„როცა ბავშვს აშინებ, ემუქრები, ვერ მიიღებ მისგან კარგ შედეგს, ხომ?! ასეა აღზრდაშიც.
ან რატომ უნდა შემაშინო ომით. მხოლოდ იმიტომ, რომ მინდა ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდე? ესეც ხომ გასააზრებელია“ – ამბობს ელენე ბეთლემიშვილი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრი.
ელენე ბეთლემიშვილი გორის მე-3 და მე-8 საჯარო სკოლებში დაწყებით საფეხურზე ასწავლის.
„ბათუმელები“ პედაგოგს ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე და იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე ესაუბრა, რომლის წინაშეც ქვეყანა „ქართული ოცნების“ ანტიევროპულმა პოლიტიკამ დააყენა.
„მახსოვს, როგორ ზეიმობდა მთელი ქვეყანა ვიზალიბერალიზაციას და ყველა ვხედავთ, რამდენი სიკეთე მოიტანა ევროპასთან უვიზო მიმოსვლამ კონკრეტული ადამიანების, ოჯახების დონეზე. წლების განმავლობაში უნახავი ოჯახის წევრები მოინახულეს ადამიანებმა და ამის ბევრი ისტორია არსებობს.
ყველამ ვიცით, ჯანდაცვის კუთხით ადამიანები როგორ კარგად სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით. მეგობარი მყავს, რომელიც საფრანგეთში მკურნალობს, რადგან ვერასდროს იმკურნალებს და ვერ გასწვდება იმ ხარჯებს, რასაც ეს ქვეყანა აძლევს მას სრულიად უფასოდ.
განათლება ავიღოთ. ყველას გვინდა რომ განვვითარდეთ, ხომ?! გვინდა ევროპული ხარისხის სტანდარტებს მივაღწიოთ სკოლაში, უმაღლეს განათლებაში. ძალიან ბევრი პროგრამით ისარგებლეს მასწავლებლებმაც, ნახეს ევროპის სკოლები, გაეცნენ საერთაშორისო გამოცდილებებს. მოსწავლეებისთვის არსებობს ასევე ძალიან კარგი პროგრამები, სტუდენტები „ერასმუსით“ სარგებლობენ და ეს ყველაფერი თუ შეგვეზღუდება საქართველოს მოქალაქეებს, ძალიან ცუდი იქნება.
ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გადის სამუშაოდ ევროპაში.
პოლიტიკური რეპრესიების გამო ბევრი ადამიანი გამოუშვეს სამსახურებიდან. როგორ იცხოვრონ ამ ადამიანებმა? ისინიც ცდილობენ, რომ წავიდნენ ევროპაში და ასე გადარჩნენ.
ვიზალიბერალიზაციის დაკარგვით, ერთია ის, რომ ვკარგავთ კომფორტული მოგზაურობის და ცხოვრების შესაძლებლობას, მაგრამ მეორეა ის, რომ ჩვენ ფაქტობრივად ვკარგავთ ქვეყანას. წარსულში ვბრუნდებით და ამ საწყისზე დაბრუნებას თაობები დასჭირდება ისევ“- ამბობს ელენე ბეთლემიშვილი.
ევროპისგან მოწყვეტა, მას აგონებს საბჭოთა წარსულს და საბჭოთა რეპრესიებს.
„პატარა აღარ ვარ და კარგად მახსოვს რა გამოვიარეთ, როგორი მძიმე წლები გვქონდა ცხოვრებაში. ბევრი ადამიანის ისტორია მახსოვს, გაუსაძლის პირობებში რომ უწევდათ გადარჩენა, ემიგრაციაში წასვლა, რომ ოჯახები გადაერჩინათ.
სკოლა 1991 წელს დავამთავრე და მახსოვს ის დღე, როცა კლასელებთან ერთად წავედი აქციაზე, სადაც კომკავშირელის მანდატები დავწვით. ეს საყოველთაო პროტესტი იყო.
ისიც მახსოვს, მეორე დღეს სკოლაში როგორ გაგვიყვანეს ცალკე ეს შვიდი მოსწავლე და გვისაყვედურეს. ასეთი საყვედურების თუ რეპრესიების შიში დღესაც აკავებს ბევრ ადამიანს, რომ ხმა აიმაღლოს. ამიტომ, მგონია, რომ მეტი სიზუსტე, მეტი კონკრეტიკა სჭირდებათ ადამიანებს ამ ბრძოლაში. ხომ იცით, პროპაგანდაც როგორც მუშაობს. ამიტომ ბევრი კითხვა უნდა დავუსვათ ხოლმე ამ პროპაგანდას. თუნდაც იმაზე, რომ აი, ხომ მოაწერეს სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი?! ხომ გამოხატეს პროდასავლური მიზნები, დაიწყო ომი სომხეთში?!
ფაქტია, რომ არა, ხომ?!
ან რატომ უნდა შემაშინო ომით. მხოლოდ იმიტომ, რომ მინდა ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდე?! თუ ევროკავშირში შევალ, მემუქრები?! – ესეც ხომ გასააზრებელია.
როდის იყო მუქარით კარგი შედეგი მიიღებოდა. აღზრდაშიც ასეა ხომ?! როცა ბავშვს აშინებ, ემუქრები, ვერ მიიღებ მისგან კარგ შედეგს“ – ამბობს მასწავლებელი.
მისი თქმით, მას ვერ წარმოუდგენია ისეთ სახელმწიფო ცხოვრება, რომელიც შეიძლება მოწყდეს განვითარებას და ევროპულ ცივილიზაციას.
„წარმოდგენაც არ მინდა ხოლმე ამის.
ვხედავთ ხომ რა ხდება რუსეთში. იქ მცხოვრები ადამიანებიც საუბრობენ რომ დაუბლოკეს YouTube-ი, მიიღეს კანონი, რომელიც გუგლში გარკვეული სიტყვების მოძიებისთვისაც კი სჯის ადამიანებს, იდევნება ნებისმიერი ოპოზიციური აზრი. არც კი ვაძლევ ჩემს გონებას იმის უფლებას, ეს წარმოვიდგინო ჩემს ქვეყანაში. ძალიან მაშინებს, რადგან ასეთ ქვეყანაში გინდ გიცხოვრია და გინდ არა, ფაქტობრივად მომავალი არ გაქვს“ – ამბობს ელენე ბეთლემიშვილი.
მისი თქმით, სულ ფიქრობს ერთობის აუცილებლობაზე, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება ამ ქვეყნის მომავლის გადარჩენას.
„სულ ვფიქრობ ხოლმე, რომ ერთობა ძალიან მნიშვნელოვანია ახლა. წინააღმდეგობრივი მუხტი გვჭირდება.
რაც ეს საპროტესტო აქციები ტარდება, სულ ვფიქრობ, თუნდაც მასწავლებლების ერთობაზე. რა მოხდება სამი, ოთხი, ხუთი დღე რომ უარი ვთქვათ სამსახურზე? ხვდებით ხომ, როგორი დისონანსი შეიძლება შეიტანოს ამან ყველაფერში და როგორი შედეგიანიც შეიძლება აღმოჩნდეს ეს ჩვენს გადასარჩენად.
რაღაც ცვლილებაა საჭირო, რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, რომ შეიცვალოს ქვეყანაში მდგომარეობა. სულ ვსაუბრობ ადამიანებთან, მინდა რაღაც ემპათია გავუჩინო, დავაფიქრო იმ ცუდ შედეგებზე, რაც შეიძლება მოჰყვეს ჩვენი ევროპული მომავლის დაკარგვას.
მეტი სამუშაოა ადამიანებთან და დარწმუნებული ვარ, ყველა გაიხსენებს იმ სიკეთეებს, რომელიც უვიზო მიმოსვლით მიუღია მას, როგორც ერთ ადამიანს“ – გვეუბნება ელენე ბეთლემიშვილი.
მისი თქმით, რთულია სწორ ღირებულებებზე ელაპარაკო ბავშვებს კლასში, როცა გარეთ სხვა მაგალითებს ხედავენ.
„ვინც პოლიტიკაშია, ისინიც ხომ არიან ამ ბავშვებისთვის მოდელები? ხედავენ ტელევიზორში როგორ იქცევიან ისინი თუნდაც პარლამენტში, როგორ ჩხუბობენ, ფიზიკურად უსწორდებიან ერთმანეთს. შენ სხვა მორალურ ღირებულებებზე ზრდი, მაგრამ შეიძლება ქარმა წაიღოს შენი სიტყვები ამ რეალობის შემყურე.
მოსწავლეებს ვეუბნებით, ჩვენი დანიშნულება არ არის მხოლოდ ის, რომ პროფესია გვქონდეს და პირადი კეთილდღეობისთვის ვიზრუნოთ, სამყაროსთვისაც უნდა გააკეთო რაღაც კარგი.
მაგრამ სკოლაშიც ვაწყდებით ხოლმე განსხვავებულ ღირებულებებს. შეიძლება შენ ერთს ასწავლი ბავშვს და მეორე მასწავლებელი სხვა რამეს ეუბნება.
რატომ გვინდა ევროპული სახელმწიფო? იმიტომ, რომ იქ პრიორიტეტულია ადამიანი, მისი უფლებები, მისი სიცოცხლე, განათლება, ჯანმრთელობა.
პოლიციელების მოქმედება ავიღოთ თუნდაც. არავინ უარყოფს, რომ დამნაშავე უნდა დაიჭირო, მაგრამ დაკავებულსაც უნდა მოექცე ადამიანურად.
„მოზარდი”, ასეთი სერიალია, რომელიც ბრალდებული ბავშვის ისტორიას გვიყვება და ვხედავთ, როგორ ეპყრობიან პოლიციელები, როგორი სანიმუშოა მათი ქცევა.
მოზარდს ეპყრობიან პატივისცემით, როგორც ადამიანს, პიროვნებას და ეს არის ევროპული ღირებულება, ეს მგონია მნიშვნელოვანი და არა ძალადობის გამოვლინება. დაკავებაც შეიძლება ადამიანურად მოხდეს და არა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფებით და გული მტკივა ხოლმე, როცა ამის საპირისპიროს ვხედავ.
ვისაც შეუძლია ამაზე დამაჯერებლად და არგუმენტირებულად საუბარი, ვფიქრობ უფრო მეტი უნდა ისაუბრონ ასეთ თემებზე“ – ამბობს ელენე ბეთლემიშვილი.
მისი თქმით, საქართველოსთვის ევროპული სივრცის ჩაკეტვა, ზიანს მოუტანს ყველა სფეროს. მათ შორის სამოქალაქო სივრცეებს.
„სკოლებს ფაქტობრივად გადაუკეტეს ახალი ცოდნის მიღების შესაძლებლობა, რადგან არასამთავრობოებს აღარ ეძლევათ შესაძლებლობა ითანამშრომლონ სკოლებთან.
აიძულებენ „უცხო ქვეყნის აგენტებად“ დარეგისტრირდნენ და რა თქმა უნდა, არ უნდა დარეგისტრირდნენ, რადგან ვიცით, რამდენ სიკეთეს აკეთებენ ისინი ჩვენი ქვეყნისთვის.
გორის მაგალითი ავიღოთ, ახალგაზრდა ფოტოგრაფთა საზოგადოებაა, რომლებმაც მიტოვებული, დანაგვიანებული ადგილი აიღეს. საშინელი მდგომარეობა იყო იმ შენობაში, გაწმინდეს, მოაწესრიგეს და შექმნეს არაჩვეულებრივი საზოგადოებრივი, პროგრესული სივრცე. აწყობენ გამოფენებს და ძალიან საინტერესო შეხვედრებს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. ბავშვებიც მიდიან, ხატავენ, წერენ, ვორქშოფები ეწყობა.
„ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის“, – ეს ბანერიც მათ გამოფინეს. უნდათ, რომ გორი ახსოვდეთ როგორც მერაბ მამარდაშვილის ქალაქი და არა სტალინის, მაგალითად.
როგორ შეიძლება ასეთი ადამიანები „აგენტებად“ შერაცხონ. გაოგნებული ვარ. ახლა კი ეუბნებიან, რომ შენობა დაცალონ, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე“ – ამბობს ელენე ბეთლემიშვილი.
________________
ამ თემაზე:
„ამდენ ყვარყვარეში და ამდენ ჯაყოში ბავშვებს გაუჭირდებათ სწორი მხარე იპოვონ“ – მასწავლებელი






