კვირის ამბები,კვირის ამბები,სიახლეები

უმცირესობების მოლოდინები არჩევნების შემდეგ

28.10.2016 • 2062
უმცირესობების მოლოდინები არჩევნების შემდეგ

არჩევნების შედეგად საქართველოში ახალი პოლიტიკური რეალობა დადგა. მიუხედავად იმისა, თუ ვის ექნება საკანონმდებლო უმრავლესობა, ფაქტია – პარლამენტის საკანონმდებლო ტრიბუნასთან დგომის უფლება მიიღეს იმ ადამიანებმა, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიასაც კი მკვეთრად ქსენოფობიური და ჰომოფობიური გზავნილებით აწარმოებდნენ. “ბათუმელები” შეეცადა გაეგო, თუ რა მოლოდინები აქვთ უმცირესობებს მიკუთვნებულ ჯგუფებს და როგორი იქნება მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მხრივ, მომდევნო ოთხი წელი საქართველოში.

 

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის, ტარიელ ნაკაიძის შეფასებით, რელიგიური უმცირესობების მიმართ პოლიტიკა საქართველოში, არც ბოლო წლებში ყოფილა სახარბიელო, თუმცა, ახლა სიძულვილის ენის ტირაჟირება საპარლამენტო ტრიბუნებიდანაც იქნება მოსალოდნელი.
2014 წელს, საქართველოში დაარსდა “რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო”, რომელსაც რელიგიურ უმცირესობათა თემებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის პოლიტიკის განსაზღვრა დაევალა, ტარიელ ნაკაიძის შეფასებით, სააგენტომ ეს მოვალეობა აქამდე ვერ შეასრულა და სააგენტო იქცა კონტროლის მექანიზმად, რომელიც ცდილობს ძირითადად ეკლესიის დაკვეთები შეასრულოს, რამაც უფრო შეზღუდა რელიგიური უმცირესობების უფლებები. მისივე თქმით, ახლა ბათუმში ერთ-ერთი აქტუალური საკითხი ახალი მეჩეთის მშენებლობა იქნება. “საინტერესოა, როგორ უპასუხებს ხელისუფლება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის დაწყებას. მიწა უკვე შევიძინეთ და ახლა პროექტის მომზადების პროცესში ვართ. თემა ალბათ მაშინ შეიძენს აქტუალობას, როცა ჩვენ ამ პროექტს ნებართვებისთვის შევიტანთ თვითმმართველობაში”, – ამბობს ტარიელ ნაკაიძე. – “მძაფრდება ვარაუდი, რომ მომდევნო ოთხი წელი დატვირთული იქნება ამ სფეროში პრობლემებით. მე მაინც მგონია, რომ აუცილებელია რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების სამოქალაქო საზოგადოებაში უფრო მეტად გააქტიურება, პრინციპში მეტი გზა არც დაგვრჩება, ალბათ”.

საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპალური ვიკარი, გაბრიელე ბრაგანტინი ამბობს, რომ ხშირად, არ ხდება რეაგირება სიძულვილის ენაზე, “დემოკრატია კი ქსენოფობიური გამონათქვამებითა და სტერეოტიპებით არ შენდება”. კითხვაზე, მისი აზრით, რამდენად მოსალოდნელია მთავრობამ უახლოეს ოთხწლედში გამოიჩინოს ინიციატივები, სადავო კათოლიკური ეკლესიების საკითხისა და სხვა, აქამდე იგნორირებული თემების განსახილველად, გაბრიელე ბრაგანტინი პასუხობს: “სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ ვერც პარტიებს და ვერც ცალკეულ ადამიანებს, რომლებიც ამაზე ფიქრობენ და სწავლობენ სიტუაციას. არ ვიცი მომავალში როგორ იქნება, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები არ არიან დაინტერესებული ამ საკითხებით. ფიქრობენ, რომ ეს არის მართლმადიდებლური ეკლესიის პრობლემა, როცა სინამდვილეში ეს არ უნდა იყოს საპატრიარქოს გადასაწყვეტი. სახელმწიფოს უნდა, რომ ხელიდან მოიშოროს ეს თემები. ახლა რუსთავში დგას ახალი ეკლესიის აშენების საკითხი, მაგრამ არ ჩანს სახელმწიფოს ნება”.
“ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” დირექტორი, უფლებადამცველი ეკა ჭითანავა მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ, წინ საკმაოდ დაძაბული ოთხი წელი ელის საქართველოს, სწორედ ამიტომ სამოქალაქო საზოგადოება და ის ადამიანები, რომლებიც უმცირესობების უფლებებს იცავენ, ფხიზლად უნდა იყვნენ. “არჩევნების შემდეგ ძალიან მძიმე მდგომარეობაა იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანების ნაწილი, რომლებიც მთელი ოთხი წლის განმავლობაში წარმოადგენდნენ მმართველ გუნდს და ისინი, ვინც ახლა შედიან პარლამენტში, გამოირჩევიან ქსენოფობიური რიტორიკით, ისლამოფობიური და თურქოფობიური განწყობებით”, – ამბობს ეკა ჭითანავა.

ეკა ჭითანავას აზრით, სწორედ “პატრიოტთა ალიანსის” წევრების დამსახურება იყო 2012 წელს, აჭარაში თუქროფობიური და ისლამოფობიური ტალღის აგორება, რომელიც შემდეგ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა: “8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ვნახეთ, რომ პარლამენტში ხვდებიან სწორედ ის პოლიტიკური ძალები, რომელთა მთავარი პროგრამა და წინასაარჩევნო ლოზუნგები აწყობილი იყო ასეთ მესიჯებზე. ეს იძლევა შეშფოთებისა და შიშის საფუძველს, რომ მომავალში ადამიანის უფლებების კუთხით შესაძლოა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს”.

ლგბტ თემის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია “ლგბტ საქართველოს” პროექტების მენეჯერი მარიამ კვარაცხელია ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ გასულ წლებშიც არანაკლებ ცუდი სიტუაცია იყო, მაგრამ ახლა მდგომარეობა შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმდეს. “ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის პოლიტიკური სურათი, რაც ჩვენ დღეს გვაქვს. თუ “ქართული ოცნება” მოიპოვებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, ვფიქრობთ, ძალიან მძიმე სურათს მივიღებთ – ისინი შეძლებენ ისეთი ინიციატვებს გატანას, რაც არ წაადგება ქართულ დემოკრატიას, მაგალითად, ქორწინების თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილება, რომელსაც ჩვენ აქტიურად ვებრძოდით. ვფიქრობთ, ეს ინიციატივა სრულიად მიუღებელი და არასაჭიროა ქართული საზოგადოებისთვის, იგი მხოლოდ პოპულიზმის ნიშნების მატარებელია”, – ამბობს მარიამ კვარაცხელია.

მეორე გამოწვევად მარიამ კვარაცხელია საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენებას მიიჩნევს, რაც პირდაპირ კავშირშია საზოგადოებაში ჰომოფობიური განწყობის გამძაფრებასთან: “სიძულვილის ენის გამოყენება საჯარო სივრცეში ახალისებს სიძულვილის ნიადგზე ჩადენილ დანაშაულსაც. ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს სცემეს სასტიკად და გამოჭრეს ყელი. იგი დღეს აპარატზეა შეერთებული და სიცოცხლისთვის იბრძვის“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: