მთავარი,სიახლეები

იყო თუ არა დაპირისპირება თავდგირიძესა და მაისურაძეს შორის? – რა მოხდა ბათუმის საკრებულოში

10.11.2025
იყო თუ არა დაპირისპირება თავდგირიძესა და მაისურაძეს შორის? – რა მოხდა ბათუმის საკრებულოში

დღეს, 10 ნოემბერს, ბათუმის საკრებულოში 10 დღის წინ არჩეულმა კომისიის თავმჯდომარეებმა თანამდებობები დატოვეს.

ფაქტობრივად, კომისიის ხელმძღვანელები „საკუთარი განცხადების საფუძველზე“ გადადგნენ და სხვადასხვა თანამდებობაზე ერთმანეთს შეენაცვლნენ. თუმცა, ახალი კენჭისყრის შემდეგ, თანამდებობის გარეშე დარჩნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი თავდგირიძე და განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით მიქელაძე.

არაოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნულ პირებსა და საკრებულოს თავმჯდომარეს ივანე მაისურაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის გამოც მიქელაძეს და თავდგირიძეს თანამდებობები დაატოვებინეს.

„ბათუმელებთან“ საუბარში ივანე მაისურაძესთან დაპირისპირების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს ირაკლი თავდგირიძე.

„რა სისულელეა, საიდან მოიტანეთ ეს ინფორმაცია? არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა, მაისურაძე ჩემი მეგობარია,“- გვითხრა ირაკლი თავდგირიძემ.

კითხვაზე, მაშინ რატომ დატოვა თანამდებობა, რომელზეც ათი დღის წინ დაინიშნა? – ირაკლი თავდგირიძე ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილება ოჯახური პირობებით არის განპირობებული.

„მე ჩემსას გეტყვით, სხვისას – ვერა. ჩემზე ვარ პასუხისმგებელი. პირადი პრობლემები მაქვს, ამ ამბებში ვარ და აქედან გამომდინარე მივიღე ეს გადაწყვეტილება. არსად გავქცეულვარ, არავის არ დავმალულვარ,“- ამბობს ირაკლი თავდგირიძე.

ოჯახური პრობლემისთვის თანამდებობის დატოვება რატომ გახდა საჭირო? – ვკითხეთ მას. ირაკლი თავდგირიძემ გვიპასუხა, რომ ის აუცილებლად დაბრუნდება საკრებულოში.

„მშვიდობას და სტაბილურობას ვემსახურები. ამ გუნდის წევრი ვარ და ამ გუნდს ვუდგავარ გვერდში“, – ირაკლი თავდგირიძემ კითხვაზე პასუხად „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული მესიჯბოქსი გაიმეორა.

სავარაუდო დაპირისპირების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ საკრებულოს თავმჯდომარესთან ივანე მაისურაძესთანაც. მას ვკითხეთ, თუ რა გახდა მისი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი.

ივანე მაისურაძეც ირაკლი თავდგირიძესთან დაპირისპირებას უარყოფს და მის თანამდებობიდან გადაყენებას ოჯახურ პრობლემებს უკავშირებს.

„რას ამბობთ, პირიქით, ერთი დიდი ოჯახი ვართ. რატომღაც აგორებული ჭორია ეგ. როგორც ვიცი, ოჯახური პრობლემების გამო მას ინტენსიურად მოუწევს უცხო ქვეყანაში ყოფნა და ითხოვა ადამიანმა,“- ამბობს ივანე მაისურაძე.

რაზე მეტყველებს ის, რომ 10 დღის დანიშნული პირების თანამდებობიდან გათავისუფლება გიწევთ? – ამ კითხვაზე პასუხად ივანე მაისურაძე ამბობს, რომ ეს „ცოცხალი პროცესია“.

„საკრებულო გახლავთ ცოცხალი ორგანო, ჩვეულებრივი ბუნებრივი პროცესია. არანაირ პრობლემას მე ამაში ვერ ვხედავ, რომ ვიღაცამ შეიძლება განცხადება დაწეროს გადადგომასთან დაკავშირებით,“- ამბობს ივანე მაისურაძე.

საკრებულოში თანამდებობის გარეშე ირაკლი თავდგირიძის გარდა, დავით მიქელაძეც დარჩა.

მან საკრებულოს სხდომაზე თქვა, რომ შეიძლება ახალ თანამდებობაზე ვიხილოთ.

„ბათუმელებმა“ დავით მიქელაძეს ჰკითხა, თუ სად, რომელ თანამდებობაზე ელოდება დანიშვნას, რომელ უწყებაში და როდის. დავით მიქელაძე დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა დასძენს, რომ საკრებულოს რიგით წევრად დარჩება.

„შემოთავაზება მაქვს სხვა სამსახურიდან და ეს თანამდებობა შეუთავსებელი იყო იმასთან. თუმცა, წასვლას არ ვაპირებ საკრებულოდან. შემიძლია აქაც ვიყო ჩვეულებრივად.

მე პოლიტიკური გუნდის წევრი ვარ და სადაც გუნდს დასჭირდება, იქ ვიქნები“- ამბობს დავით მიქელაძე.

რას შეიძლება უკავშირდებოდეს საკრებულოში ეს ცვლილებები? – ვკითხეთ ბათუმის საკრებულოს წევრს „ლელოდან“ ვაჟა დარჩიას. მისი თქმით, აშკარაა, რომ ეს იყო დავალება.

„ერთი კვირის წინ დანიშნული ხალხი რომ შეთანხმებული იყო ფაქტია, ხომ? ამიტომ მათი გადადგომა, რა თქმა უნდა, კითხვებს ბადებს. ხუთსაათიანი სხდომა ჩატარდა 30 ოქტომბერს, ტაშის კვრით აირჩიეს ეს ხალხი ამ თანამდებობებზე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარეები და 7 ნოემბერს ყველამ გადაწყვიტა, რომ აღარ უნდა იყვნენ ამ თანამდებობებზე? ფაქტია, რომ დავალება იყო მიღებული.

რაღაცები ისე არ გადანაწილდა, როგორც ზედა რგოლში ვიღაცებს სურდათ და მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

არანაირი თვითმმართველობა, არანაირი დეცენტრალიზაცია, არანაირი საკუთარი ნება აქ არ არსებობს. იქნება დავალება და იმას შეასრულებენ. მათი როლი მხოლოდ და მხოლოდ არის ის, რომ დავალებები შეასრულონ, თორემ აქ საკუთარი ნების საფუძველზე რომ მიეღოთ გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა სიგიჟე, მაშინ როცა ერთი კვირის წინ განსაკუთრებული ოვაციებით იღებდნენ მილოცვებს აღნიშნულ თანამდებობებზე არჩევისთვის,“- ამბობს ვაჟა დარჩია.

მისი თქმით, ლევან დავითაძეს, რომელიც ირაკლი თავდგირიძის ნაცვლად დანიშნეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ, ბათუმის მერიაში ვიცე-მერის თანამდებობა ეკავა არჩილ ჩიქოვანის დროს, შემდეგ კი სოფლის მეურნეობის სამინისტროში გადაიყვანეს.

„ირაკლი თავდგირიძე, სავარაუდოდ, საკრებულოს წევრად დარჩება, რადგან მაჟორიტარია და საკრებულოდან გასვლის შემთხვევაში მის სამაჟორიტარო უბანში ახალი არჩევნების ჩატარება გახდება საჭირო. ამ არჩევნებს ახლა არავინ ჩაატარებს.

დანარჩენებს კი, ფაქტობრივად, მხოლოდ ადგილები შეუცვალეს და ისევ დანიშნეს კომისიის თავმჯდომარეებად. ამიტომ ვუწოდე ამ ყველაფერს პროცედურული მასკარადი.

ერთკანდიდატიანი არჩევნები, ერთი გუნდის მიერ დანიშნული ხელმძღვანელები და მერე, ყველა ერთად გადაყენებული“- ამბობს ვაჟა დარჩია.

ამავე თემაზე:

ბათუმის საკრებულოში 10 დღის წინ არჩეული კომისიის ხელმძღვანელები „გადადგნენ“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: