სიახლეები

ფოტოგრაფი ეძებს ბათუმს

30.05.2012 • 2348
ფოტოგრაფი ეძებს ბათუმს

ფოტოგრაფიის და ბათუმის სიყვარული თითქმის ერთდროულად მოვიდა. ექვსი წლის იყო, როცა მშობლებთან ერთად ფოტოაპარატისთვის ფულის შეგროვება დაიწყო. ერთხელაც კბილი ასტკივდა, ექიმთან წასვლაზე უარს ამბობდა და აი, მაშინ მიიღო პირველი ფოტოაპარატი კბილის ნაცვლად. „ფოტოაპარატი ყოფილი სტალინის ქუჩაზე ვიყიდეთ, დღეს იმ მაღაზიის ადგილას სუპერმარკეტია. გადმოიღეს, გახსნეს, დამათვალიერებინეს. დიაფრაგმა იხსნებოდა ხელის დაჭერის დროს, მცირედ ირეკლებოდა ლურჯი და წითელი ფერები, ძალიან იდუმალი იყო ყველაფერი. მახსოვს მისი სუნიც… მას შემდეგ ბევრი ფოტოაპარატი მქონია, სულ ვეძებ იმ სუნს, მაგრამ ვეღარ ვპოულობ“.

შოთას უსმენ და ხვდები – ამ ადამიანისთვის ფოტოგრაფია და ბათუმი თითქმის ერთი ვნებაა. ის არ იღებს პეიზაჟებს, გლამურულ, პლასტმასის გოგონებსა და უზადო ტურისტულ ფოტოებს. „მე ვიღებ ბათუმს და ღილაკს ხელს არ ვაჭერ, თუ ვერ ვხედავ კონფლიქტს. ჩვეულებრივი ყოფა მაინტერესებს, თუ მოასწარი რამეს დანახვა და ხელის დაჭერა, ხომ კარგი…“- ამბობს შოთა.
ბათუმზე, უფრო სწორად ძველ ბათუმზე, საუბარი თვითონ დაიწყო. ამ თემაზე ისე გატაცებით საუბრობს, რომ შეუძლებელია მისი განწყობა არ გადმოგედოს.

„ლია სტურუას აქვს ნათქვამი სულ სხვა ამბავთან დაკავშირებით, მაგრამ ძალიან მომწონს: „როცა კანი არა აქვს და სისხლით ეხება სამყაროს“ – მგონი ეს ძალიან მიესადაგება ასი წლის წინანდელ ბათუმს. მე იქ არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ სამოთხე არსებობს, ეს სწორედ ასი წლის წინანდელი ბათუმია და დიდი სურვილი მაქვს, სამოთხის ნაცვლად სწორედ იმ ბათუმში მოვხვდე.

შესაძლოა, ჩემი წარმოდგენები ზედმეტად პოეტურია, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი პრობლემა იყო ძველ ბათუმში, მაგრამ, ჩემი აზრით, რაც იყო, ყველაფერი იყო ნამდვილი. ადამიანებიც ნაკლებად მანერულები, უფრო ნამდვილები იყვნენ… ის რაც დღესაა, შუშა, რკინა, მეტალოპლასტმასი – ყველაფერი არაა ბათუმი. ალბათ ბათუმის ძიებაა, რასაც ვიღებ და ვაკეთებ… მე ყველგან და ყოველთვის ვეძებ ბათუმს“.

ბათუმს ეძებს არა მხოლოდ საკუთარი ფოტოობიექტივით, არამედ ძველ, საუკუნისწინანდელ ფოტოებსა და ღია ბარათებზე. ესეც ბავშვობის გატაცებაა, გაზეთებიდან ჭრიდა ძველი ბათუმის ფოტოებს და ინახავდა. მერე ხულოს ქუჩის კვეთაში მოხუცი ფოტოგრაფი გაიცნო, რომელსაც ძველი ბათუმის ფოტოების ნეგატივები ჰქონდა შენახული. მაშინ ფული არ ჰქონდა და ნეგატივებს ფოტოგრაფს არაყში უცვლიდა. ახლა უკვე კოლექციონერია. ეძებს ყველგან, ძველ, დამტვერილ ფოტოსალონებში და ინტერნეტსაიტებზე. დღეში რამდენიმე ათეულ წერილს იღებს ელექტრონული ფოსტით, სხვადასხვა შეთავაზებები, ვარიანტები… თითოეულ ფოტოს რამდენიმეთვიანი ძებნა და მოლაპარაკება უძღვის წინ, მერე კი ფოტოები მოდის ხმელეთით, ცით, ზღვით, რკინიგზით და ყველა კონვერტს შოთას მისამართი აწერია. უკვე ძებნის პროცესში გრძნობს, რომ რაღაც საინტერესოს იპოვის. „ეს გრძნობა შეიძლება იმას შეადარო, თუ როგორ გრძნობენ ცხოველები მიწისძვრას. ამას ახსნა არა აქვს, უბრალოდ, ვგრძნობ“.

შოთა გუჯაბიძის კოლექციაში რევოლუციამდელი ბათუმის ფოტოების რაოდენობა სამას აღწევს. განსაკუთრებულ და უნიკალურ ფოტოზე ბათუმში ინგლისის ჯარების შემოსვლაა აღბეჭდილი. ეს ყველაზე ძვირადღირებული ფოტოა მის კოლექციაში, ნახა თუ არა, მიხვდა, რომ ფოტო ყველა მსხვილ კუპიურაზე ძვირფასი იყო და აუცილებლად უნდა ეყიდა. – ფასი? „ფასი საიდუმლოა“- ეღიმება შოთას.

როგორც თავად ამბობს, პროფესიით, მოწოდებით და თანამდებობითაც რეჟისორია. ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტი დაამთავრა და მაშინ გადაიღო ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმიც: „მარცხენა ყვრიმალი“ და „შარშან“.

„მარცხენა ყვრიმალი“ – 14-წუთიანმა მხატვრულმა ფილმმა რამდენიმე კინოფესტივალზე გაიმარჯვა. „ეს არის კუსტარულად გადაღებული და კუსტარულად დამონტაჟებული ფილმი, რომელსაც, ჩემდა გასაკვირად, გარკვეული წარმატება ჰქონდა“, – ყვება შოთა. ერთ-ერთი კინოფესტივალისთვის დამონტაჟებას ვერ ვახერხებდი, ლამის ერთადერთი სამონტაჟო ტექნიკა აჭარის ტელევიზიაში იდგა, სადაც მაშინ წარმოუდგენელი იყო შეღწევა. აღმოვაჩინე საპარიკმახერო ლერმონტოვის ქუჩაზე, სადაც თმის ვარცხნილობას კომპიუტერის საშუალებით არჩევდნენ. აი, იმ კომპიუტერში ჩაწერილი ჰქონდათ პროგრამა, რომლითაც შესაძლებელი იყო მონტაჟის გაკეთება. რაღაცნაირად შევძელი სალონის მეპატრონის დაყოლიება. ვიჯექი საპარიკმახეროში და ფილმს ვამონტაჟებდი, გვერდით კლიენტებს თმას ჭრიდნენ. როგორც კი დავამთავრე, ბათუმის კინოფესტივალზე მივიტანე, რომელიც მეორე დღეს დამთავრდა. ჩემდა მოულოდნელად გრანპრი ავიღე“.

შოთა გუჯაბიძე

შოთა გუჯაბიძე

ახლა კინოს გადაღების სურვილს ტელევიზიაში მუშაობით იკლავს. ვიდეოარტებს აკეთებს და ძველ ბათუმს ეკრანზე აცოცხლებს, თუმცა თავში სულ „კინოდომხალი“ უტრიალებს. ამბობს, რომ ერთხელაც შენაკადები ერთ მდინარედ იქცევა, საშუალებაც გამოჩნდება და ფილმს აუცილებლად გადაიღებს.

პ.ს. სტატიისთვის შოთას საკუთარი ფოტო ვთხოვე. ცოტა არ იყოს დაიბნა, არ მაქვს ფოტოები, საკუთარ თავს არ ვუღებ და სხვა კიდევ მხოლოდ სუფრასთან თუ გადაგიღებსო. გამოსავალი სოციალური ქსელების გალერეა აღმოჩნდა. „საინტერესოა – ამბობს შოთა, ჩვენთან ხომ, ძირითადად, სუფრაზე, ჭიქით ხელში უყვართ ფოტოს გადაღება, იქვე სადღაც გოჭის თავიც უნდა იდოს. უცხოელები ან დისკოთეკაზე არიან, ან ნახევრად შიშველები. ჩვენთან არა აქვს მნიშვნელობა, გოგოა თუ ბიჭი, ყველა სუფრასთანაა და წინ მწვანილი უდევს. და გადაღების დროს აუცილებლად უნდა გითხრან: „აუ, პროფილში არა რა“. ეშინიათ, რადგან არ იცნობენ საკუთარ პროფილს და ვერ უშვებენ, რომ ამას ისედაც ყველა ხედავს“.

გაზეთი „ბათუმელები” # 315. 2009 წ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: