მთავარი,სიახლეები

“სისტემა ისე იქცევა, თითქოს ჩემი სიცოცხლე ზედმეტი ტვირთი იყოს,” – აქციაზე დაშავებული ალექსი თირქია

02.12.2025
“სისტემა ისე იქცევა, თითქოს ჩემი სიცოცხლე ზედმეტი ტვირთი იყოს,” – აქციაზე დაშავებული ალექსი თირქია

„დღეს ერთ წელი გავიდა. ერთ წელი მას შემდეგ, რაც სახე დამიმსხვრიეს და სახელმწიფომ მაჩვენა, რა მარტივად შეუძლია ადამიანის ტკივილი ფაილად გადააქციოს. დამნაშავე დღემდე თავისუფლად დადის. გამოძიება გაწელილი, გაფუჭებული, უფუნქციო.

სისტემა ისე იქცევა, თითქოს ჩემი სიცოცხლე ზედმეტი ტვირთი იყოს, რომელიც სადღაც შეიძლება ჩაკარგონ და არამარტო ჩემი, უამრავი ადამიანის რომლებიც, აწამეს, სცემეს, დააკავეს,“ – წერს ალექსი თირქია, 22 წლის ახალგაზრდა, რომელიც 2024 წლის 3 დეკემბერს რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მძიმედ დაშავდა.

ალექსი თირქიას თვალში, სავარაუდოდ,  სპეცრაზმელის მიერ ნასროლი გაზის კაფსულა მოხვდა.

იგი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 7 დღის განმავლობაში კომაში იყო. კომიდან გამოსვლის შემდეგ მან ერთი თვე გაატარა საავადმყოფოში, ახლა კი ხანგრძლივი რეაბილიტაცია სჭირდება.

შემთხვევიდან ერთი წლის მერე ალექსი თირქია წერს, რომ მისი საქმე არ გამოუძიებიათ, სისტემა დუმს, მას კი წინ რამდენიმე ოპერაცია ელოდება.

„მინდა მთავრობასაც მივმართო: ნუ გავიწყდებათ, რამდენი ვიბრძოლე, სანამ თქვენ დუმდით.

მე 7 დღე კომაში ვიყავი. 1 თვე კლინიკაში ვიწექი. დღე-ღამეები მედიკამენტებში, დალეწილ სხეულში, ტკივილში და წამლებში.

თავის ტრავმებმა ცხოვრება დამინგრია.

მხედველობა დავკარგე და თავიდან უნდა მესწავლა, როგორ უნდა მევლო, მელაპარაკა, მეთქვა „კარგად ვარ“, როცა არ ვიყავი. რეაბილიტაციის გზაზე მარტო ვიდექი თქვენ კი ნელ-ნელა, უხმოდ, თითქოს შემთხვევით, თავიდან მიშორებდით.

და მაინც გადავრჩი. სასწაულივით.

დღესაც ვიბრძვი. დღესაც ოპერაციები მელის, დღესაც სხეული მახსენებს იმ დღეს, რომელსაც თქვენთვის მნიშვნელობა არ აქვს.

მაგრამ მე არ ვარ ის, ვისაც ჩუმად გადადებენ თაროზე. მე არ ვარ საქმე, რომელიც მოგვიანებით „გადავხედავთ“-ად რჩება. ხვალ ასე ვთვლი რომ (ჩემი მეორე დაბადების დღეა).

დღე, როცა სიკვდილი ჩემთან მოვიდა და ვერ წამიყვანა. მე ვარ გადარჩენილი, რომელსაც ბრაზიც აქვს, სიმართლეც და ხმა, რომელსაც ვეღარ გააჩუმებთ.

ეს არის ჩემი სიბრაზე. ეს არის ჩემი სიმტკიცე. ეს არის ჩემი ბრძოლა. და სანამ სამართალი არ მოვა – მე არ გავჩერდები. არ გავჩუმდები.

და თქვენც მოგიწევთ საბოლოოდ ჩემი ისტორიის მოსმენა!“ – წერს ალექსი თირქია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: