„პუტინმა აამოქმედა ე.წ. ელექტორალური დესანტი. აპირებენ დაახლოებით 50-დან 100 ათასამდე რუსეთში მცხოვრები სომეხი გააგზავნონ სომხეთში არჩევნებისთვის. რუსეთში მცხოვრები სომხეთის მოქალაქეები არ არიან პოლიტიკურად აქტიურები, ახლა კი, დაუფინანსებენ მგზავრობას, ფრენას და ჩავლენ სომხეთში იმისთვის, რომ ხმა მისცენ. პუტინი ცდილობს, რომ დარაზმოს ეს ადამიანები – ელექტორალურ სპეცოპერაციას გეგმავს…“ – გვიყვება კავკასიოლოგი გიორგი მჭედლიშვილი. მას სომხეთის არჩევნებზე ვესაუბრეთ, რომელიც ზუსტად ერთ კვირაში, 7 ივნისს გაიმართება.
კიდევ რა მეთოდებით ცდილობს პუტინის სომხეთში გავლენის შენარჩუნებას და რა შანსი აქვს ამ დროს პროევროპელ ფაშინიანს? – „ბათუმელებმა“ გიორგი მჭედლიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია და საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი, მუშაობს სამხრეთ კავკასიის და პოსტსაბჭოთა სივრცის საკითხებზე.
- ბატონო გიორგი, ზუსტად 1 კვირაში სომხეთში არჩევნებია. მკაფიოდ ჩანს არჩევანი დასავლეთსა და რუსეთს შორის. რას აჩვენებს აქტიური და დაძაბული წინასაარჩევნო კამპანია?
სომხეთში მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია. ორივე მხარეს მკვეთრი პოლიტიკური შეხედულებები აქვთ – ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული. საერთო წერტილი აქ რთული მოსაძებნია. სხვანაირად ხედავენ სომხეთის მომავალს და სტრატეგიულ გზას დღევანდელი ლიდერი – ფაშინიანი და მისი გუნდი, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ფაშინიანს მხარს უჭერს.
ესენი არიან ე.წ. რეალური სომხეთის მომხრეები და არა წარმოსახვითი სომხეთის, ანუ ცხოვრობენ აწმყოში და მომავალით. მიხვდნენ, რომ წარსულზე ორიენტირებული, ტერიტორიულ ექსპანსიასა და რაღაც ძველი სიდიდის დაბრუნების ნარატივი არ მუშაობს 21-ე საუკუნეში. საზოგადოების ეს ნაწილი რეალობამ გამოაფხიზლა 2020 წელს, როდესაც აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღზე.
ამას მოჰყვა რუსეთის მიმართ ძალიან დიდი იმედგაცრუება. მანამდე ბევრი თვლიდა, რომ რუსეთია მნიშვნელოვანი და რომ არა რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი გენოციდს მოგვიწყობენ, ჩაგვყლაპავენ. არსებობდა მოლოდინი, რომ რუსეთი მათ დაეხმარებოდა, რადგან სტრატეგიული პარტნიორია, რუსეთის ბაზაა სომხეთში. მაგრამ აღმოჩნდა, რომ რუსეთმა არაფერი გააკეთა. მეტიც, რიტორიკულად შეიძლება აზერბაიჯანსაც კი ემხრობოდა მოლაპარაკებების დროს.
სიმართლე გითხრათ, წმინდა ლეგალურად, ყარაბაღი არ იყო სომხეთის ნაწილი და რუსეთს არც ევალებოდა სომხეთის დახმარება, მაგრამ სომხეთში ეს მოლოდინი არსებობდა რუსეთის მიმართ. ამ იმედგაცრუებამ იმუშავა და ასევე ფაშინიანის მთავრობამ, რომელმაც პრაქტიკულად დაიწყო რეფორმები – შიგნიდან გაწმენდის პროცესი. ეს იყო ზოგჯერ წარმატებული, ზოგჯერ ნაკლებად წარმატებული, როგორც ეს იყო საქართველოში „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ.

გიორგი მჭედლიშვილი
რეალურად პუტინის რუსეთს აწყობს მეზობლები – ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები – თავისი კონტროლქვეშ. ამ ქვეყნებში უნდა იყოს კორუფცია, როგორც რუსეთშია. თუ რუსეთმა დაინახა, რომ რომელიმე ქვეყანა მართლა ცდილობს განწმენდას, გათავისუფლებას, მოპარვასა და კორუფციაზე არ იქნება დაფუძნებული, ესე იგი, ასეთი სახელმწიფო რუსეთისთვის არამეგობრულია.
მეთოდები, რაც ახლა აამოქმედა რუსეთმა სომხეთის მიმართ: ვაჭრობის გზებს უკეტავს, ჩვენ კარგად ვიცით ეს ყველაფერი და გამოვლილი გვაქვს 2005-2006 წლიდან. რუსეთი ემბარგოს უცხადებს სხვადასხვა პროდუქტს…
- თუმცა ეკონომიკური დასუსტებით დაშინების გარდა, პუტინი სომხეთზე საუბრის დროს პირდაპირ ავლებს პარალელს უკრაინასთან: ასე დაიწყო თავის დროზე კრიზისი უკრაინაშიცო.
რუსეთის პროპაგანდისტული არსები განსაკუთრებით აგრესიულები არიან: სოლოვიოვი იქნება ეს, თუ მარგარიტა სიმონიანი, რომელიც ეთნიკურად სომეხი.
პუტინის ეს განცხადება იყო მინიშნება იმაზე, თუ როგორ აგვარებს რუსეთი პრობლემას. მან დაიწყო საუბარი იმით, როგორ გაუჭირდება სომხეთს: ეკონომიკა დაიკლებს, სომხეთის მოქალაქეები ვეღარ ჩავლენ რუსეთში, რადგან ცალკე დასჭირდებათ ნებართვა და ასე შემდეგ. მოკლედ, პუტინი სადამსჯელო ოპერაციასავით ატარებს.
თუმცა ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუ რამეში შეიძლება პრეტენზია გამოუცხადო სომხეთის დღევანდელ ხელისუფლებას, არის ის, რომ 8 წლის განმავლობაში არ იმუშავეს სათანადოდ და აქტიურად ამ მიმართულებით. სომხეთი რჩება მოწყვლადი ქვეყანა. ცხადია, რუსეთი ამას იყენებს.
თუმცა რუსეთის ეს სტრატეგია ძალიან კონტრპროდუქტიულია. სამხრეთ კავკასიის კვლევებით ვარ დაკავებული და ხშირად მიწევს მოგზაურობა, ურთიერთობა აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან. რუსეთიდან ეს გზავნილები სომხეთში იწვევს უკურეაქციას. ის ხალხიც კი, რომლებიც არ არიან ფაშინიანის მომხრეები და არ გადაუწყვეტიათ ჯერ კიდევ, ვის დაუჭირონ მხარი, ხედავენ, როგორ უხეშად, ხულიგნური მეთოდებით, არადიპლომატიურად ცდილობს რუსეთი სომხეთი თავის ნებაზე გადაიყვანოს.
- თქვენი დაკვირვებით, რატომ არჩია ასეთი სტრატეგია პუტინმა სომხეთთან?
ისეთი სახელმწიფო შეიქმნა რუსეთში, რომელიც დაფუძნებულია პროპაგანდისტულ აღქმებზე. რუსეთის პროპაგანდის მთავარი ამოცანაა დღეს: თუ ფაშინიანი გაიმარჯვებს, ესე იგი, ჩვენ სუსტი ვართ.
ეს ე.წ. მაჩოს სტილია – საზოგადოებას უნდა დაანახო, რომ ძლიერი ხარ.
დაახლოებით იგივე მოხდა წელიწად-ნახევრის წინ აზერბაიჯანში: რუსეთს რომ ჩვეულებრივად, როგორც ნორმალურ სახელმწიფოს, ბოდიში მოეხადა და კომპენსაცია გადაეხადა აზერბაიჯანელი მოქალაქეებისთვის, როცა აზერბაიჯანის ვერტმფრენი ჩამოვარდა და რუსეთის 25 მოქალაქესთან ერთად დაიღუპა აზერბაიჯანის 35 მოქალაქე – ბოდიში აღიქმებოდა რუსეთში, როგორც სისუსტე: როგორ თუ დიადმა რუსეთმა რაღაც მეორეხარისხოვან სახელმწიფოს ბოდიში მოუხადა!
მით უფრო, რომ 2022 წლის ბოლომდე რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობა მეტ-ნაკლებად ნორმალური იყო.
- რუსეთი აქამდე ამგვარი მეთოდებით ახერხებდა გავლენის შენარჩუნებას, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაზე. თქვენი დაკვირვებით დღეს იგივე პროპაგანდისტული მიდგომები აღარ მუშაობს?
აი, რატომ სჯეროდა პუტინს, რომ კიევს და უკრაინას საერთოდ ერთ კვირაში აიღებდა და ერთ კვირაში დაამყარებდა კონტროლს 2022-ში?
პუტინს რეალურად სჯეროდა, რომ როგორც ყირიმშია მოსახლეობა ძირითადად რუსულენოვანი და ეთნიკურად რუსი მოსახლეობა შეხვდა სიხარულით, ასევე იქნებოდა მთელს უკრაინაში. რეალურად პუტინმა დაიჯერა საკუთარი პროპაგანდა, რამაც მის წინააღმდეგ იმუშავა.
გამოდის, ვიღაცას სჯერა ახლა, რომ ასეთი მეთოდები სომხეთში შეაშინებს ხალხს და გამოაფხიზლებს.
- ფიქრობთ, რომ პრაქტიკულად არ აქვს შანსი ფაშინიანის მთავარ მოწინააღმდეგეს, მოიგოს ეს არჩევნები და ამით რუსეთმა დაიბრუნოს თავისი გავლენა სომხეთში?
საზოგადოების ნაწილი არის რევანშისტი და, სამწუხაროდ, რუსული პროპაგანდის მსხვერპლი. დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რომ ფაშინიანი გაიმარჯვებს. საზოგადოების ნაწილზე მუშაობს ეს ნარატივი, რომ ყარაბაღი, ჩვენი ძვირფასი კუთხე წაგვართვეს. ვიდრე მოხდებოდა ყარაბაღის მეორე ომი, 2020 წლამდე ფაშინიანიც ამბობდა, რომ ყარაბაღია ჩვენია და მორჩა. საზოგადოების ნაწილისთვის, რა თქმა უნდა, ეს არის მტკივნეული წაგება. ეს არის ე.წ. სუსტი წერტილი, რაზეც რუსული პროპაგანდა აქტიურად მუშაობს.
სამწუხაროდ, სომხეთის აკადემიურ წრეებშიც, ვისთანაც მე მაქვს ურთიერთობა, საკმაოდ ბევრია ისეთი, ვინც თვლის, რომ ფაშინიანის პოლიტიკა სომხეთის ღალატია და განსაკუთრებით ყარაბაღის მოსახლეობის.
- IRI-ს ბოლო კვლევებით, კარაპეტიანის რეიტინგი 9%-ია, ფაშინიანის რეიტინგი არ არის მთლად მაღალი, მაგრამ ჯამურად 29%-ია. შეიძლება ეს უპირატესობა გადაწონოს პრორუსმა კანდიდატმა?
ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრია ისეთი ხმა, რომელიც გადაუწყვეტელია. ამ ხმებისგან შეიძლება ველოდეთ რაღაც სიურპრიზებს, მით უმეტეს ვხედავთ, რომ რუსეთი ზრდის სომხეთის მიმართ პროპაგანდისტულ ზეწოლას, ეკონომიკურ ნაბიჯებს.
დიდი ალბათობით ფაშინიანი მოიგებს ნომინალურად ამ არჩევნებს – მეტს აიღებს, ვიდრე კონკურენტი, მაგრამ არ არის გამორიცხული, კარაპეტიანის და ქოჩარიანის პარტიებმა ჯამურად შეძლონ სერიოზულად შეაფერხონ ფაშინიანის ინიციატივები, ისეთი წილი ჰქონდეთ პარლამენტში, რომ სპოილერებად იმუშაონ.
- სომხეთში ისევ არის რუსული სამხედრო ბაზა. სამხედრო პროვოკაციის მოწყობა რუსეთის მხრიდან ისევ განიხილება?
მგონია, რომ ამის ალბათობა საკმაოდ მცირეა, თუმცა გამორიცხული არაფერია. მით უმეტეს, როცა ვხედავთ, როგორ ირაციონალურად მოქმედებს რუსეთის ხელმძღვანელობა. საქმე ისაა, რომ გიუმრის ბაზა ნახევრად დაცლილია – რუსეთს დააკლდა ძალები უკრაინაში და ბაზის საკმაოდ დიდი ნაწილი გადაისროლა იქეთ.
საბედნიეროდ, სომხეთს საზღვარი არ აქვს რუსეთთან.
ამიტომაც, პუტინმა აამოქმედა ე.წ. ელექტორალური დესანტი. რუსეთი აპირებს დაახლოებით 50-100 ათასი რუსეთში მცხოვრები სომეხი გააგზავნოს სომხეთში არჩევნებისთვის. ცნობილია, რომ რუსეთში მცხოვრები სომხეთის მოქალაქეები არ არიან პოლიტიკურად აქტიურები, ახლა კი, დაუფინანსებენ მგზავრობას, ფრენას და ჩავლენ სომხეთში იმისთვის, რომ ხმა მისცენ. პუტინი ცდილობს დარაზმოს ეს ადამიანები – ელექტორალურ სპეცოპერაციას გეგმავს.
- ტრამპმა დაუჭირა ღიად მხარი ფაშინიანს, ასევე, 26 მაისს ერევანს სტუმრობდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი. რა ეტაპზე გადადის აშშ-თან და, ზოგადად, დასავლეთთან სომხეთის ურთიერთობები?
ტრამპის მხარდაჭერაზე ცოტა ფრთხილად ვიქნებოდი – ორბანსაც დაუჭირა მხარი. გარდა ამისა, ზოგიერთმა ეს მხარდაჭერა სომხეთში შეიძლება აღიქვას, როგორც ჩარევის მცდელობა.
ის, რომ სომხეთის ეს ურთიერთობა აშშ-თან ასეთ სტრატეგიულ ნიშნულზე ადის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ შეერთებულ შტატებს, რომელსაც, გარკვეული სირთულეები აქვს საგარეო პოლიტიკაში, რაღაცები შეიძლება არ მოგვწონდეს, მაგალითად, უკრაინასთან მიმართებაში, ამიტომაც, ამერიკას სჭირდება, წარმატებული ისტორია. მგონია, რომ სამხრეთ კავკასია კარგად ჯდება ამ ნარატივში.
სამწუხაროდ, საქართველო ჯერ კიდევ გარიყულია და იზოლაციაშია მოქცეულია, თუმცა ის ხალხი, რომელიც რუბიოს ახლდა, ჩამოვიდა საქართველოშიც. საქართველო ადრე თუ გვიან უნდა ჩაერთოს რეგიონულ პროცესებში. ეს რეგიონი ევრაზიაში შეიძლება გახდეს საკვანძო იმის გათვალისწინებით, რომ ჩრდილოეთით არის რუსეთი და იგი უფრო და უფრო არასანდო ხდება, სამხრეთით არის ირანი.
იმედია, ეს ომი არ გაგრძელდება დიდხანს, მაგრამ დაძაბულობა იქნება ისევ. ირანი დარჩება, როგორც მკვეთრად ანტიდასავლური სახელმწიფო. ამიტომაც, სამხრეთ კავკასიის რეგიონის როლი ამ მოცემულობაში ძალიან მნიშვნელოვანია.
- უშვებთ, რომ თუ დასავლეთი გააქტიურდება სამხრეთ კავკასიაში, საქართველო დარჩეს რუსეთის გავლენის სფერო? დღეს, მაგალითად, საქართველოში სუსმა დააკავა ანტიდასავლური ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ჯაშუშობის ბრალდებით, რამაც ბევრს გაუჩინა განცდა, რომ ივანიშვილი ისევ შესაძლოა ტრამპთან მისასვლელ გზებს ეძებდეს…
არ არის ეს გამორიცხული, ასე იყოს, რადგან ეს მოხდა რამდენიმე დღის შემდეგ, რაც იყვნენ ჩვენთან აშშ-ს წარმომადგენლები. ძალიან გათამამდნენ საქართველოში ის ძალები, რომლებიც არიან მკვეთრად ანტიდასავლური და პრორუსული. სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება მათ ისე არ ექცეოდა, როგორც წესით უნდა მოჰქცეოდა. ვარაუდია, რომ შეიძლება „ოცნებამ“ მიიღო გაფრთხილების მაგვარი, როგორ იმოქმედოს იმისთვის, თუ მას რეალურად სურს ურთიერთობების დალაგება შეერთებულ შტატებთან.
ყოველთვის არსებობს იმის შანსი, რომ საქართველო დარჩეს რუსეთის გავლენის სფერო, მაგრამ ფაქტია, რომ იწყება ტრამპის მშვიდობის გზის მშენებლობა, შუა დერეფნის მნიშვნელობა დიდია, საქართველოში კი არსებობს ინფრასტრუქტურა, რაც წლებია შენდებოდა. არ იქნება სწორი ამის არგამოყენება, მაგრამ რაღაც პირობებით უნდა მოხდეს ეს.
შეიძლება ანაკლიის პორტი გაჩნდეს ისევ დღის წესრიგში და გაჩნდეს სხვა პირობებიც. ეკონომიკურად ძალიან მიზანშეწონილია იმ ინფრასტრუქტურის გამოყენება, რაც უკვე არსებობს.






