მთავარი,სიახლეები

მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვას სააპელაციო სასამართლო 11 ნოემბერს დაიწყებს

04.11.2025
მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვას სააპელაციო სასამართლო 11 ნოემბერს დაიწყებს

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივრის განხილვა 11 ნოემბერს, 13 საათზე დაიწყება. მომხსენებელი მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილია.

მზია ამაღლობელის ადვოკატები ასაჩივრებენ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 6 აგვისტოს გამოტანილ განაჩენს, რითაც მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მზია ამაღლობელის ადვოკატები ითხოვენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი თითქმის 10 თვეა უკანონო პატიმარია. იგი გაასამართლეს სისხლის სამართლის წესით და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. პროცესი მიმდინარეობდა მის წინააღმდეგ მიმართული „ოცნების“ დეზინფორმაციის ფონზე, ცრუ მოწმე პოლიციელების გამოყენებით.

დაკავებისას მზია ამაღლობელს ღირსების შემლახავად და არაადამიანურად მოექცნენ, თუმცა პროკურატურას საქმის გამოძიება არ დაუწყია. დაკავების დღიდან, პროტესტის ნიშნად, მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მას პატიმრობაში მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.  

2025 წლის 22 ოქტომბერს მზია ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო.

ამ თემაზე:

„დგებუაძისთვის გაწნილი სილა არ უკავშირდება მის საქმიანობას“ – მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: