მთავარი,სიახლეები

მწყობრიდან გამოსული, ჩაუბარებელი და გაჭიანურებული პროექტები, რომელშიც მილიონები დაიხარჯა

05.11.2025 •
მწყობრიდან გამოსული, ჩაუბარებელი და გაჭიანურებული პროექტები, რომელშიც მილიონები დაიხარჯა

მუნიციპალური განვითარების ფონდი ბათუმში მრავალმილიონიან, მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს, რამდენიმე პროექტი უკვე დაასრულა, თუმცა რიგი გამოწვევები ამ პროექტებთან დაკავშირებით ჯერ ისევ დღის წესრიგშია.

ძველ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ისტორიული შენობების ფასადების აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესი დაწყებულია და ჯერ არ დასრულებულა.  ამავე ფონდმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე ბათუმში რეაბილიტირებული ხეივანი პომპეზურად, პრემიერ-მინისტრის თანდასწრებით გახსნა, 2025 წლის ზაფხულში კი ხეივნის ინფრასტრუქტურა უკვე მწყობრიდან გამოსული იყო; ახალი ბულვარიდან აეროპორტის ასაფრენ ზოლამდე მოწყობილ ზღვისგან დამცავ ნაგებობას კი, რომლის მშენებლობაც 2022 წელს დასრულდა, ბათუმის მერია დღემდე არ იბარებს.

„ბათუმელებმა“ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ადგილზე შეისწავლა ფონდის კიდევ ერთი პროექტის, კურორტ აბასთუმნის რეაბილიტაცია- რესტავრაციის პროცესი, რომელიც 2019 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება.

ოთხივე პროექტს მუნიციპალური  განვითარების ფონდი ახორციელებს ან ახორციელებდა. ამ პროექტებისთვის ბიუჯეტიდან ასობით მილიონი ლარი იხარჯება. რამდენად ეფექტურია სამუშაოების მიმდინარეობის, ხარისხის და ხარჯვის კონტროლი? –  ამაზე კითხვები „ბათუმელებს“ ადრეც ჰქონდა, თუმცა პასუხებს ვერ ვიღებდით.

2025 წლის ოქტომბერში, უკვე ოფიციალურად გავიგეთ, რომ საქმე არც ისე კარგად მიდიოდა.

„ოცნების“ მთავრობაში ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, მუნიციპალური განვითარების ფონდის 214 მიმდინარე პროექტიდან 161 პროექტი, რომელთა ჯამური ღირებულება 1 მილიარდ ლარს აღემატება, პრობლემური იყო. ამის შესახებ მან პარლამენტში განაცხადა.

რამდენიმე კვირის წინ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულ, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ  დირექტორს, დავით ტაბიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 300 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა.

30 ოქტომბერს კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, კობა გაბუნია დააკავეს. ის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კურატორი იყო. გამოძიების ფარგლებში პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკა ჩატარდა დაკავებულ კობა გაბუნიას, რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის და სხვა პირების სახლებში – 20 სხვადასხვა ობიექტზე.

ამ ფონზე „ბათუმელები“ კიდევ ერთხელ დაინტერესდა იმ პროექტებით, რომლებსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

  • გმირთა ხეივნის მოწყობის პროექტი

2024 წლის 5 ივნისს საქართველოს მთავრობამ საზოგადოებას ამცნო, რომ ბათუმში 2021 წელს დაწყებული პროექტის, ჟიული შარტავას სახელობის გმირთა ხეივნის სრული რეაბილიტაცია და საფეხმავლო სახიდე გადასასვლელების მშენებლობა დასრულდა. გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ „ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე, რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და მთავრობის სხვა წევრები.

ამ პროექტისთვის ბიუჯეტიდან 25 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა.

მთავრობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო სარწყავი სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, კომერციული და მოსასვენებელი სივრცეები, შადრევნები, ველოსადგომები, დამონტაჟდა სხვადასხვა სახის დეკორატიული სანათები.

ასევე, დასრულდა ხეივნის მონაკვეთების დამაკავშირებელი 3 ლითონკონსტრუქციის საფეხმავლო გადასასვლელი ხიდის მშენებლობა. შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის ხიდებზე განთავსდა ლიფტები.

გახსნიდან ერთი წლის შემდეგ გმირთა ხეივნის ინფრასტრუქტურა გამართული არ არის და არც უსაფრთხოა, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის. შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტები, რომლითაც მათ ხიდზე ასვლა უნდა შეეძლოთ, დაკეტილია.

ამ თემაზე ბათუმელებმა ვრცელი სტატია 2025 წლის 30 ივლისს გამოაქვეყნა, ამის შემდეგ არაფერი შეუცვლიათ.

  • ძველი ბათუმის რეაბილიტაციის პროექტი

ძველი ბათუმის ფასადების რეაბილიტაცია-რესტავრაციის 200-მილიონიანი პროექტი 2023 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ისე დაიწყო, რომ პროექტი, რომლის მიხედვითაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო, რეალურად არავის უნახავს. „ბათუმელებს“ რამდენიმე სხვადასხვა ობიექტზე დასაქმებულმა პირმა დაუდასტურა, რომ რესტავრატორი არ არის.

ადგილზე ტენდერში გამარჯვებული „საბა კონსტრაქშენი“ მუშაობდა. სამუშაოების შესრულება კომპანიას Design-Build მეთოდით ევალებოდა. ამ საკითხზე მუშაობისას ჩვენ „საბა კონსტრაქშენსაც“ დავუკავშირდით, თუმცა აქ გვითხრეს, რომ ყველა კითხვით დამკვეთისთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის უნდა მიგვემართა.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჩვენს კითხვებს არ უპასუხა – ინფორმაცია წერილობით გამოითხოვეთო. წერილის პასუხი მივიღეთ, თუმცა ფონდიდან არასრულად გვიპასუხეს, თან ისე, რომ თავი აარიდეს მთავარ კითხვას, თუ კონკრეტულად ვინ, რომელმა სპეციალისტებმა მოამზადეს ძეგლების რეაბილიტაციის პროექტი.

ფონდის პასუხი

ბათუმში, სადაც ძეგლების დასაცავად მოქალაქეები აქციებს მართავდნენ, მათ გადასარჩენად კი სასამართლოში რამდენიმე მიმდინარე დავა აქვთ, არ ვიცით, ვინ მოამზადა ძველი ბათუმის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი, რა გამოცდილება აქვთ და სარგებლობენ თუ არა პროექტის ავტორები საზოგადოების ნდობით.

  • ნაპირგამაგრება

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ბათუმში კიდევ ერთი მრავალმილიონიანი პროექტი განხორციელდა. საუბარია ახალი ბულვარიდან აეროპორტის ასაფრენ ზოლამდე მოწყობილ ზღვისგან დამცავ ნაგებობაზე, რომლის მშენებლობაც 2022 წელს დასრულდა.

ამ ნაგებობის მოწყობასა და მიმდებარე სანაპირო ზოლის აღდგენაში ქვეყნის ბიუჯეტიდან 56,9 მილიონი ლარი დაიხარჯა.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტი 3 წლის წინ დასრულდა, ნაგებობის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობას არცერთი სახელმწიფო თუ მუნიციპალური ორგანო არ იღებს.

ამ მრავალმილიონიან ნაგებობას ბათუმის მერია არ იბარებს – ფონდის მიერ შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტს ბათუმის მერია ხელს არ აწერს.

რატომ არ იყო კოორდინაცია უწყებებს შორის თავის დროზე და ვინ არის ამ ნაგებობის მოვლაზე პასუხისმგებელი ? – „ბათუმელები“ ამ საკითხებით არაერთხელ დაინტერესდა.

ამ საკითხზე 2024 წელს „ბათუმელების“ შეკითხვების პასუხად საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მოგვწერეს:

„საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, ფონდის დაკვეთით, 2020 წლის თებერვლის თვეში [2022 წლის თებერვლის თვეში ასევე დასრულდა ე.წ. „დეფექტების აღმოფხვრის პერიოდი“] დასრულდა ბათუმის ნაპირ-დაცვისა და სანაპირო ზოლის ნაწილის მოწყობის სამუშაოები. აქედან გამომდინარე, აღნიშნული პერიოდის შემდეგ ფონდის უფლებამოსილებებსა და კომპეტენციას სცილდება ობიექტის ფლობასთან, სარგებლობასთან, ექსპლუატაციასთან, მოვლა-პატრონობასთან ან/და მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები“.

მიღება-ჩაბარების აქტის ის [შესწორებული] ვარიანტი, რაც „ბათუმელებს“ აქვს, 2022 წლის 7 დეკემბრით თარიღდება და გადაგზავნილია ბათუმის მერთან ხელმოსაწერად, თუმცა მას ხელს მხოლოდ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი აწერს.

ამ აქტის მიხედვით, დამცავი ნაგებობის საბალანსო ღირებულება 56 960 486 ლარია და ფონდი ამ ობიექტს ბათუმის მუნიციპალიტეტს გადასცემს ბალანსიდან-ბალანსზე, უსასყიდლოდ, გრანტის სახით.

ფონდიდან ბათუმის მერიაში გადაგზავნილ წერილებზე, ბათუმის მერიას, როგორც ჩანს, პასუხები არ გაუცია. ჩვენ გასულ წელს აღნიშნული წერილების პასუხები ბათუმის მერიისგანაც გამოვითხოვეთ და მუნიციპალური განვითარების ფონდიდანაც, თუმცა ეს წერილები არცერთი უწყებიდან არ მიგვიღია.

აღნიშნული ობიექტი არც დღევანდელი მონაცემებით აქვს ჩაბარებული ბათუმის მერიას. ეს საჯარო რეესტრის მიხედვით დგინდება იმით, რომ მუნიციპალური ფონდის აღნაგობის უფლება სანაპირო ზოლზე მოხსნილი არ არის, ანუ 2022 წლის შემდეგ ახალი ამონაწერი არ გაკეთებულა და ის ტერიტორია, რომელიც ბათუმის საკუთრებაშია და დამცავი ნაგებობაა მოწყობილი – აღნაგობის უფლებით კვლავ მუნიციპალური განვითარების ფონდზე გადაცემულად ფიქსირდება.

ამ თემაზე: დაუცველი სანაპირო ბათუმში და დამცავი კედელი, რომელსაც ზღვა შლის | ფოტო

  • აბასთუმანი

მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით აბასთუმანში მას შემდეგ დაიწყო, რაც კურორტით ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა. 2018 წლიდან დღემდე საჯარო უწყებებმა აბასთუმანში ინფრასტრუქტურული პროექტები ასობით მილიონი ლარით დააფინანსეს, ამ პროექტებთან დაკავშირებული შესყიდვების ფარგლებში სამუშაოების შესრულებაზე კონტრაქტების უმეტესობა კი „ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა  კომპანიებმა მიიღეს.

კურორტის  რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტი ისევ მიმდინარეობს. ჯერ არ დასრულებულა ე.წ. შემოვლითი გზის მშენებლობის სამუშაოები. აბასთუმანი–ბაღდათის გზის მშენებლობა შეაჩერეს მას შემდეგ რაც აქ „ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ჩავიდა. პროექტის შეჩერება ახსნეს ახალი პროექტით, რომლის მიხედვითაც სატრანსპორტო გზამ კურორტზე აღარ უნდა გაიაროს. ივანიშვილი ამბობდა, რომ აბასთუმანში ელექტრომობილებს შეიყვანდა.

აქ ჯერ ისევ მიმდინარეობს ისტორიული სახლების რეაბილიტაციის პროცესი.

ამის პარალელურად თავდაპირველი ვადების მიხედვით ვერ დასრულდა ძველი სანატორიუმების აღდგენის პროცესი.

ამავე თემაზე: 

ვინ და როგორ გაინაწილა აბასთუმანი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: