„არ გვიხსნიან, არ გველაპარაკებიან, არ ცდილობენ, უფრო გარკვევით გვითხრან რისი მომცემია ეს რეფორმა. ამიტომ გვაქვს უნდობლობა ამ ცვლილებების მიმართ. რაღაცნაირად, გადიდგულებული აკეთებენ თითქოს და ამიტომაც არის, ასეთი აჟიოტაჟი რომ გამოიწვია“- ამბობს ბათუმის მე-14 საჯარო სკოლის ქართულის მასწავლებელი მარიზა თებიძე „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმაზე.
„ბათუმელები“ მასწავლებელს მე-12 კლასის გაუქმებასა და სკოლაში სწავლის ხარისხზე ესაუბრა.
- ქალბატონო მარიზა, რას ფიქრობთ იმ ცვლილებებზე, რომელიც დაგეგმილი აქვს „ოცნების“ ხელისუფლებას სკოლებში. რა პრობლემებს ხედავთ ამ ყველაფერში?
ჯერ იყო და მასწავლებლებთან დაიწყეს გაუგებარი სქემებით საუბარი, რითაც დააშორეს მასწავლებელი გაკვეთილს. იმიტომ გადაიქცა სკოლა თეატრად, რადგან მასწავლებლები კვალიფიკაციის ამაღლებას უფრო მეტ დროს უთმობდნენ, ვიდრე საგაკვეთილო პროცესს. ეს არასწორი იყო.
თუ საგაკვეთილო პროცესს ამდენი ნაკლი აქვს, მაშინ ასე გამოდის, ხომ? რატომ გვაქვს ასეთი ცუდი შედეგები, ხომ მოგვცეს სტატუსები. ვეღარ ატარებენ გაკვეთილებს ეს მასწავლებლები, თუ რატომ დარჩა საჭირო რეფორმა?
- მასწავლებლებისგან არაერთხელ მოგვისმენია, რომ ხარისხიან გაკვეთილს სჭირდება რესურსები, ამ რესურსებს კი ხშირად თავად უზრუნველყოფენ, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა კი ნაკლებია. იქნებ ეს არის მიზეზი?
მეც ამ აზრზე ვარ. მასწავლებლებს არ აქვთ შესაბამისი გარემო სკოლაში.
ასევე, ვერ გავერკვიე მაგათ ბუღალტერიაშიც. თვეში ვატარებ 80 საათს და ვიღებ 20 საათის ანაზღაურებას. უკეთესი იქნება, თვიური ანაზღაურება რომ მქონდეს და არა საათობრივი, რომ უფრო მეტი დრო დავუთმო მოსწავლეს და არა, ვთქვათ, კერძო რეპეტიტორობას.
არავის სიამოვნებს საგაკვეთილო პროცესის შემდეგ ისევ მოსწავლეებთან მუშაობა. გაკვეთილზე უფრო ბედნიერად და თავისუფლად ვგრძნობთ თავს, მაგრამ შეზღუდულები ვართ, რადგან კლასში მრავალრიცხოვანი კონტინგენტია, რომელსაც სხვა ათასი ფაქტორიც ემატება.
- მე-11 კლასი იქნება რეპეტიტორიუმიო „ოცნების“ განათლების მინისტრმა თქვა. რას ფიქრობთ ამ დაანონსებულ ცვლილებებზე?
თუ სწავლა 11-წლიანი გახდება, ეს იქნება პრობლემა ნებისმიერი ოჯახისთვის, რადგან აქამდე ნებისმიერი სოციალური სტატუსის მქონე ახალგაზრდას ჰქონდა უცხოეთში სწავლის შესაძლებლობა, ახლა კი აღარ ექნებათ. თუმცა ამასაც რომ თავი დავანებოთ, სწავლის ხარისხსაც დავკარგავთ, რადგან შეუძლებელი იქნება ასეთ მოკლე დროში სასწავლო მასალის სრულყოფილად ათვისება.
მეორე საკითხია კიდევ, სკოლა მარტო გამოცდისთვის ზრდის ახალგაზრდებს? ზოგადი განათლება მარტო გამოცდისთვის მომზადებას ნიშნავს? ძალიან ბუნდოვანი და გაუგებარია ეს ცვლილებები. ისიც გაურკვეველია, როგორი იქნება მომავალი გამოცდები. რაღაც მოსამზადებელი პერიოდი ხომ უნდა დაუტოვო სკოლას.
არ გვიხსნიან, არ გველაპარაკებიან, არ ცდილობენ უფრო გარკვევით გვითხრან რისი მომცემია ეს რეფორმა. ამიტომ გვაქვს უნდობლობა ამ ცვლილებების მიმართ და აი, რაღაცნაირად გადიდგულებული აკეთებენ თითქოს და ამიტომაც არის, რომ ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია.
მე-11 კლასში თუ ამზადებენ მოსწავლეს, მე-12-ში არ შეიძლებოდა აბიტურიენტის მომზადება?
ან ჯერ პროფესიული განათლების პრობლემები მოეგვარებინათ, რადგან 40 000-მდე აბიტურიენტი გამოდის სკოლიდან ყოველწლიურად და ახლა რომ 80 ათასი გამოვა, ქუჩაში ტოვებენ ამ ბავშვებს? კონკურენცია გაიზრდება და მეორე – ბევრჯერ მოვისმინე, რომ რა საჭიროა ამდენი უმაღლესდამთავრებულიო და რატომ არ არის საჭირო? თუ ადამიანს სურვილი აქვს, ეს დანაშაულია? შევუზღუდოთ ხელოვნურად? ან სანამ შეზღუდავ, ალტერნატივა არ უნდა გაუჩინო?
არ გვაქვს სამუშაო ადგილები, არ გვაქვს არაფერი, ქარხანა არ არის, პროფესიული სასწავლებლები ძალიან მცირეა და ფაქტობრივად, ქუჩაში ვტოვებთ ბავშვებს. ეს არის სერიოზული პრობლემა და ძალიან მაფიქრებს.
უნივერსიტეტებში რა ცვლილებასაც გეგმავენ, ესეც დააზარალებს ბავშვებს, რადგან გრანტი გაუუქმეს, სახელმწიფო უნივერსიტეტებში არჩევანს უზღუდავენ, კერძო უნივერსიტეტები კი ძვირია. თუ აბიტურიენტს არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, ვერ გადაიხდის გადასახადს.
- სკოლაში ხარისხი მასწავლებლებმა უნდა შექმნან და მერე მივცემთ სტატუსებსო. ამაზე რას ფიქრობთ, მხოლოდ თქვენზეა ეს დამოკიდებული?
ჩვენ ყველაზე დაბალი ღობე ვართ ალბათ და ამიტომ ამბობენ, თორემ, მასწავლებლები, ვფიქრობ, ბოლომდე ვიხარჯებით სკოლაში. ბავშვია ამის ყველაზე კარგი შემფასებელი, მაგრამ ასე რომ გველაპარაკებიან, ეს ჩვენი ბრალიცაა, რადგან ყველა რეფორმა მდუმარედ და გულგრილად მივიღეთ.
ძალიან მწყდება გული ჩემი კოლეგების გამო, რადგან როცა მასწავლებლის ხმა აქტიურად ისმის, იქ ვერ გაბედავენ ვერც ჯოხის გადატეხას, ვერც ისრების გადმოწევას, რადგან ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მთავარი ძალა და ხერხემალი, რადგან ახალ მოქალაქეებს ვზრდით.
თუმცა, ისიც გამიგია მასწავლებლებისგან, რომ „აპოლიტიკური ვარ“. მე არ ვარ აპოლიტიკური, რადგან მე ვუზრდი ჩემს ქვეყანას, სამშობლოს, მოქალაქეებს და როგორ ვიქნები აპოლიტიკური? მაშინ როგორ უნდა ავუხსნა ილია, „რა თავში ვიხლით ცარიელ მშვიდობას, ცარიელის სტომაქით”, თუკი ეპოქა არ მიმოვიხილე, თუკი პოლიტიკური ვითარება არ მიმოვიხილე?!
ამიტომ არის, რომ ჩვენი დუმილით, ჩვენი შემგუებლობით და პასიურობით მივეცით საშუალება სისტემას, რომ ყველა ჯოხი ჩვენზე გადატყდეს.
- როგორ ფიქრობთ, თუ ასეთი შემგუებლობა აქვთ მასწავლებლებს, რა შეიძლება დაემართოთ „ოცნების“ დაგეგმილი ცვლილებებით, თუ ეს ყველაფერი წნეხისთვის ხდება და არა განვითარებისთვის?
რაღა უნდა დაგვემართოს ამაზე მეტი? მგონი მოვიდა დრო, როცა ყველამ უნდა თქვას თავისი სათქმელი, რადგან იმ აღდგენილ ავტორიტეტსაც დავკარგავთ, რაც დღეს გვაქვს.
ჩემთვის ის იქნება სიკვდილის ტოლფასი, როცა მოსწავლე ჩემში დაინახავს მდუმარე მონას და არა პიროვნებას.
მე ვეღარ დაველაპარაკები ბავშვებს პიროვნულ ზრდაზე, მაღალ ღირებულებებსა და ზნეობაზე, თუკი ჩემში დაინახავს უზნეობას. ბავშვები, ახალგაზრდები ამ ყველაფერს ხედავენ დღეს და ხვალ უკვე ორმაგ წნეხში ვიქნებით – ხელისუფლებისგან წამოსულ და მეორე მხრივ, ამ ახალგაზრდების წნეხს ვეღარ გავაჩერებთ, რადგან თავისუფალ გარემოში გაზრდილი ახალგაზრდობა ჩვენგან უფრო მეტს ელის.
25 წლის მასწავლებელი მოკლეს, ამაზე მეტი რა უნდა მომხდარიყო და როცა გამწარებული დედა სამართალს ითხოვდა, ქვემოთ კომენტარებს უწერდნენ, -„თქვენც ამოიღეთ ხმა?!“ შემძრა ამ ფაქტმა.
ეს ჩემთვის იმდენად მტკივნეულია, რომ წარმოიდგინეთ, ნებისმიერი შეიძლება აღმოჩნდეს მსგავს სიტუაციაში, როცა ვეღარ ვიპოვით სამართალს ჩვენს ქვეყანაში და მარტო დავრჩებით.
ეს შვილმკვდარი დედაც იმიტომ ვახსენე, რომ საგამოცდო ცენტრის თანამშრომელი ყოფილა, რომელიც შესაძლოა მდუმარე იყო მანამდე, მაგრამ ეტკინა და ამოიღო ხმა. ყველა ასე ამოიღებს ხმას, იმიტომ, რომ უსამართლობა ყველა ოჯახს მიაკითხავს. მაგრამ მე ვისურვებდი, სანამ თითოეულ ოჯახს მოგვაკითხავს, მანამდე ამოვიღოთ ხმა, სანამ სხვას სტკივა, მანამდე.
- სასკოლო სისტემაში მოჭარბებულად ჩაერთო შსს და თავდაცვის სამინისტრო, პოლიციელის პროფესიის პოპულარიზაციას აპირებენ. რეალურად რა მიზანი შეიძლება ჰქონდეთ?
პირველად იცით როდის მივიღე შოკი?! როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ და ბავშვები წაიყვანეს „ციხის კადრების“ სანახავად. არ შეიძლება ბავშვი სიძულვილით აღზარდო.
სწორად რომ გამოიყენონ, რა თქმა უნდა ყველა პროფესიას თავისი დადებითი მხარე აქვს, მაგრამ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მაშინ რა უნდა ვაკეთოთ?!
- ეს ბავშვები იმასაც ხომ ხედავენ, როგორ ძალადობს დღეს პოლიცია მოქალაქეებზე ქუჩაში, ცრუ მოწმედ გამოდიან სასამართლოებში და მაშინ ამაზეც მოუწევთ პასუხების გაცემა, არა?!
კი და ეს არის პოლარიზებული გარემო. ოდესმე ხომ უნდა შეიცვალოს, არა? ამიტომ უნდა ისმოდეს მასწავლებლის ხმა ძლიერად და არა მარტო საგაკვეთილო პროცესში, რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენ ვასწავლით ცხოვრებას, ადამიანობას, ურთიერთობებს და სიყვარულს ბავშვებს და ნამდვილად არ მინდა ჩემი აღზრდილი თაობები სიძულვილით სავსე გარემოში გაიზარდონ.
განათლების ხარისხზე კი არა მარტო მასწავლებელმა, სახელმწიფომ უნდა აიღოს პირველ რიგში პასუხისმგებლობა. დღეს ჩვენ, მასწავლებლებს გვთხოვენ განათლების ხარისხს, მაშინ როცა კლასში პროექტორის ქონაც კი ფუფუნებად ითვლება.
თანამედროვე თაობა, ციფრული ეპოქის თაობაა და მათ მარტო ცარიელი სიტყვით ხარისხს ვერ მიაღწევ. ქიმიაში, ფიზიკაში ლაბორატორიებია საჭირო და რატომ არ არის ამის საშუალება?!
- სამაგიეროდ, მობილურებს ავკრძალავთ და ფორმებს შემოვიტანთო...
ყველაზე ცუდი მეთოდია აკრძალვები, რადგან აკრძალული ყოველთვის საინტერესოა. კი არ უნდა ავკრძალოთ, უნდა ვისწავლოთ, როგორ გამოვაყენებინოთ ისე ბავშვს, რომ ნაყოფიერიც იყოს და სასიამოვნოც ბავშვისთვის განათლების მიღება.
ეს რეფორმა ჩემთვის მაშინ იქნებოდა საინტერესო, არა აკრძალვებით, არამედ რაღაც ახლის დანერგვით რომ დაწყებულიყო.
მაგალითად, დაენერგათ უფასო ბავშვთა კვება სკოლებში. ეს უკვე რაღაცნაირად გამიჩენდა იმედს, ზრუნვას დავინახავდი და ჩვენ, ვერცერთ რეფორმაში ვერ ვხედავთ ზრუნვას.
ვხედავთ მხოლოდ მუქარას, აკრძალვას და რა თქმა უნდა, ნეგატიურად განაწყობს ეს ნებისმიერ ადამიანს, ვინც ცოტას მაინც აზროვნებს.
მილიონები მიაქვთ სახლებში და რა გახდა ბავშვების გამოკვება. ან ეს ამოღებული თანხები მაინც მოახმარონ ბავშვებს.
ძალიან ბევრი ტკივილი, ბოღმა და უსამართლობის განცდა დაგროვდა ამ ქვეყანაში და ვფიქრობ, დღეს თუ არა, ხვალ მაინც გამოიღვიძებენ ადამიანები.






