„მოვითხოვთ, საჯაროდ გაეცეს პასუხი შეკითხვას: რა ქიმიურ ნივთერებებს იყენებდა პოლიცია მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ,“ – საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ, მთავრობამ გაასაჯაროოს ინფორმაცია, რა ნივთიერება გამოიყენეს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დარბევისას.
მიმართვაში, რომელსაც ხელს 25 ორგანიზაცია აწერს, ნათქვამია, რომ ერთი წელია შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხს არ სცემს კითხვას, თუ რა ნივთიერება გაურიეს ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია შსს-სგან არაერთგზის გამოითხოვეს.
„2025 წლის 1-ელ დეკემბერს გამოქვეყნებული, BBC-ის მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების მასალები შეიცავს შოკისმომგვრელ ცნობებს იმის შესახებ, რომ ივანიშვილის პოლიციის მიერ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებას.
2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების დროს რეჟიმის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების მიერ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულები დღემდე გამოუძიებელია.
ამ დანაშაულებისთვის არა მხოლოდ არავინ დასჯილა, ივანიშვილის პრემიერ-მინისტრი კობახიძე მადლობის სიტყვებს არ იშურებდა ამ დანაშაულების ავტორების – აშშ-ის და გაერთიანებული სამეფოს მიერ ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევებისთვის სანქცირებული მაშინდელი შს მინისტრის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიმართ. უფრო მეტიც, ივანიშვილის პრეზიდენტმა 11 მათგანი ღირსების ორდენითაც კი დააჯილდოვა. „ქართული ოცნების“ ამგვარი ცინიკური დამოკიდებულება საკუთარი მოსახლეობის მიმართ სიახლეს არ წარმოადგენს,“ – ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს 25 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.
ორგანიზაციების განცხადებით, BBC-ის მიერ მომზადებულ ფილმში, „როდესაც წყალი წვავს“, მოყვანილი ფაქტები და მტკიცებულებები შოკისმომგვრელია.
„ფილმის ავტორი საგამოძიებო ჟურნალისტების თქმით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში რეჟიმის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, წყლის ჭავლთან შერევის გზით, სავარაუდოდ გამოყენებულ იქნა ქიმიური ნივთიერება ბრომობენზილ ციანიდი, აღნიშნული ნივთიერება პირველად პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს და 1930 წლის შემდეგ მისი გამოყენება აიკრძალა, რადგან ცრემლსადენ გაზთან შედარებით იგი ბევრად უფრო საშიში ნივთიერებაა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ხანგრძლივ კვალს ტოვებს.
საზოგადოდ, ქიმიური ნივთიერების ხალხის დიდი მასის წინააღმდეგ გამოყენება ცალსახად არღვევს ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედ საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებს და შეიძლება შეფასდეს, როგორც წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ნიმუში,“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
არასამთავრობოების განცხადებით, BBC-ის ფილმის გამოქვეყნების შემდეგ, ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევასთან ერთად, დღის წესრიგში სხვა სამართლებრივი საკითხიც დგება.
„დასადგენია, პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ზემოთ მითითებული ქიმიური ნივთიერება ბრომობენზილ ციანიდის გამოყენება ხომ არ წარმოადგენს „ქიმიური იარაღის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციით აკრძალულ ქმედებას.
უახლოეს დღეებში ჩვენ მივმართავთ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოში მოვლენილ იქნენ შესაბამისი კომპეტენციისა და კვალიფიკაციის მქონე ექსპერტთა ჯგუფები, რათა ამ დანაშაულებრივ სქემას ბოლომდე აეხადოს ფარდა.
ამავდროულად, მოვითხოვთ, საჯაროდ გაეცეს პასუხი შეკითხვას: რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა პოლიცია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ,“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
BBC-ის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, გასულ წელს ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი გამოიყენა.






