მზია ამაღლობელისთვის ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოს, სახაროვის პრემიის მინიჭებას ჰაინრიხ ბიოლის ფონდი ეხმაურება.
„გულითადად ვულოცავთ მზია ამაღლობელს სახაროვის პრემიის მიღებას.
ონლაინგამოცემები – „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“, რომლებიც მან დააარსა და ხელმძღვანელობს, საქართველოში უმნიშვნელოვანესი მედიასაშუალებებია.
ისინი იცავენ კრიტიკული და ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპებს ტოლერანტულ, დემოკრატიულ და კონსტიტუციით დაცულ საქართველოში – ისეთ საქართველოში, რომლისკენაც ასე ისწრაფვის საზოგადოება.
სწორედ ამიტომ, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი უკვე მრავალი წელია „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ ახლო პარტნიორია.
მზია ამაღლობელის ორწლიანი პატიმრობა პოლიტიკური ზეწოლისა და დაშინების აშკარა მცდელობას წარმოადგენს.
მოვითხოვთ, მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და საქართველოში დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ყველა სახის რეპრესიის შეწყვეტას“, – ნათქვამია ჰაინრიხ ბიოლის ფონდის განცხადებაში.
მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლება გუშინ მოითხოვა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.
2025 წლის 22 ოქტომბერს ევროპარლამენტმა პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები: მზია ამაღლობელი და ანდრეი პოჩობუტი ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდოს, სახაროვის პრემიის გამარჯვებულებად გამოაცხადა.
ეს პრემია ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოა ადამიანის უფლებების სფეროში.
ჯილდო ყოველწლიურად გაიცემა სხვადასხვა სფეროში გაწეული ძალისხმევისათვის, იქნება ეს ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლების დაცვა, დემოკრატიის განვითარება, კანონის უზენაესობის დაცვა, უმცირესობის უფლებები და საერთაშორისო სამართლის პატივისცემა.
სახაროვის პრემია 1988 წელს, როცა ის დაარსდა, პირველად გადაეცა ნელსონ მანდელას, სამხრეთ აფრიკის პირველ პრეზიდენტს და აპარტეიდის წინააღმდეგ მებრძოლ აქტივისტს.
ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 285 დღეა უკანონო პატიმარია. იგი გაასამართლეს სისხლის სამართლის წესით და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. პროცესი მიმდინარეობდა მის წინააღმდეგ მიმართული „ოცნების“ დეზინფორმაციის ფონზე, ცრუ მოწმე პოლიციელების გამოყენებით. დაკავებისას მზია ამაღლობელს ღირსების შემლახავად და არაადამიანურად მოექცნენ, თუმცა პროკურატურას საქმის გამოძიება არ დაუწყია. დაკავების დღიდან, პროტესტის ნიშნად, მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მას პატიმრობაში მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.
მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.






