მთავარი,სიახლეები

ვინ არის 12 დეპუტატი, რომლებიც გახარიას პარტიიდან პარლამენტში შედიან

20.10.2025
ვინ არის 12 დეპუტატი, რომლებიც გახარიას პარტიიდან პარლამენტში შედიან

დღეს, 20 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტში შედის.

გელა აბულაძე, ჯემალ ანანიძე, ქეთევან ბაკარაძე, რუსუდან თევზაძე, მალხაზ თორია, შალვა კერესელიძე, სალომე კობალაძე, გიგა ფარულავა, ვიკა ფილფანი, გიორგი შარაშიძე, თამარ ხვედელიანი, სოფო ხორგუანი – ეს იმ დეპუტატთა ჩამონათვალია, რომლებიც გახარიას პარტიის სახელით, პარლამენტში შევლენ.

პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება „საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი შარაშიძემ სპეციალურ ბრიფინგზე დაადასტურა.

გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ  პარლამენტის ბოიკოტმა და მანდატებზე უარის თქმამ „ოცნების“ ბოროტების მანქანა ვერ შეაჩერა და  ქვეყნისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების პრევენცია ვერ შეძლო.

„პარლამენტის ბოიკოტმა, რაც მთელი პოლიტიკური პროცესის ბოიკოტში გადაიზარდა, ოპოზიცია, ფაქტობრივად, გააქრო პოლიტიკური ასპარეზიდან. შედეგად, „ოცნებას“ შესაძლებლობა მიეცა ძალიან სწრაფად, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, ემოქმედა და დაემძიმებინა ავტორიტარიზმი, რამაც 4 ოქტომბრის პროვოკაციამდე მიგვიყვანა.
ჩვენ არავის ვადანაშაულებთ, გარდა საკუთარი თავისა.

ერთი წლის წინ ვერ შევძელით საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის დარწმუნება, რომ პარლამენტის მანდატების გაუქმება შეცდომა იყო, ამას კი მოჰყვა მოვლენათა ჯაჭვი, რამაც მიგვიყვანა დღევანდელ მძიმე მდგომარეობამდე, მაგრამ დღეს ჩვენ აღარ ვაპირებთ არც საკუთარი შეცდომების ტყვეობაში და არც ილუზიებში დარჩენას და თავის მოტყუებას[…]

ვიწყებთ ხალხისთვის განკუთვნილი ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტისა და პლატფორმის ხალხის სამსახურში დაბრუნებას, რადგან საქართველოს წარმომადგენლობითი ორგანოები, მუნიციპალურ დონეზე საკრებულოები და ეროვნულ დონეზე პარლამენტი არ ეკუთვნის „ოცნებას“ და ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ ქართველ ხალხს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით, გახარიას პარტიამ პარლამენტში 12 მანდატი მოიპოვა. თუმცა იმის გამო, რომ პარტიის წევრები პარლამენტში არ შევიდნენ,  „ქართული ოცნების“ პარლამენტმა „გახარია საქართველოსთვის“ პარტიული სიით არჩეულ 12 წევრს გაცდენების გამო მანდატები გაუუქმა და მათი ადგილმონაცვლეების უფლებამოსილება ცნო.

კერძოდ, „ოცნებამ“ გელა აბულაძის, ჯემალ ანანიძის, ქეთევან ბაკარაძის, რუსუდან თევზაძის, მალხაზ თორიას, შალვა კერესელიძის, სალომე კობალაძის, გიგა ფარულავას, ვიკა ფილფანის, გიორგი შარაშიძის, თამარ ხვედელიანის და სოფიო ხორგუანის უფლებამოსილება ცნო.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ. მათ პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს და საარჩევნო სიებიც ჩახსნეს. გახარიას პარტიას ბარიერგადალახული სხვა პარტიებისგან განსხვავებით, საარჩევნო სია არ ჩაუხსნია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: