მთავარი,სიახლეები

„ივანიშვილის ჭიშკართან ღამეც გავათენე“ – შშმ ქალი ხელვაჩაურიდან

04.11.2025 •
„ივანიშვილის ჭიშკართან ღამეც გავათენე“ – შშმ ქალი ხელვაჩაურიდან

„რაც „ოცნება“ მოვიდა, მას შემდეგ ოცნებაში გვძვრება სული. გვატყუებენ ყველგან და ყოველთვის“- ამბობს 63 წლის შადიე მოფინაძე „ბათუმელებთან“.

შადიე მოფინაძე 14 წელია ეტლით მოსარგებლეა და თავის, ასევე შშმ შვილთან, 39 წლის ამირან შაინიძესთან ერთად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს ხელვაჩაურში, სახლში, რომლის ჭერიდან წყალი ჩამოდის.

შადიე მოფინაძე 12 წლია სახლის გადახურვას და კედლების გამაგრებას სთხოვს ხელისუფლებას, თუმცა ყურადღებას არავინ აქცევს და დღესაც მთავრობის კარიდან კარზე უშედეგოდ დადის.

შადიე მოფინაძის სახლის ჭერიდან წყალი ოთახებში ჩამოდის.

შადიე მოფინაძეს უჭირს თავის მოვლა, გადაადგილება და საოჯახო საქმის კეთება. ის უმძიმეს პირობებშია. დაბზარულია ოთახები, კედლები გასამაგრებელია, ჭერიდან წყალი ჩამოდის. ყველაფერი დაობებული და დანესტილია.

„ამ სახლის დახურვას მას შემდეგ ვითხოვ, რაც ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში. ამის გამო ივანიშვილის სახლის ჭიშკართან ღამის გათენებაც კი მომიხდა შშმ შვილთან ერთად.

მაშინ ახალი მოსული იყო ხელისუფლებაში, ყველა მეუბნებოდა, მიდი და დაგეხმარებაო, მაგრამ არაფრად ჩამაგდო.

შადიე მოფინაძე შშმ შვილთან ერთად.

ჯერ პარლამენტთან მივედი და იქ რომ ვერ ვნახე, მერე მივაკითხე სახლთან. მთელი ერთი დღე და ღამე მის ჭიშკართან ვიდექით.

სახლიდან გასვლის დროსაც დამინახა და შესვლის დროსაც, თუმცა არაფრად ჩამაგდო, ყურადღება არ მომაქცია“- ამბობს შადიე.

ამ იმედგაცრუების შემდეგ მას ივანიშვილისთვის აღარ მიუმართავს.

შადიე მოფინაძის სახლში კედლები ნესტიანი და დაობებულია

შადიე გვიყვება, რომ წლების განმავლობაში აკითხავდა ხან ხელვაჩაურის მერიას, ხანაც – აჭარის მთავრობას, თუმცა მისი გასაჭირის გამზიარებელი არავინ აღმოჩნდა.

ამბობს, რომ აჭარის მთავრობის წარმომადგენელმა მხოლოდ ერთხელ, 2017 წელს, საახალწლოდ მიაკითხა სახლში, ტკბილეული მიუტანა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.

„ვაჩვენე მაშინ სახლი. ნახეთ, ხვრელებიანი კედლებია და წყალი ჩამომდის-მეთქი. მერიას დაავალა, დაეხმარეთო, მაგრამ დღესაც ასე ვართ.

პირობას გვაძლევდნენ იქამდე, სანამ კაბინეტის კარებთან და სკამთან მივიდოდნენ, მაგრამ სკამზე რომ დასხდებიან, მერე აღარ აინტერესებთ გლეხი ხალხი. თვითონ კი არიან კოშკებში“- ამბობს შადიე.

შადიე მოფინაძის საცხოვრებელი გარემო.

შადიე სოციალურად დაუცველია, მუნიციპალური სასადილოდან საკვებიც ეკუთვნის, თუმცა სიშორის გამო ეტლით მისვლას ვერ ახერხებს. გადაადგილება მის შვილსაც უჭირს.

„ყოველდღიურ საკვებს ხალხი მაწვდის. მეზობლები მეხმარებიან, მაღაზიები თითო პურს მჩუქნიან“ – გვეუბნება ის.

შადიე ამბობს, რომ როგორც შშმ პირები, ის და მისი შვილი სახელმწიფოსგან პენსიას იღებენ და ასევე, სოციალურ შემწეობას – 50-50 ლარის ოდენობით.

სხვა შეღავათი, როგორც შადიე ამბობს, არაფერი აქვს სახელმწიფოს მხრიდან. ეზოში შადიეს პატარა ბოსტანი აქვს, სადაც ცდილობს ბოსტნეული მოიყვანოს. როგორღაც ვახერხებ ეტლითო – ამბობს.

„ორი წელია შეშითაც არ დამხმარებიან. ასე, ეტლით დავდივარ და რაღაც-რაღაცებს ვაგროვებ და ისე ვთბებით ზამთარში.

აქვე, სახლის გვერდით, პატარა მიწის ნაკვეთი მაქვს და მაგისთვის მომცეს ორჯერ ნახევარი ტომარა აზოტი და სულ ეს იყო. ათწლიანი ვაუჩერი მოგვცეს, რომელიც 2 წელიწადში გაუქმდა.

გვატყუებენ ყველგან და ყველანაირად.

„ოცნება“, რომ მოვიდა, მაშინ ვთქვი, აწი ალბათ ოცნებით აგვძვრება სული-მეთქი და მართლა ასე ვართ. ოცნებაში გვძვრება სული. გვინდა რაღაც გავაკეთოთ, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებთ. მათი ოცნებები აისრულეს, ჯიბეები გაისქელეს“ – ამბობს შადიე.

ამავე თემაზე:

„12 წელია ვითხოვ დახმარებას“ – შშმ დედა-შვილი აჭარის მთავრობასთან

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: