლესიის ინსტიტუციურად გაძლიერებაზე, ხოლო „ოცნების“ მთავრობის მხრიდან კაზინოების ბიზნესის ხელშეწყობაზე. ეპისკოპოსის შეფასებით ონლაინ თამაშებს და აზარტულ თამაშებს დღეს „სასათბურე პირობებს“ უქმნიან.

ჰუჯაბის ეპისკოპოსმა „ოცნების“ წარმომადგენლებს შეახსენა ისიც, რომ ვიდრე მიტროპოლიტი იობი მწვავედ გააკრიტიკებდა „ოცნებას“, მანამდე კაზინოების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით „ოცნების“ მთავრობას ახალმა პატრიარქმა მიმართა.

„განა ჩვენმა ახლადგამორჩეულმა პატრიარქმა შიო მესამემ არ გითხრათ, რომ ცოდვით ნაშოვნი ფული და სიმდიდრე შეიძლება სასჯელად ექცეს ერს? განა მის გვერდში არ დგეხართ? განა თავზე ხელს არ გისმევთ?…

ერთს ამბობთ და მეორეს აკეთებთ, როცა კათალიკოს პატრიარქმა მოგიწოდათ, სიყვარულით, სითბოთი გითხრათ, არ გაიგონეთ, მაშინ სხვა მღვდელმთავარმა ცოტა მკაცრად გითხრათ და რა გააკეთეთ? ჩართეთ სახელისუფლებო  პროპაგანდისტული მანქანები, სადაც ყველა ჩაება და დაიწყო მიზანმიმართული შეურაცხყოფა…

თბილ სავარძლებში რომ ხართ ახლა და ბევრი გადმოპორტირებული ნაცი რომ ხართ, მაშინ ეს დიდი მღვდელმთავრები ამხელდნენ იმ ტირანიას,“ – აღნიშნა ეპისკოპოსმა გიორგიმ.

დღეს, საკვირაო ქადაგების დროს, „ოცნების“ მიერ გამართულ კამპანიას კონკრეტული სასულიერო პირების წინააღმდეგ გამოეხმაურა თავად მიტროპოლიტი იობი: „უკვე ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყოო“.

ამ თემაზე:

„უკვე ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო“- მიტროპოლიტი იობი

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: